ახმეტაში აბრეშუმის ჭიის პარკის წარმოება აღადგინეს

რაიონში და მთლიანად ქვეყანაში  2002 წლიდან აბრეშუმის ჭიის პარკის წარმოება შეწყდა.

კოოპერატივი ,,აბრეშუმხვევია“ ახმეტის მუნიციპალიტეტში წლებია დარგის განვითარებაზე ზრუნავს. კოოპერატივის თავმჯდომარე ამბობს, რომ უპირველეს ყოვლისა საჭიროა შენობა–ნაგებობა, სადაც პარკის მიმღები პუნქტი განთავსდება და საამისოდ ქალბატონი ნუნუ ქართველიშვილი სოფელ ზემო ხოდაშენში არსებული პარკის საშრობი ძველი შენობა-ნაგებობის გადაცემას ითხოვს.

,,50 წელიწადია, რაც მეაბრეშუმეობის დარგს ვემსახურები. ვმუშაობდი ახმეტის „რაიაბრეშუმში“, დღემდე მატერიალური პასუხისმგებლობის პირად ვითვლები. ამ პერიოდში ახმეტაში, დაახლოებით, 85 ტონა აბრეშუმი მზადდებოდა. მთელ კახეთში დღეს ეს ერთი შენობაღაა შენარჩუნებული. ყურადღება რომ მომედუნებინა, ისე განიავდებოდა ქონება, როგორც სხვაგან. შენარჩუნებული მაქვს პარკის მიმღები პუნქტი, რომელიც დაკომპლექტებულია პარკსახმობი აპარატით. დღესვე შეიძლება დამზადდეს ბევრი პარკი, მაგრამ ხარჯებს მოითხოვს ძალიან ბევრს. ჩვენ ვზრდით პარკის ჭიის ჰიბრიდის ჯიშს ,,მზიური დიღმურთან“, – ამბობს ნუნუ ქართველიშვილი.

მისივე ინფორმაციით, კოოპერატივის წევრებს ჭია სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან მოაქვთ. მეაბრეშუმე აღნიშნავს, რომ ცენტრში გამოყვანილი ჰიბრიდული ჯიში მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანია.

,,საუკეთესო ხარისხის პარკს ვიღებთ. ანაზღაურება ძალიან დაბალია. 15 ლარს ვუხდით 1 კილოგრამ პარკში, მაგრამ იმდენად შრომატევადია, რომ ადგილობრივების ინტერესი ნაკლებია. ჩვენ რომ გვეხმარებოდნენ, პარკიც დიდი რაოდენობით დამზადდება და დარგის განვითარებას შეეწყობოდა ხელი. გასულ წელს გადმოგვცეს ძაფის აბრეშუმის ამოსახვევი დანადგარი, მაგრამ საქმე უსახსრობის გამო ვერ გავაგრძელეთ. პარკი მოვხარშეთ და ბამბად ვაქციეთ. ამჯერად, 12 ოჯახში გვყავვს გაცემული და ველოდებით მოსავალს. აბრეშუმის პარკზე მოთხოვნა გაჩნდა, ხელოვნების ხალხს სჭირდება, საუკეთესო ნაწარმი დაამზადონ. პარკსაშრობი შენობა–ნაგეგობა ჯერ გადმოცემული არ გვაქვს. ბევრი რამ გვაქვს ჩაფიქრებული, მაგრამ თუ შენობის რეაბილიტაცია არ დაიწყება, საქმის გაგრძელება აქ შეუძლებელია. მუშაობა დღესვე შეიძლება, მაგრამ თუ დიდი რაოდენობით არ იქნება შეკვეთა, ვერ ჩავრთავთ ამ აპარატს, რადგან ხარჯები დიდია.“, – აცხადებს მეაბრეშუმე ქალბატონი.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მცხოვრები ლუიზა ქართველიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად ჰიბრიდული ჯიშის ,,მზიური დიღმურთან“ ჭიებს ზრდის. ქალბატონი ლუიზა ამბობს, რომ ეს საქმე მისთვის შემოსავალის ერთადერთი წყაროა.

,,ჭიის მოვლა ძალიან საინტერესო საქმეა. ძალიან რთული ცხოვრება გვაქვს, ფინანსურად გვიჭირს, ამ საქმეს მოვკიდეთ ხელი. ახმეტაში შეიძლება ამ დარგის აღორძინება, მაგრამ თუ საკმარისი დახმარება და ინვესტიცია არ ჩაიდება, დარგი ვერ განვითარდება.  საქმე შრომატევადია და ანაზღაურებაც შესაბამისი უნდა იყოს. პრობლემაა თუთის ფურცლის შეგროვება, პლანტაციები გახმა, გაიჩეხა და ხარისხიანი ფოთლის მოკრეფა ჭირს. თუ ანაზღაურება გაიზრდება, მეტ ჭიას მოვიყვან და აბრეშუმის პარკსაც მეტს დავამზადებ, რა ჩემ შემოსავლებს გაზრდის, ამ საქმით სხვებიც დაინტერესდებიან“, – აცხადებს ლუიზა ქართველიშვილი.

აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ნარგიზ ბარამიძე მეაბრეშუმეობის მნიშვნელობაზე ამბობს, რომ კახეთში ამ დარგის განვითარების დიდი პოტენციალია, რომ ჭიის და თუთის ჯიშები კლიმატურ პირობებთან ერთობლივად ქმნის იმ მასალას, რაც უმაღლესი ხარისხის აბრეშუმის წარმოებას სჭირდება.

,,დღემდე კახეთში უფრო მეტად არის შენარჩუნებული თუთის პლანტაციები, ვიდრე სხვაგან და ამ კუთხით დიდი პოტენციალი აქვს. ახმეტის გარდა, ასევე, დიდი შესაძლებლობა აქვს ლაგოდეხსაც. მთავარი თუთის პლანტაციებია. ჩვენი აბრეშუმის ნაწარმი ძალიან მაღალხარისხიანია. პარკის ხარისხი  აბრეშუმის ჭიის ჯიშები და კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ერთიც კარგი გვაქვს და მეორეც. თუთის ჯიშები აბრეშუმის წარმოებისათვის ერთობლივად ქმნის შესანიშნავ მასალას. გვაქვს მეაბრეშუმეობის განვითარების მცირე პროგრამები და საინვესტიციო პროგრამები. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მუშაობს კომისია, რომლის წევრი მეც გახლავართ და ვფიქრობთ, რომ მეაბრეშუმეობის განვითარებისთვის გავაკეთებთ 2 პროგრამას, აღმოსავლეთში და დასავლეთში“, – განმარტავს მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი მეაბრეშუმეობის მიმართულებით ნარგიზ ბარამიძე.

აბრეშუმის მწარმოებლების შეფასებით, ქართული აბრეშუმი კონკურენტულია და არ არის გამორიცხული, რომ პროდუქცია ექსპორტზე გავიდეს.

,,რაიონში 315 ჰექტარი თუთის პლანტაცია გვქონდა, დღეს  50 ჰექტარია შემორჩენილია, საიდანაც მხოლოდ 20 ჰექტარია აღრიცხული. თუთის ნარგავებს სჭირდება გაახალგაზრდავებას, გადაბელვა, განახლება. 2003 წლიდან  ეს პლანტაციები არავის გამოყენება, არავის მოუვლია მისთვის, ამიტომ ვითხოვთ, რომ თუთის პლანტაციები იჯარით გადმოგვეცეს. ვფიქრობთ ჯერ ადგილობრივი მოთხოვნილება დავაკმაყოფილოთ, შემდეგ კი, თუ ავმუშავდებით და წარმოებასაც სათანადოდ გავმართავთ, უკვე აბრეშუმის უცხოეთში გატანაზედაც ვიფიქრებთ“, – ამბობს ნუნუ ქართველიშვილი.

ნატალია ცისკარაშვილი   ვასილ ბაბუაშვილი

წყარო: http://www.knews.ge