ამბროლაურში საცდელ ნაკვეთებზე ხორბლის, ქერის, შვრიის, ჭვავის, სიმინდის და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების ჯიშთა გამოცდა წარმატებით მიმდინარეობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო- კვლევითი ცენტრის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთზე ხორბლის, ქერის, შვრიის, ჭვავის, სიმინდის, ბოსტნეულ-ბაღჩეულის, კარტოფილის, პარკოსნების და ტექნიკური კულტურების ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს. ჯიშთა გამოცდის მთავარი მიზანი საქართველოს სხვადასხვა აგროკლიმატურ ზონებში, კონკრეტული რეგიონისთვის ყველაზე კარგად ადაპტირებული და მავნებელ დაავადებათა მიმართ გამძლე მაღალპროდუქტიული ჯიშების შერჩევა და გავრცელებაა.
საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთზე ნათესების მონიტორინგი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, ამბროლაურის მერმა, რატი ნამგალაძემ, დარგის სპეციალისტებთან და მეცნიერებთან ერთად განახორციელეს.
საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთზე ერთწლოვანი კულტურების ჯიშების სელექციური გამოცდა წარმატებით მიმდინარეობს. გამოიკვეთა ამბროლაურის რაიონისთვის კარგად ადაპტირებული ჯიშები, რომლებიც საკმაოდ მაღალი პროდუქტიულობით ხასიათდება. საცდელი ნიმუშების აღების ვადები, რის შემდეგაც მოხდება თავთავიან და სხვა კულტურებში ხარისხობრივი და სტრუქტურული მაჩვენებლების შესწავლა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ ჯიშთა გამოცდის ფარგლებში, თავთავიანი და სხვა კულტურების მონიტორინგი, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუდმივად განხორციელდება.