ქართული ღვინო ჩეხეთის საერთაშორისო გამოფენაზე

  მიმდინარე წელს, 29-31 მაისს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღში გაიმართა ღვინის საერთაშორისო გამოფენა – „Wine Prague 2017“.

გამოფენა ყოველწლიურად ტარდება და მისი მასშტაბები სულ უფრო და უფრო იზრდება. საქართველოს მხარე პრაღის გამოფენაზე ნამდვილად ღირსეულად წარსდგა, რაზეც ისიც მეტყველებდა, რომ ქართულ სტენდთან ყოველთვის ხალხმრავლობა და დიდი ინტერესი აღინიშნებოდა. ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი გვქონდა “ENPARD-ის” პროექტის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივების ღვინოები იმერეთისა და რაჭის რეგიონებიდან: ალექსანდროული, ჩხავერი, ციცქა, ცოლიკოური, ოცხანური საფერე და ციცქასა და ოცხანური საფერეს კუპაჟი. გარდა ამისა გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჭაჭა და ქართული ოჯახური ბრენდიც.

ჩვენს მიერ წარმოდგენილი ღვინოები დაყენებული იყო ქვევრში, რითიც გამოფენის ვიზიტორები განსაკუთრებით ინტერესდებოდნენ. მოსულ  სტუმრებს ღვინოს სთავაზობდნენ პროექტების: „PIN-ისა“ და „ელკანას“ თანამშრომლები. გარდა სასმელისა ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ბიოლოგიურ მეურნეობათ ასოციაცია ელკანას პროექტის ფარგლებში გამოცემული ნაშრომს ­- „ღვინის დაყენება ქვევრში“, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე. ქართულ სტენდს ამშვენებდა ქვევრი, ორშიმო და ქვევრის სარცხი.

გამოფენის მსვლელობის დროს დამყარდა არაერთი საინტერესო კონტაქტი, რაც იმედს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ჩეხეთის ბაზარზე ქართულ ტრადიციულ ღვინოს ნამდვილად აქვს მომავალი. გარდა ჩეხეთისა და ქართული მხარისა გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: სამხრეთ აფრიკის, ესპანეთის, საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიის, გერმანიის, უნგრეთისა და სხვა ქვეყნების ღვინოები.

გვინდა განსაკუთრებით აღვნიშნოთ, რომ ქვევრში დაყენებული ღვინის ცნობადობა მსოფლიოში სულ უფრო და უფრო იზრდება და იძენს პოპულარობას. ქართული მხარისათვის ნამდვილი მოულოდნელობა იყო ჩეხეთში, მორავიის მხარეში „ქვევრის კლუბის დაარსება“,

რომელიც ამავე გამოფენაზე იყო წარმოდგენილი საქართველოდან ჩატანილ ქვევრებში დაყენებული ღვინით. ინფორმაციას ჩეხეთის ქვევრის კლუბის შესახებ უახლოვეს პერიოდში შემოგთვაზებთ.

ქვევრში დაყენებული ღვინო გარდა ქვევრის კლუბისა ცალკეულ პიერბსაც ჰქონდათ წარმოდგენილი. ამ გარემოებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი ქვევრი და ქვევრში დაყენებული ღვინო მსოფლიო ღვინის სამყაროსთვის განსაკუთრებული ინტერესს წარმოადგენს, რაც, მეორე მხრივ ერთიორად ზრდის შანსს, რათა ჩვენ ჩვენი ღირსეული პროდუქციით დავიმკვიდროთ ღვინის მსოფლიო ბაზარი.

გიორგი ბარისაშვილი

მცხეთა, 2017 წ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.