ბოსტონში „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიმართა – აშშ-ში ღვინის ექსპორტი 60%-ითაა გაზრდილი

ქალაქ ბოსტონში „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიმართა, რომლის ორგანიზატორები ამერიკა-საქართველო ბიზნეს საბჭო, ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ იყვნენ.

ფორუმის სამდღიანი პროგრამა „საფერავისა და ქვევრის ღვინის ფესტივალს“, „ქვევრის სიმპოზიუმს“ და „ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარს კომერციული პირებისთვის“ მოიცავდა.

„აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის, ქართული ღვინის ფორუმი იმართება. ამ ღონისძიებებმა შედეგად უკვე მოიტანა მეტი გაყიდვები და ექსპორტის ზრდა ამ უმნიშვნელოვანეს ბაზარზე“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ, რომელმაც ქვევრის სამეცნიერო სიმპოზიუმზე თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიასა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის მარკეტინგულ სტრატეგიაზე მოხსენება წაიკითხა.

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ნახევარ მილიონზე მეტი ბოთლია ექსპორტირებული, რაც 60%-ით აღემატება გასულის წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.