ბერლინის „მწვანე კვირეულზე“ 20-მდე ქართული კომპანიის პროდუქტია წარმოდგენილი

ბერლინის საერთაშორისო გამოფენა  Gruene Woche მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული აგრარული გამოფენაა, რომელიც ტრადიციულად უკვე 83-ე წელიწადია გერმანიაში იმართება. 

წელს, ,,მწვანე კვირეული 2018-ში“ (Gruene Woche 2017) სხვადასხვა ქვეყნის 1600-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს, რომლებიც 100 000-ზე მეტ სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქციას წარუდგენს მომხმარებელს.

გამოფენის სტუმართა რაოდენობა  400 000 აჭარბებს.

წლეულს გამოფენა ,,მწვანე კვირეულის“ პარტნიორ ქვეყანას, გერმანიასთან ერთად, ბულგარეთი წარმოადგენს.

ქართული კომპანიები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, აღნიშნულ გამოფენაში ყოველწლიურად მონაწილეობენ.

წლეულს საქართველოს სტენდზე 20-მდე კომპანიის  პროდუქცია — ღვინო, ჭაჭა, ლიმონათი, წვენი, ჩაი, თაფლი, ჩურჩხელა, ტყლაპი, ტყემალი, ჯემი, თხილი, მშრალი ხილი, სუნელი და საწებელია წარმოდგენილი.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, წლევანდელ გამოფენაზე საქართველო მრავალფეროვანი პროდუქციით არის წარმოდგენილი.  ბერლინში გამართულ გამოფენას საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ლევან დიასამიძე ესწრებოდნენ.

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ მონაწილეობა მიიღო Gruene Woche 2018-ის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში, სადაც 80-ზე მეტი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური დელეგაცია  მონაწილეობდა.

ნოდარ კერესელიძემ შეხვედრები გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან, პეტერ ბლეზერთან, ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, იანის დუკლავსთან, ბელორუსიის რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, იგორ ბრილოსთან და ბუნდესტაგის დეპუტატთან, სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან კარენ შტრელცთან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.