ახმეტაში წარმოებული ეთერზეთები საფრანგეთში ექსპორტზე გავა

კახეთის რეგიონში დამზადებული პროდუქცია ბაზარზე სექტემბრიდან გამოჩნდება

კომპანიის “აგრო არომას” ხელმძღვანელის, ზურაბ ნაცვლიშვილის განცხადებით, ეთერზეთები, რომელიც კოსმეტიკაში გამოიყენება, მხოლოდ ექსპორტზე იქნება ორიენტირებული და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე გაიყიდება.
,,ვგეგმავთ, რომ საფრანგეთის გარდა გერმანიაში, ბრიტანეთში, ავსტრიასა და შვეიცარიაში გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია”, – ამბობს knews.ge–სთან საუბრისას ზურაბ ნაცვლიშვილი.

საწარმო ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს. პირველი ორი წლის განმავლობაში კი მხოლოდ ქინძის ზეთის წარმოება იგეგმება.
,,უცხოურ კომპანიებთან პირველადი შეთანხმებები ეთერზეთის მიწოდებაზე უკვე გვაქვს. პროდუქტს ევროკავშირის ქვეყნების საწარმოებს მივაწვდით.

კომპანიაში წლიურად 6 ტონა ეთერზეთის წარმოება იგეგმება.
,,ჩვენ ვაპირებთ ცხოველების, ფრინველების და თევზის საკვების პროდუქტების წარმოებასაც, რომელიც უკვე ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება”, – ამბობს ნაცვლიშვილი.
უახლოეს მომავალში საწარმო ასორტიმენტის გაფართოებას აპირებს და ვარდის, ლავანდისა და ბაზილიკის ეთერზეთის წარმოებას დაიწყებს.

წყარო: knews.ge