ადგილობრივი ფერმერები თამბაქოს გაყიდვას აქციზის და დაფასოების გარეშე შეძლებენ

„ფერმერები აქციზის და დაფასოების გარეშე შეძლებენ თამბაქოს რეალიზებას“ – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სხდომაზე განაცხადა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა.
თამბაქოსთან დაკავშირებით მიღებულმა რეგულაციებმა შესაბამისი გავლენა იქონია მაღალმთიან აჭარაში თამბაქოს მწარმოებლებზე, ფერმერებზე. ამიტომ გუშინ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად დადგინდა, რომ ფერმერები აქციზის და დაფასოების გარეშე შეძლებენ თამბაქოს რეალიზებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებას, არ დაიჩაგროს გლეხი და მინდა, ამისთვის კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა საქართველოს ფინანსთა მინისტრს და საქართველოს პრემიერ მინისტრს”,- განაცხადა რიჟავაძემ. 

 

მანამდე შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან, დაუფასოებელი სახით იკრძალება ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის (მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს) რეალიზაცია და მიწოდება.

ასევე, 21 ნოემბრიდან, აქციზური მარკირების გარეშე იკრძალება ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაცია. დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება (მ.შ. ნაშთად არსებულის) გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პირველ ჯერზე-2000 ლარის, ხოლო განმეორებისას-4000 ლარის ოდენობით.

აქციზური მარკით სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა, შენახვა, რეალიზაცია იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (საქონლის ჩამორთმევა, შინაპატიმრობა, თავისუფლების აღკვეთა).

წყარო: imedinews.ge