ახალი სახელმწიფო პროგრამა მეფუტკრეობის მხარდასაჭერად

დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობამ „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამა მიიღო, რომელიც საქართველოში თაფლის კოოპერაციული საწარმოს შექმნას ითვალისწინებს.

სახელმწიფო პროგრამით თაფლის გადამმუშავებელი საწარმოს აშენებაა დაგეგმილი , რომელიც თაფლის მწარმოებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს  პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში გადაეცემა. საწარმო აღიჭურვება თაფლის წარმოების სრული ციკლისთვის საჭირო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით, სადაც შესაძლებელი იქნება დღეში არანაკლებ ორი ტონა თაფლის გადამუშავება და ერთგვაროვანი თაფლის მიღება, მოეწყობა სასაწყობე ინფრასტრუქტურაც. პროექტის სავარაუდო ღირებულება 900 000 ლარია.

წარმოებული თაფლის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივები ვალდებულნი იქნებიან დაიცვან „თაფლის ტექნიკური რეგლამენტი“, დანერგონ მიკვლევადობის და HACCP-ის სისტემები. პროგრამაში მონაწილისათვის HACCP-ის სისტემის დანერგვისათვის საჭირო მომსახურებას  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებმაც გაზარდეს სკების რაოდენობა და თაფლის წარმოება, შესაძლებლობა ექნებათ, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობით, თაფლის კოოპერაციულ საწარმოში გადაამუშაონ წარმოებული თაფლი და მას საბოლოო სასაქონლო სახე მისცენ.

თაფლის წარმოების გაზრდის მიზნით, სახელმწიფო მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას ახორციელებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცათ სკები, თაფლის საწურები და თაფლის შესანახი ავზები. სულ ამ პროგრამით 164 კოოპერატივს გადაეცა 13 931 სკა. 28 კოოპერატივს 70%-იანი თანადაფინანსებით _ 28 თაფლის საწური და 27 კოოპერატივს _ 61 400 ლიტრის ტევადობის 713 ავზი.

„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ ახალ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა მეპაიეები მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები არიან .

სახელმწიფო პროგრამის მიზანია მეფუტკრეობის, როგორც სოფლის მეურნეობის ეკონომიკურად ეფექტიანი და მზარდი საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგის განვითარება, დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოების ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობით და გაძლიერებით სოფლად მოსახლეობის დასაქმების ზრდა და სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა.