საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი მიწის ბაზრის განუვითარებლობაა
როგორც ISET Policy Institute-ს კვლევაშია ნათქვამი არარეგისტრირებული მიწების დიდი რაოდენობა ხელს უშლის მიწების კონსოლიდაციასა და დარგში პროდუქტიულობის გაზრდას.
იუსტიციის სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2019 წლის თებერვლის მდგომარეობით, მიწის რეგისტრაციის 2016 წლის რეფორმის ფარგლებში, 543 139 ფიზიკურმა პირმა 130 943 ჰა მიწა დაარეგისტრირა, 1 431 იურიდიულმა პირმა კი _1 793 ჰა, ხოლო საჯარო საკუთრებაში მოექცა 34 131 საჯარო დაწესებულების 169 241 ჰა მიწა.
2016 წლის 1-ელ აგვისტომდე რეგისტრირებულ იქნა 1 212 173 ჰა მიწა, ხოლო შემდგომ დამატებით 301 976 ჰა. დღეისთვის მთლიანი რეგისტრირებული მიწის ფართობი შეადგენს 1 514 149 ჰა, რაც სასოფლო-სამეურნეო მიწების 45%-ია, ხოლო დანარჩენი 55% არ არის რეგისტრირებული. 2016 წლის შემდეგ რეგიონებში ყველაზე დიდი ფართობის რეგისტრირება მოხდა კახეთში, ხოლო ყველაზე დიდი რაოდენობის ნაკვეთების რეგიტრაცია მოხდა იმერეთში.
რაც შეეხება საკვების ფასებს, წინა წელთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 3.2%-ით გაიზარდა, რამაც სფი 1.0 პროცენტული პუქტით გაზარდა. 2019 წლის იანვარში მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა სურსათის შემდეგ ჯგუფებში შემავალმა პროდუქტებმა: თევზეული (+12.3%), პური და პურპროდუქტები (+10%), ბოსტნეული და ბაღჩეული (+6.5%).
2019 წლის იანვარში ბოსტნეულის კატეგორიაში შემავალი პროდუქტების ფასები 2018 წლის დეკემბეთან შედარებით 15.8%-ით, ხოლო 2018 წლის იანვართან შედარებით 6.5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2019 წლის იანვარში კომბოსტოს ფასები ყველაზე მეტად, 75%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. კომბოსტოს ფასების ასეთი ზრდა გასაკვირია, როცა წელი მხოლოდ ახლა დაიწყო.
ვაჭრობის სტატისტიკის მიხედვით, კომბოსტოს იმპორტის როგორც ღირებულება, ისე რაოდენობაც გაიზარდა. 2019 წლის იანვარში კომბოსტოს იმპორტის ღირებულებამ 80 311 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს – 44 048 აშშ დოლარს, 82%-ით აღემატება. იმავე პერიოდში, კომბოსტოს იმპორტის რაოდენობა 132%-ით გაიზარდა, 200.64 ტონიდან 466.38 ტონამდე. იმპორტის ზრდას, წესით, ფასების შემცირება უნდა გამოეწვია, თუ ადგილობრივი წარმოება არ არის ძალიან დაბალი. შესაბამისად, კომბოსტოს ფასების ზრდა შესაძლოა, ადგილობრივი წარმოების შემცირებას გამოეწვია. სამწუხაროდ, წარმოების შესახებ სტატისტიკური მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.
საქსტატის 2018 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა. ეს იგივე ზრდის ტემპია, რაც 2017 წელს დაფიქსირდა.
2017 წელი საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის საკმაოდ ბევრი გამოწვევით ხასიათდებოდა, რის შედეგადაც სექტორში პროდუქციის გამოშვება 3.5%-ით შემცირდა.
2017 წლისგან განსხვავებით, სოფლის მეურნეობას 2018 წელს დადებითი ზრდის ტემპი ჰქონდა, თუმცა ეს ზრდა საკმაოდ მოკრძალებული, 0.7% იყო.
როგორც მოსალოდნელი იყო, სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მთლიან მშპ-ში შემცირებას განაგრძობს და 2018 წელს 7.7% შეადგინა, მაშინ როცა 2017 წელს ეს მაჩვენებელი 8.0% იყო.
ქვეყნის მთლიან მშპ-ში სოფლის მეურნეობის დაბალი წილი გასაკვირი არაა, იქიდან გამომდინარე, რომ 2017 წელს მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 6.4% იყო (CIA-ს შეფასება). ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია განვითარებულ ქვეყნებში და 1%-დან 3%-მდე მერყეობს. ამდენად, საქართველოს ეკონომიკისათვის ამ მაჩვენებლის შემცირება არ იქნებოდა საზიანო, რომ არა ერთი ფაქტი – საქართველოში სამუშაო ძალის დაახლოებით 40% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2018 წელს სოფლის მეურნეობაში დასაქმების მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 26% იყო, თუმცა განვითარებულ (OECD-ის) ქვეყნებში იგი 5%-ს არ სცდება.
სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა მაღალი მაჩვენებლით (40%-ის ფარგლებში), საქართველო ისეთი ქვეყნების რიცხვშია, როგორიცაა გაბონი, განა, ჰაიტი, ინდოეთი, კენია, მაროკო, ნიგერია, პაკისტანი, ვიეტნამი და სხვ. თუ მსოფლიო ბანკის 2018 წლის მონაცემებში ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შევხედავთ, ყველა მათგანს უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე საქართველოს: აზერბაიჯანი – 37%, სომხეთი – 33%, თურქეთი – 19%, რუსეთი – 7%.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფერმერთა უმრავლესობა მიეკუთვნება ე.წ. „შემთხვევით ფერმერებს“ და არა „მოწოდებით ფერმერებს“, სოფლის მეურნეობაში დასაქმების მაღალ მაჩვენებელს იწვევს ისიც, რომ ეკონომიკის სხვა სექტორებში სამუშაო ადგილების სიმცირეა. ამასთანავე, „შემთხვევითი ფერმერების“ უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს ცოდნისა და უნარების მხრივ. ამდენად, სოფლის მეურნეობაში არსებული მაღალი დასაქმების მაჩვენებელი და მშპ-ში ამ სექტორის შემცირებული წილი იმაზე მიუთითებს, რომ საჭიროა პროფესიული განათლების გაძლიერება და სტრუქტურული ცვლილებები სექტორში.
წყარო: ISET Policy Institute