აჭარაში 7 მეფუტკრესა და 7 მესაქონლე ფერმერს 20% თანადაფინასებით ინვენტარი გადაეცემა
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული მეცხოველეობის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
პროექტის დაწყების შესახებ ხელშეკრულებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული მეცხოველეობის სახელმწიფო ზედამხვედველობის სამსახურის უფროსმა ვილიუს რექსტისმა მოაწერეს.
ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულია პროექტი: “ საქართველოს რეგიონალური განვითარება – აგრო სექტორის განვითარება მცირე ბიზნესის მხარდაჭერით“, რომლის განმახორციელებელია ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული მეცხოველეობის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური და პროგრამა LEADER.
პროექტის ფარგლებში 7 ქართველ მეფუტკრესა და 7 მესაქონლე ფერმერს 20% თანადაფინასებით გადაეცემათ ინვენტარი: რძის ელექტრო სეპარატორი, უხეში საკვებისა და მარცვლეულის ელექტრო საფქვავი, ელექტრო ცვილსადნობი წნეხით, დადანბლატის ორსართულიანი სკები 12 ჩარჩოთი, ბიდონები თაფლისა და რძისთვის.
მოწვეული ექსპერტი საველე პირობებში ფერმერებისთვის ჩაატარებს გაკვეთილელბს მეფუტკრეობისა და მესაქონლეობის ახალ გამოწვევებზე, მცირე მეწარმეობასა და აგრიბიზნესის განვითარებაზე, ევროკავშირის ბაზრის ხელმისაწვდომობაზე.
ოქტომბრის თვეში პროექტის მონაწილეები გამოცდილების გასაზიარებლად სასწავლო ვიზითით ლიტვას ეწვევიან.
ლიტვის და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროები 2010 წლიდან თანამშრომლობენ და ერთობლივად 7-ზე მეტი პროექტი აქვთ განხორციელებული, რომელთა ნაწილი ინსტიტუციურ, ნაწილი კი აგრარულ განვითარებას ეხებოდა.