„აწარმოე საქართველოში“ _ შედეგების ეფექტიანობის კვლევის პრეზენტაცია

, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის ტექნიკური მხარდაჭერისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების შედეგების ეფექტიანობის კვლევის პრეზენტაცია გაიამრთა, რომელიც სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დაკვეთით კომპანია “ბიდიომ” ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ კვლევის პროცესისთვის შეირჩა 100 ისეთი ბენეფიციარი, რომელთა პროგრამაში ჩართვიდან მინიმუმ 2 წელია გასული და შესაბამისად, მათი შესწავლით, შესაძლებელია თავად ამ ბენეფიციარების საქმიანობის შედეგების და პროგრამის ეფექტიანობის შეფასება.

ზემოხსენებული 100 ბენეფიციარი კომპანიიდან, კვლევაში ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო 85-მა საწარმომ, რომელთაგან 30 სტარტაპია, ხოლო 55 კი არსებული საწარმო, რომლებიც, პროგრამაში ჩართვის შედეგად გადაიარაღდნენ და გაფართოვდნენ. ხოლო ჯამურად 100 ბენეფიციარის ბიზნესის სტატუსი შემდეგია: 61 გაფართოება, 39 სტარტაპი.

ჩატარებული კვლევის შედეგად შემდეგი ძირითადი ინდიკატორები გამოიკვეთა:

♦♦♦ 2014-2018 წლებში ბენეფიციარმა კომპანიებმა 164 მილიონ ლარზე მეტი მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) შექმნეს, სადაც 54% შექმნილია არსებული საწარმოების გაფართოების, ხოლო 46% – სტარტაპების მიერ. მშპ-ის რეგიონალური ანალიზი უჩვენებს, რომ დაახლოებით 79% შექმნილია თბილისში წარმოდგენილი საწარმოების მიერ, რადგან კვლევის ფარგლებში გამოკითხული კომპანიების 60% სწორედ თბილისში მდებარეობს;

♦♦♦ კვლევაში მონაწილე 85 ბენეფიციარის მიერ მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა 2014-2018 წლებში 390 მლნ ლარი შეადგინა.

♦♦♦ პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარების მიერ, 2014-2018 წლებში, მიღებული სესხების, სხვა სესხებისა და კაპიტალში შენატანების წილი, შესაბამისი პერიოდის ქვეყნის მთლიან შიდა ინვესტიციებთან მიმართებით, დაახლოებით 0.38%-ს შეადგენს, რაც 247 მლნ ლარზე მეტია.

♦♦♦ პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარების ჩართვის შემდეგ, თანამშრომელთა რაოდენობის  ზრდამ  3 033, ბენეფიციარების მიერ მათთვის გადახდილმა მთლიანმა სახელფასო ფონდმა კი, საშემოსავლო გადასახადის გარეშე, 25.6 მლნ ლარი შეადგინა.

♦♦♦  პროგრამის ფარგლებში 2014-2017 წლების პერიოდისთვის ბენეფიციარების მიერ გადახდილი გადასახადები  42.5 მლნ ლარს,  ქვეყნის მასშტაბით ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების 0.13%-ს, აჭარბებს.

♦♦♦ კვლევის შედეგების თანახმად, ასევე, დაფიქსირებულია წარმოებული პროდუქციის ექსპორტის ზრდა. გამოკითხული კომპანიებიდან, პროგრამაში ჩართვამდე, პროდუქცია ექსპორტზე მხოლოდ ერთ კომპანიას გაჰქონდა, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1,7 მილიონი ლარი იყო. დღევანდელი მოდგომარეობით,  85 კომპანიიდან 28 უკვე ექსპორტიორია.  2014-2018 წლებში აღნიშნული ბენეფიციარების საექსპორტო გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 309 მლნლარზე მეტი შეადგინა.

♦♦♦ პროგრამის დახმარებით, ბენეფიციარებმა გააუმჯობესეს წარმოების მასშტაბები, ხარისხი, წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვნება და ცდილობენ კონკურენცია გაუწიონ იმპორტს.

შპს „ბიდიო“ არის საქართველოში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული კომპანიის -„ბიდიო ინტერნეიშენალ ლიმიტედი“ წევრია და შედის ბიდიოს დამოუკიდებელი ფირმების საერთაშორისო ქსელის შემადგენლობაში. შპს „ბიდიო“ ტენდერის წესით შეირჩა. კვლევის ღირებულებამ 298,481 ლარი შეადგინა. კვლევის მეორე ეტაპი ითვალისწინებს რეკომენდაციების გამოქვეყნებას, როგორც პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის, ისე კომპანიების შედეგიანობის ამაღლების მიმართულებით.  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.