ჩოგო
ჩოგო – ასე უწოდებენ საქართველოში ცხვრის რძისგან დამზადებულ ყველს. ჩოგო მზადდება ცხვრის რძისგან მაშინ, როცა რძე მაღალცხიმიანია (ლაქტაციის ბოლო პერიოდში).
რძის გაფილტვრა, ჩადედება და ყველის თავების ამოყვანა ხდება ისე, როგორც გუდის ყველისა. ყველის თავებს დამარილების გარეშე აწყობენ გუდაში ან კასრებში, სადაც იგი 7-10 დღის განმავლობაში ფუვდება და კარაქივით იგლისება.
გაფუებული ყველის თავები ქუცმაცდება და იზილება ხელით, კარგად გადაზელილი ყველის მასას ემატება სუფრის მარილი (გემოვნების მიხედვით) და თავსდება გუდაში.
თუ გუდის ყველის დამზადებისას გუდას მატყლი შიგნითა აქვს, ამ შემთხვევაში, პირიქითაა. ყველის მომწიფება გრძელდება 1-დან 2 თვემდე. ყველი კარაქივითაა, ხასიათდება კარგი საგემოვნებო თვისებებით.