air.gov.ge _ ჰაერის ხარისხის შესახებ უწყვეტად მოგაწვდით ინფორმაციას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შექმნილი ახალი პორტალი – air.gov.ge უზრუნველყოფს ჰაერის ხარისხთან და მონიტორინგთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ერთიან სივრცეში, ელექტრონული მმართველობის ხელშეწყობას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ღონისძიებების დაგეგმვას და გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობას.

მნიშვნელოვანია საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორც ჰაერის მდგომარეობის შესახებ, ისე მისი დაცვის გზებსა და დაგეგმილ ინიციატივებზე. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გადამწყვეტი ფაქტორია ამ პრობლემის მოგვარების კუთხით, რადგან თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საქმეში, რაც საერთო ჯამში დასახულ მიზნამდე მიგვიყვანს.

მიმდინარეობს მოლაპარაკება ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოსთან (EEA), რომ ახალი პორტალის მეშვეობით მონაცემების გაცვლა და ინტეგრირება მოხდეს EEA-თან და ევროპის ჰაერის ხარისხის პორტალზე (http://airindex.eea.europa.eu/) აისახოს საქართველოს მონაცემები. EEA-ის ექსპერტების ვიზიტი რამდენიმე დღის წინ განხორციელდა საქართველოში და მათი შეფასებით, პორტალი არის მაღალ დონეზე მომზადებული, საიდანაც შესაძლებელია  გამოცდილების გაზიარება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, რომ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნასთან მოხდეს მონაცემების გაცვლა და ერთიან ევროპულ საინფორმაციო სისტემაში ინტეგრირება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.