აბაშაში მეფუტკრეეთა ალიანსი დაფუძდა 

მეფუტკრეებმა სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად დარგის გასავითარებლად აბაშაში დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსი დააფუძნეს.

მეწარმე ედუარდ მელია, რომელიც მეფუტკრეობას 30 წელზე მეტია ეწევა, ამბობს, რომ ქართველ მეფუტკრეებს ევროკავშირის სტანდარტების მისაღწევად ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და მეტი განათლების მიღება სჭირდებათ.

„მეფუტკრეობა სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი ინტელექტუალური დარგია და ის ითხოვს ახალ რელსებზე გადასვლას. მაგრამ ამ ეტაპისთვის ჩვენი მეფუტკრეები მუშაობენ იმ ძველი მეთოდებით, რომლებიც სამრეწველო პოტენციალს ვერ აკმაყოფილებს. ამისათვის არის სწორედ ეს ჩვენი გაერთიანება, რომ თითოეულ ფერმერამდე მივიტანოთ ახალი ნოვაციები, ახალი ტექნოლოგიები“, _  გვითხრა მეფუტკრემ, რომელიც მოგვიანებით ფერმერებმა ალიანსის თავმჯდომარედ აირჩიეს.

მეფუტკრეები გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით და მათ სჭირდებათ პროფესიული განათლების მიღებაში ხელშეწყობა, რომ ევროპის ბაზარზე თავიანთი პროდუქტის რეალიზაცია შეძლონ, _  გვითხრა სავაჭრო-სამრეწველო პალატის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შალვა აგუმავამ.

„მეფუტკრეობა სამეგრელოში ერთ-ერთი წამყვანი დარგია. ისინი წინ არიან საქმეში წასულები. მათ განათლების მხრივ სჭირდებათ ხელშეწყობა, და ამასაც ვუზრუნველვყოფთ სწავლების კურსებით და და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, რომ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი თავიანთი პროდუქტების რეალიზებაში“, _ განაცხადა შალვა აგუმავამ.

პალატის პრეზიდენტის ნინო ჩიქოვანის თქმით, დარგობრივი ასოციაციების შექმნა ევროპაში აპრობირებული პრაქტიკაა.

„პალატის ძირითადი მიმართულება რეგიონული მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობა და დარგობრივი კლასტერების, ასოციაციების ჩამოყალიბებაა. გვინდა ეს კლასტერები და სტანდარტები განვითარდეს, დაინერგოს საქართველოში. საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს ძალიან სასარგებლოა მცირე და საშუალო კომპანიებისთვის“, _ განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსში 130-მდე ფერმერი გაერთიანდა.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის დახმარებით, ფერმერებმა ზუგდიდში კივის ასოციაციაც დააფუძნეს, მათი მიზანიც პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება და მისი ევროპის ბაზარზე გატანაა.

წყარო: www.livepress.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.