ახალგაზრდა ფერმერის მონდომება და შრომისმოყვარეობა

გელა გელაშვილმა ფერმერული საქმიანობა რამდენიმე თვის წინათ, საქართველოში  ჰიპერმარკეტ – „აგროჰაბის“ შექმნის შემდეგ დაიწყო. „აგროჰაბის“ უმთავრესი იდეა მომხმარებლებისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება და მყიდველისთვის 100%-ით ნატურალური ქართული პროდუქტების შეთავაზებაა. შესაბამისად, საჭირო გახდა მეფრინველეობისა და მესაქონლეობის ფერმების აშენება. პროფესიით ეკონომისტმა გელა გელაშვილმა თავისი ყოველდღიური საქმიანობა „აგროჰაბს“ დაუკავშირა. მიუხედავად იმისა, რომ ფერმერულ საქმიანობასთან ადრე კავშირი თითქმის არ ჰქონდა, თანამოაზრეებთან ერთად ფერმების მართვას შეუდგა და დიდი მონდომების შემდეგ, მოკლე დროში საქმეს კარგად გაართვა თავი. 

გელა გელაშვილის აზრით, დამწყები ფერმერისთვის აუცილებელია ნაკლები სიჩქარე და ხშირი კონსულტაცია გამოცდილ, კომპეტენტურ ადამიანებთან.

აგროჰაბის იდეიდან გამომდინარე, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია უნდა გაგვეტანა ბაზარზე. უბრალოდ წარწერებსა და ეტიკეტებს ვერ ვენდობოდით, ამიტომ გადავწყვიტეთ საკუთარი ფერმების მშენებლობა, რათა ჩვენი პროდუქციის სიჯანსაღეში ბოლომდე დარწმუნებულები ვყოფილიყავით. ფერმების მშენებლობისას უამრავ პრობლემას წავაწყდით, ჩვენი გამოუცდელობიდან გამომდინარე, თუმცა „მომავლის ფერმერის“ კონსულტანტებთან ინტენსიური საუბრების შემდეგ მალევე შევძელით პრობლემების აღმოფხვრა და განვითარება“, – ამბობს გელა გელაშვილი.

დღეს გელას და მის თანამოაზრეებს ოთხი ფერმა აქვთ და უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავენ.

თეონა ნოზაძე, 

ასოციაცია „მომავლის ფერმერი“