აგროსასურსათო პროდუქტის სავაჭრო დეფიციტი ყოველწლიურად  მცირდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, დარგობრივი ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლებს სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის შედეგები გააცნო.

„ჩვენი სამინისტრო ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულების – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების – სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაზე და ამ პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებაზე მუშაობს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ორივე მიმართულებით ხელშესახები წინსვლა გვაქვს, მიუხედავად რთული მემკვიდრეობისა და არაერთი გაუთვალისწინებელი გამოწვევისა“, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, აგრარულ დარგში სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, გაზრდილია ქართული პროდუქციის წარმოება.

„ჩვენ დახლებზე ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ახალი ქართული ბრენდირებული პროდუქტი ჩნდება, რაც იმპორტის ჩანაცვლების შეუქცევადი პროცესის მაჩვენებელია.

საქართველო, ტრადიციულად, აგროსასურსათო წარმოებით გამორჩეული ქვეყანა იყო და ჩვენ ამ სტატუსს ეტაპობრივად ვიბრუნებთ. მზარდი მოხმარების მიუხედავად, რაც ტურისტული ნაკადის ზრდითაც არის განპირობებული, აგროსასურსათო პროდუქტის სავაჭრო დეფიციტი ყოველწლიურად  მცირდება. მცირდება იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობა, 900 მილიონიდან ეს დეფიციტი 350 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძელით წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდა“, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც ბატონმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა სახელმწიფოს მხრიდან ბოლო წლებში გატარებული სწორი დარგობრივი პოლიტიკის შედეგად, მეღვინეობის ინდუსტრია მნიშვნელოვნად გაძლიერდა.

„გასული წელი იმ პროგრესის ლოგიკური გაგრძელება იყო,  რომელიც ღვინის ინდუსტრიაში ბოლო წლებში გვაქვს. სახელმწიფოს მხრიდან გატარებული სწორი დარგობრივი პოლიტიკის შედეგად მეღვინეობის ინდუსტრია მნიშვნელოვნად გაძლიერდა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს. გაზრდილია ღვინის ექსპორტი და საექსპორტო ბაზრების არეალი, საწარმოების რაოდენობა და ყურძნის მოსავალი. გასულ წელს ექსპორტირებული იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის 94 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, რეკორდული იყო გაყიდვების მაჩვენებელიც, რომელმაც 240 მლნ აშშ დოლარს მიაღწია“, – აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, რაოდენობის ზრდასთან ერთად, მთავარი ამოცანა იყო უცხოურ ბაზრებზე ქართული ღვინის მაღალ საფასო სეგმენტში პოზიციონირება. „ქართული ღვინის პრემიუმ სეგმენტში დამკვიდრების აუცილებელი წინაპირობა ქართული ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა, რისთვისაც სახელმწიფომ კონკრეტული ღონისძიებები განახორციელა და შედეგებიც სახეზეა. ხარისხსა და მრავალფეროვნებაზე ზრუნვა გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში“ – აღნიშნა მან.

მინისტრის შეფასებით, 2019 წელი აღსანიშნავი იყო წარმატებით ჩატარებული რთველი, როდესაც გადამუშავდა ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული მოსავალი – 271 ათასი ტონა ყურძენი. ამასთან ერთად, გაგრძელდა ვენახების კადასტრის პროგრამის სამუშაოები და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 3200 მევენახეს  პირველად მიეცა შესაძლებლობა საწარმოებში ყურძენი კადასტრის ამონაწერის საფუძველზე  ჩაებარებინა. გასულ წელს, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან, 20-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენაზე.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა მეწარმეებისა და ფერმერებისათვის სახელმწოფო მხარდაჭერზე:

„მნიშვნელოვანი იყო ფერმერების მხარდაჭერა პირველად წარმოებაში, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით. შედეგად ქვეყანაში დაიწყო სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება და გაჩნდა ხალი საექსპორტო შესაძლებლობები. პროგრამამ შესაძლებელი გახადა შექმნილიყო კონკურენტუნარიანი, თანამედროვე მეურნეობები, რომლებიც წარმოებული პროდუქციით შეძლებენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარებზე ადგილის დამკვიდრებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

2020 და მომდევნო წლებში, პროგრამის ფარგლებში გაშენებული კულტურების საპროგნოზო მოსავალი მზარდია, რაც განპირობებულია გაშენებული ბაღების  მსხმოიარობაში შესვლით.  ქვეყანა შეძლებს გადამმუშავებელი მრეწველობისთვის კარგი სანედლეულო ბაზის შექმნას და იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლებას.

პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ჯამში, ახალი მრავალწლოვანი ბაღები გაშენდა 8400-ზე მეტ მიწის ფართობზე,  2019 წელს გაშენებული მრავალწლოვანი ბაღების ფართობი შეადგენს 2,100 ჰა-ს. სახელმწიფო თანადაფინანსების ოდენობამ კი 13,353,000 ლარი შეადგინა.

მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩატარებული სამელიორაციო სისტემების  მოსაწესრიგელად:

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ათწლეულების განმავლობაში მწყობრიდან გამოსული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს”, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

უკანასკნელ წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყანაში წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი  45 ათასი ჰა-დან (2012 წ.) 130 ათას ჰა-მდე (2019 წ.), ხოლო დრენირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 14 ათასი ჰა-დან (2012 წ.) 39,5 ათას ჰექტარამდე გაიზარდა.

როგორც სამინისტროს 2019 წლის ანგარიშშია აღნიშნულია, სარეაბილიტაციო პროგრამით კომპანიამ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 31 სარეაბილიტაციო პროექტი განახორციელა. რეაბილიტაციის ფარგლებში გაიწმინდა/მოწესრიგდა 58 კმ საირიგაციო და 77 კმ სადრენაჟე არხი, შეკეთდა 2 სათავე ნაგებობა, ხოლო ექსპლუატაციის პროგრამით გაიწმინდა და მოწესრიგდა 1 860 კმ არხი და შეკეთდა 2700 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა.

2019 წელს, ექსპლუატაციაში შევიდა რეაბილიტირებული სატუმბი სადგურები, რომლის მეშვეობითაც სარწყავი წყალი მიეწოდა სიღნაღის, გურჯაანის, დედოფლისწყაროსა და   ახალციხის მუნიციპალიტეტების ისეთ სოფლებს, სადაც 20-30 წლის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ მორწყულა.

„სამელიორაციო სისტემების  მოწესრიგება მნიშვნელოვნად განავითარებს სოფლის მეურნეობის სექტორს, გაზრდის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობას, რაც მეტ შემოსავალს და სარგებელს მისცემს თითოეულ ფერმერსა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანს“, – აღინიშნა შეჯამების ღონისძიებაზე.