აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ავიაცია ჩაერთო

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ  ავიაციის მეშვეობით უკვე შეიწამლა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ანჯელში არსებული ფართობები და სიმინდის ნათესები.  სამეგრელო-გურიის საზღვარზე ის ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია  ავიაციის გამოყენება, ეტაპობრივად  მუშავდება. 

წამლობა საავიაციო ტექნიკით შესაწამლი სამუშაოების წესების სრული დაცვით ხორციელდება. ავიაციით შეწამვლის დროს აუცილებელია  უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვა, რის შესახებაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მეშვეობით  მოსახლეობა წინასწარ მიეწოდა ინფორმაცია.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მომზადებული სტრატეგიის შესაბამისად ხორციელდება. სტრატეგიის სამოქმედო გეგმის თანახმად, სოფლის  მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ქიმიურ წამლობას საკარმიდამო ნაკვეთებსა და  დასახლებული პუნქტების მიმდებარედ  არსებულ ნარგავებში ივნისიდან ატარებს. მას შემდეგ, რაც მავნებლის გავრცელება ისეთ დიდ მასივებში  აღინიშნა, სადაც შესაძლებელია საავიაციო წამლობის ჩატარება, ღონისძიებებში ავიაცია ჩაერთო.

პარალელურად, იქ სადაც საავიაციო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია, მავნებლის წინააღმდეგ  შესაწამლი ღონისძიებები სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკით და აგრეგატებით მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 83 ათასამდე  ჰექტარი  ფართობია დამუშავებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.