აგროდაზღვევის პროგრამა ამოქმედდა

საქართველოს მთავრობის მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე აგროდაზღვევის  პროექტი დაამტკიცა.  აგროდაზღვევის პროგრამაში წლეულს  სახელმწიფო ყველა კულტურის დაზღვევაზე ვაზის გარდა სადაზღვევო თანხის 70%-დაფარავს, დანარჩენს გადაიხდის ფერმერი, ხოლო ვაზის შემთხვევაში სახელმწიფო გაიღებს სადაზღვეო თანხის 50%-ს _ დანარჩენს, ე.ი. 50% ფერმერი გადაიხდის.

აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ არაუმეტეს  5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში არაუმეტეს 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე ნებისმიერ ბენეფიციარს რომლებსაც 30 ან 100 ჰექტარი აქვთ, შეუძლიათ 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას, სახელმწიფოსგან თანადაფინანსება მიიღონ.

შარშანდელთან განსხვავებით წლეულს შემცირდა მოცდის პერიოდი და სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 4-დღის ვადით განისაზღვრა.

აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზირებულ ყველა სადაზღვევო კომპანიას.

აგროდაზღვევის ახალი პროგრამისთვის, ბიუჯეტიდან წლეულს 7 მილიონი ლარი გამოიყოფა.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და უკვე 3 წელია მიმდინარეობს. პროექტის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება,  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის  შენარჩუნება და რისკების (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა) შემცირებაა.

2014- 2016 წლებში აგროდაზღვევის პროგრამით 47 485 პოლისია გაცემული; დაზღვეული ფართობი  შეადგენს 39,138 ჰა-ს, მთლიანად დაზღვეული იყო 326 842 630 ლარის მოსავალი; სახელმწიფომ ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან  22 051 912 ლარის სუბსიდირება მოახდინა; 2 წლის განმავლობაში ფერმერებს 19 მილიონამდე ლარის ზარალი აუნაზღაურდათ.