ახალგაზრდა წარმატებული აკაროლოგი

(აკაროლოგია _ მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ტკიპების სისტემატიკას, ბიოლოგიას და მათ როლს სახალხო მეურნეობაში და ადამიანის ჯანმრთელობაში).

ნინო თოდრია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიული მიმართულების II კურსის დოქტორანტია. პარალელურად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში _ ეკოლოგიის მიმართულებით მაგისტრატურის I კურსზე სწავლობს.

„ჩემი მიზანი იყო შემესწავლა გარემოს ეკოლოგიური სიჯანსაღის შეფასება ნიადაგში ბინადარი მიკროართროპოდების საშუალებით, ნიადაგის დეგრადაციის პროცესების დროული და ეფექტიანი შეფასების მეთოდები, ნიადაგის, ფაუნის სტრუქტურული თავისებურებები და ცვლილებები ნიადაგის სხვადასხვა სტრეს-ფაქტორების მიხედვით, რადგან ნიადაგის მონიტორინგისა და მდგომარეობის შეფასებისთვის მსგავსი მეთოდების გამოყენება სხვა მეთოდებთან შედარებით ეფექტიანი და იაფი საშუალებაა, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით პრაქტიკული დანერგვის დიდი პოტენციალი აქვს.“

აგრარულ უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში ნინო ნიადაგმა და ნიადაგწარმოქმნის პროცესებში უხერხემლოების როლმა დააინტერესა. აქ მან მონაწილეობა მიიღო „Quarry Life Award” კონკურსით დაფინანსებულ კვლევაში, რომელშიც წარდგენილმა პროექტმა „ნიადაგის ფეხსახსრიანთა მრავალფეროვნებამ და კარიერების რეაბილიტაციამ“ გაიმარჯვა და პირველი ადგილი აიღო. პროექტის მიზანი იყო კავთისხევის კირქვისა და გარდაბნის თიხის კარიერების რეაბილიტირებულ ტერიტორიებზე ნიადაგის ბინადარი მიკროართროპოდების მეშვეობით ნიადაგის აღდგენითი პროცესების ეფექტიანობის დადგენა.

ნინომ ახლახან გაიარა ტრენინგი ჩინეთში, ჰუნანის პროვინციის ქალაქ ჩანგშაში „Training Co ur se of CHINAAID Tec h no logy on GREENHOUSE VEGETABLE CULTIVATION FOR GEORGIA”. . სასწავლო კურსი მოიცავდა ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანა-შენახვის თანამედროვე ტექნოლოგიებს, ბოსტნეულის გადამუშავების, ტრანსპორტირებისა და მარკეტინგის საკითხებს, ასევე, მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს, მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკისა და მართვის საკითხებს. როგორც ნინო აღნიშნავს, წლების განმავლობაში ჩინური მხარისგან ამ თვალსაზრისით დაგროვილი გამოცდილების გაზიარება საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან მიღებული ცოდნა თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ზრდაში დაეხმარება.

ახალგაზრდა აკაროლოგი სამომავლოდ აღმოსავლეთ საქართველოს არიდული და სემი-არიდული ეკოსისტემების ჯავშნიანი ტკიპების ბიომრავალფეროვნების შესწავლას (ელდარის დაბლობი, შირაქ-გარეჯის ზეგანი) გეგმავს.

„ნიადაგის დეგრადაციის კვლევა და ბიო-მონიტორინგი კომპლექსური სამუშაოა, რომელიც, საწყის ეტაპზე, საჭიროებს ბევრი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტის შესწავლას. ჩემი მიზანია, ჯავშნიანი ტკიპების სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს არიდული ეკოსისტემებისათვის დამახასიათებელი თანასაზოგადოებების გამოვლენა; ეროზიის გავლენის შესწავლა ჯავშნიანი ტკიპების ფაუნაზე; გადაძოვების გავლენის შესწავლა ნიადაგის ფაუნასა და სტრუქტურაზე; ჯავშნიანი ტკიპების თანასაზოგადოებების სტრუქტურული ცვლილებისა და ცალკეულ სახეობათა დამოკიდებულების გამოვლენა გაუდაბნოების ინტენსივობაზე; ინდიკატორული სახეობების და სახეობათა კომპლექსების იდენტიფიკაცია ნიადაგზე მოქმედი სტრესული ფაქტორების ინტენსივობის და გავლენის შესაფასებლად. კვლევის დასრულების შემდეგ, დაგეგმილი მაქვს თანამშრომლობა საგარეჯოს და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებთან. მიღებული შედეგები დაეხმარებათ მათ ამ ტერიტორიებზე ჩატარებული ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებაში და შემდგომი სამუშაოების დაგეგმვაში.

ასევე, დაგეგმილი მაქვს სამეცნიერო ვიზიტი გერმანიაში გოტინგენის გეორგ ავგუსტის უნივერსიტეტის იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახის ზოოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტში პროფესორ მარკ მარაუნთან. კვლევითი ვიზიტის განმავლობაში შევისწავლი მოლეკულური მეთოდების გამოყენებას ჯავშნიანი ტკიპების იდენტიფიკაციისათვის, რაც დამეხმარება სახეობების რკვევისათვის საჭირო თანამედროვე მეთოდების გამოყენებაში.

კვლევის შედეგები წარმოდგენილი იქნება ჩემს სადისერტაციო ნაშრომში „ჯავშნიანი ტკიპები, როგორც სტრესული ეკოსისტემების ინდიკატორები“ — საუბრობს ახალგაზრდა აკაროლოგი.

სპეციალისტი ამჟამად მუშაობს „ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯიას“ მიერ დაფინანსებულ პროექტში. კვლევა მიმდინარეობს მცხეთასთან, სოფ. სასხორის ტერიტორიაზე, სადაც უნდა გაიხსნას „ჰაიდელბერგ ცემენტის“ კირქვის კარიერი. ამ ტერიტორიაზე შეისწავლება ნიადაგის ბიომრავალფეროვნება. ამავდროულად, ნინო ჩართულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ცენტრის მიერ დაფინანსებულ პროექტში — პესტიციდების ზემოქმედება ნიადაგის ეკოსისტემების ფუნქციონირებაზე — გავლენა ნიადაგის უხერხემლოთა ფაუნაზე. მისი მიზანია, პესტიციდების ზემოქმედების შესწავლა ჯავშნიანი ტკიპების ფაუნაზე, შეწამლულ და შეუწამლავ აგრარულ ნაკვეთებსა და საკონტროლო ტერიტორიაზე; პესტიციდების გავლენის შესწავლა ნიადაგის ეკოსისტემის ფუნქციონირებაზე; პესტიციდებისადმი მგრძნობიარე და მდგრადი ჯავშნიანი ტკიპების სახეობების გამოვლენა. აღნიშნული პროექტების მენეჯერია ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მაკა მურვანიძე.

ნინო დარგის წარმატებული სპეციალისტია, ორიენტირებულია პროფესიული ზრდისთვის და იმედოვნებს, რომ ამ მნიშვნელოვანი მიმართულებით მომავალში უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება.

თეონა ნოზაძე,

ასოციაცია „მომავლის ფერმერი“