ახალი ოჯახური მარანი ქალაქ ახმეტაში

ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში არაერთი ოჯახური მარანი ამოქმედდა, სადაც ბოთლში ღვინის ჩამოსხმასაც ეწევიან. ეს გარემოება კი ქართული მეღვინეობის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ინტერესი ოჯახური, ქვევრში დაყენებული ღვინისადმი სულ უფრო და უფრო იზრდება.

ახალი, ტრადიციული მარნების მშენებლობას განსაკუთრებული ხასიათი კახეთში აქვს.

ერთერთი ასეთი მარანი, რომელიც ახლახანს ააშენა დავით იმედაშვილმა, მდებარეობს ქალაქ ახმეტაში. მარნის არქიტექტურა ძველ კახურ ტრადიციულ სტილს იმეორებს. მარანშივე, ცალკე გამოყოფილ ადგილას მოწყობილია ღვინის დასაგემოვნებელი ადგილი ბუხრით. მარნის მეპატრონე აყენებს: საფერავს, რქაწითელსა და მწვანეს. რაღა თქმა უნდა, აქვე იხდება ტრადიციული ჭაჭაც.

მარანში ჩაფლულია 12 ქვევრი, სადაც მთლიანობაში ეტევა 10 ტონა ღვინო. მნიშვნელოვანია, რომ მარანში შარშანდელი წლის მოსავალი უკვე ჩამოისხა ბოთლებში და შევიდა ბაზარზე სახელწოდებით „ჩვენი ოჯახური ღვინო“. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მარნის მეპატრონე  დავით იმედაშვილი აპირებს მიიღოს ტურისტები და ამრიგად ჩაერთოს ღვინის ტურიზმში, რისთვისაც მას ნამდვილად ყველანაირი პირობა აქვს.

გიორგი ბარისაშვილი,

მცხეთა, 2016

წყარო: ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“