ახალი ღვინის ფესტივალზე, მთაწმინდის პარკში
წლევანდელი “ახალი ღვინის ფესტივალი” განსაკუთრებულია ღვინის კლუბისთვის. წელს სრულდება 10 წელი კლუბის დაარსებიდან, ხოლო ფესტივალი, რომელიც 11 მაისს გაიმართება მთაწმინდის პარკში, რიგით მე–10–ა. ახალი ღვინის ფესტივალი 2019–ის მხარდამჭერები ტრადიციულად არიან – ღვინის ეროვნული სააგენტო და ქ.თბილისის მერია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი “მარანი” (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი, ჯაკო FM. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი g.Vino, 8000 მოსავალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
4 მაისს, ვაკის “8000 მოსავალში“ “საქართველოს ღვინის კლუბმა“ ორმაგი იუბილე აღნიშნა – შექმნიდან 10 წლისთავი და მე–10 “ახალი ღვინის ფესტივალი“. ამასთან დაკავშირებით კლუბმა სადღესასწაულო დეგუსტაცია მოაწყო, სადაც მხოლოდ 2009 და 2010 წლის დავარგებული ღვინოები იყო წარმოდგენილი.
11 მაისს, ახალი ღვინის ფესტივალზე ღვინის მოყვარულებსა და პროფესიონალებს დიდი სიამოვნება გელით – კახეთის, ქართლის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის საუკეთესო ღვინოები: რქაწითელი, საფერავი, ოცხანური საფერე, ქისი, ხიხვი, ჩინური, მწვანე კახური, თავკვერი, შავკაპიტო, ოჯალეში, ორბელური ოჯალეში, ალექსანდროული, მუჯურეთული, ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, წულუკიძის თეთრა, ჩხავერი, ძელშავი, სხილათუბანი, კუნძა, ხიდისთაური, კახური მცვივანი, საფერავი ბუდეშურისებრი და სხვ.
როგორც ყოველთვის, ახალი ღვინის ფესტივალზე დასწრება უფასოა. თქვენ გელით ასეულობით ახალი ღვინო, ახალი ჯიშები, ახალი სახელები და შთაბეჭდილებები.
ახალი ღვინის ფესტივალს ღვინის მწარმოებლების გარდა მოუთმენლად ელიან ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულები. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ახალი ღვინის ფესტივალის თარიღი (მაისის მეორე შაბათი) და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად.
ახალი ღვინის ფესტივალი 2019 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.
2019 წლის 11 მაისს ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 78 ღვინის კომპანია, 153 მცირე საოჯახო მარანი, 19 სხვა კომპანია. სულ 250 ფესტივალის მონაწილეა.
საქართველოს ღვინის კლუბი 2019