ამერიკული ხორბლის ფქვილის ხარისხმა მაღალი შეფასება დაიმსახურა

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებით საქართველოში  30 000 ტონა ამერიკული სასურსათო ხორბლი შემოვიდა.

როგორც საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, 2019 წლის დეკემბერში საქართველოში საზღვაო გზით 30 000 ტონამდე ამერიკული წარმოშობის მაღალხარისხიანი ხორბალი შემოვიდა.

„უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ხორბლის პირველი კომერციული პარტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში შემოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან (როგორც ცნობილია 2000 წლის მიჯნაზე, საქართველომ მიიღო ამერიკული ხორბალი ,თუმცა ის იყო ამერიკის მთავრობის დახმარება საქართველოსადმი).

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული 30 000 ტონა ხორბალი მიღებულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან და მიმართულია ბაზრის შემდგომი დივერსიფიცირების და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისაკენ.როგორც ცნობილია, საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდწილად რუსული ხორბლის იმპორტზეა დამოკიდებული.

ამჟამად საქართველოს წისქვილ-კომბინატების მიერ მიმდინარეობს ამერიკული ხორბლის პირველი პარტიის გადამუშავება და გამოშვებულმა ფქვილის ხარისხმა მაღალი შეფასება დაიმსახურა.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მადლობას უხდის საქართველოსა და აშშ-ს მხრიდან ჩართულ ყველა სამთავრობო და კერძო სტრუქტურებს გვერდში დგომისა და დახმარებისათვის.

დღეის მდგომარეობით მომდევნო პარტიების შესყიდვაზე კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რისი წარმატებით დასრულების მოლოდინი გვაქვს.

გვწამს ხორბლის პირველი წარმატებული ნაბიჯი, იქნება საქართველო-აშშ-ს აქტიური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საწინდარი ხორბლის იმპორტის კუთხით, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებას.“ _ აღნიშნავს ბატონი ლევან სილაგავა.