Agronavti – აპლიკაცია ქართველი ფერმერების პროდუქციის რეალიზებისთვის

Agronavti საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საავტორო აპლიკაციაა, რომელშიც ნებისმიერ ფერმერს შეუძლია საკუთარი პროდუქტის განთავსება და რეალიზება. პროდუქციის სახეობის, რაოდენობისა და ფასის მითითებით, თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ თქვენ მიერ მოყვანილი ნედლეულის შესახებ ინფორმაცია „აგრონავტში”, რის შემდეგაც, საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია უზრუნველყოფს თქვენი ნაწარმის შემოწმებას, ტრანსპორტირებასა და გაყიდვას.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია  როგორც „ანდროიდის”, ასევე IOS სისტემებისათვის, მისი შექმნა USAID ZRDA-მ დააფინანსა, ხოლო, უშუალოდ, დამზადება Biznetix-მა უზრუნველყო. გარდა ფერმერთა ნედლეულის რეალიზების თანამედროვე პლატფორმისა და სოფლის მეურნეობის სისტემების გათანამედროვებისა, აპლიკაციის ფუნქციონალი სხვა, საინფორმაციო თუ სარეკომენდაციო ფუნქციებსაც ითვალისწინებს. მათ შესახებ მარკეტერი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის დირექტორს – ნინო ზამბახიძეს ესაუბრა:

M: რა საჭიროებაზე დაყრდნობით შექმენით აპლიკაცია და რისი მიღწევა დაისახეთ მიზნად მისი შექმნით?
პირველი, რაც გვინდოდა იყო ის, რომ ფერმერებისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში მოგვექცია. მე თვითონაც ფერმერი ვარ და პროექტზე მუშაობისას კარგად ვიცოდით რა საჭიროებები გვაქვს ფერმერებს. ვიცოდით, თავიდან რომ ვიწყებდეთ ფერმერულ საქმიანობას,  რა ინფორმაცია დაგვჭირდებოდა იმისათვის, რომ წარმატებული სოფლის მეურნეობის ბიზნესი გამოგვსვლოდა. ყველა დეტალი ჩემს გუნდთან ერთად ჩამოვაყალიბე. ძირითადად, აპლიკაციის არსი სოფლის მეურნეობას გათანამედროვებაში მდგომარეობს, რაც აუცილებელია 21-ე საუკუნეში, მით უმეტეს, ფერმერთა დიდი ნაწილი, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობს, ახალგაზრდაა და აქტიურად სარგებლობს თანამედროვე ტექნოლოგიებით. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ მათი ცხოვრება ბევრად გაგვემარტივებინა აპლიკაცია Agronavti-ს დახმარებით.

M: არსებობს თუ არა მსგავსი აპლიკაციები ქართულ ბაზარზე? რა მსოფლიო პრეცედენტები და გამოცდილება გამოიყენეთ მის შესაქმნელად?

ვეცადეთ ყველა ქვეყნის პრაქტიკას გავცნობოდით. ჩვენ, როგორც ორგანიზაცია, ვართ COPA-COGECA-ს წევრი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებსა და ასოციაციებს აერთიანებს და თუკი რამე ინფორმაციის მოძიება შეიძლებოდა, მათი ქსელიც გამოვიყენეთ, თუმცა, ფერმერებისთვის ასეთი ტიპის აპლიკაცია ვერ ვნახეთ, ამიტომ, ვთვლით, რომ ეს არის უნიკალური პლატფორმა. შესაძლოა, ქვეყნიდან და კულტურიდან გამომდინარეც იყოს, იქ, სხვადასხვა ასოციაცია სპეციფიკურად ზრუნავს თითოეულ ფერმერზე და სხვა სისტემაა. საქართველოს რეალობაში რა აპლიკაციაც არსებობს ეს არის „ტრაქტორი”, თუმცა ის „აგრონავტისგან” ფუნქციურად განსხვავებულია.

M: გარდა ფერმერთა პროდუქციის რეალიზების ფუნქციისა, როგორია აპლიკაციის ფუნქციონალი და როგორ გამოიყენებს მას ქართველი ფერმერი?
გარდა რეალიზების შესაძლებლობისა, აპლიკაცია კარგი საშუალებაა სხვა მხრივაც. მნიშვნელოვანია ღილაკი „ფუშ მესიჯი” რომლითაც წერტილოვნად ხდება ფერმერების ინფორმირება პროდუქტის ნაკლებობაზე. მაგალითად, თუ ფერმერს მოჰყავს კარტოფილი, მიუვა შეტყობინება, რომ გვესაჭიროება კარტოფილი. ასევე, არის აგროსტატისტიკა, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია აგროპროდუქტის ფასის ცვლილების შესახებ. გვაქვს აგროპროდუქტების ფასები, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო გვაწვდის და 9 რეგიონიდან 100 პროდუქტზე ყოველკვირეული ფასი გვაქვს. აპლიკაციაში განთავსებულია ყველა კვლევა, რომელიც დაწერილა საქართველოში, სოფლის მეურნეობის კუთხით. გვაქვს აგროდაიჯესტი, სადაც სოფელთან დაკავშირებული ინფორმაცია მოიყრის თავს. ასევე, არის აგროწიგნი, რომელიც 60-ზე მეტ კულტურას აერთიანებს. მაგალითად, ფერმერს მოუნდა ატმის წარმოება, შევა და ნახავს წარმოების ციკლს, გასხვლას, მავნებლებთან ბრძოლას და ა.შ. აპლიკაცია მოიცავს რეგიონების შესახებ ინფორმაციასაც: კლიმატური პირობები, ნიადაგის რუკა, სადაა გავრცელებული ესა თუ ის კულტურა. გარდა ამისა, ეს არის პირველი აპლიკაცია, რომელიც აფხაზეთსაც მოიცავს. ასევე, ამინდის პროგნოზი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ მოსალოდნელია გვალვა ან სეტყვა, შეტყობინება მიუვა იმ რეგიონში მცხოვრებ ფერმერს. აპლიკაციას აქვს აგროდაზღვევა, „გლობალ ბენეფიტთან” ერთად, ისეთი პროდუქტებზე, რომლებიც ჯერ საქართველოში არ იზღვევა, როგორიცაა: ნაადრევი ყინვა, თაფლი, პირუტყვი და გვალვა. გარდა ამისა, გვაქვს მიწის ონლაინ აუქციონი, რომელიც ქონების მართვის სააგენტოდან წამოვიღეთ, რათა ფერმერებმა ნახონ თავიანთ რეგიონში, თუ რამე სახის მიწის შეძენა აინტერესებთ.

 

 

 

 

 

 

 

 

M: პროცესი რომ წარმოვიდგინოთ ფერმერის მიერ აპლიკაციის მოხმარების, ვთქვათ, ვარ ფერმერი და მინდა 100 კილო პომიდვრის რეალიზება, ვუთითებ აპლიკაციაში პროდუქტის სახეობას, რაოდენობასა და ფასს, შემდეგ რა ხდება?
გიკავშირდებათ საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია, მოდის თქვენთან, ნახულობს რა ხარისხის პროდუქტი გაქვთ, გიფორმებთ ხელშეკრულებას და შემდეგ, თვითინ ეს სადისტიბუციო კომპანია ახდენს თქვენი პროდუქტის რეალიზებას. ახლა ვთანამშრომლობთ „აჭარა გრუპთან”, რომელთანაც საპილოტედ, 3 თვე მიმდინარეობდა ეს პროცესი. ამ დროისათვის, „აჭარა გრუპის” ყველა სასტუმრო ჩვენი ფერმერების პროდუქტით მარაგდება, თუმცა, ვგეგმავთ, უახლოეს მომავალში, საქართველოს სასტუმროების უმეტესობა მოვიცვათ.

წყარო:https://www.marketer.ge 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.