დაინტერესებული მხარეები სპეციფიკური ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის პროექტებს ეცნობიან

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სპეციფიკური ნარჩენების მართვაში ჩართული კერძო კომპანიების, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, დონორების და სამოქალაქო სექტორი წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრები იმართება.

შეხვედრებზე განსახილველად წარმოდგენილია მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას (მგვ) დაქვემდებარებული სპეციფიკური ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტების პროექტები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის წარმომადგენლებმა სპეციფიკური ნარჩენების ეფექტიან მართვაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

საქართველოში ნარჩენების მართვის მხრივ ვითარება წლიდან წლამდე უმჯობესდება. მიღებულია ნარჩენების მართვის კოდექსი. იზრდება ევროკავშირისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართულობა და მხარდაჭერა.

უახლოეს მომავალში, საქართველოში ნარჩენების მართვის მხრივ ხელშესახები პროგრესია მოსალოდნელი.

ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ექსპერტები საზოგადოებას სპეციფიკური ნარჩენების მართვის სფეროში არსებული სიტუაციის, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ზოგადი მოთხოვნებისა და სპეციფიკური ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შესახებ აწვდიან ინფორმაციას. წარმოდგენილი საკითხების ირგვლივ იმართება დისკუსიები, გამოითქმება მოსაზრებები და რეკომენდაციები.

 

შეხვედრა პროექტების „ტექნიკური დახმარება საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემების სრულყოფისათვის” (ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტი) და „ტექნიკური დახმარება საქართველოში ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მიზნით ცნობიერებისა და კომუნიკაციის დონის და ამ დარგში ევროკავშირის მხარდაჭერის ცნობადობის ასამაღლებლად”  ფარგლებში იმართება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსი განსაზღვრავს ქვეყანაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვას სპეციფიკური ნარჩენებისთვის. ვალდებულება ძალაში 2019 წლის 1 დეკემბრიდან შევა.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება საქართველოსთვის ახალ კონცეფციას წარმოადგენს და გულისხმობს გარკვეული პროდუქციის მწარმოებლებისა და იმპორტიორების მიერ პასუხისმგებლობის აღებას ამ პროდუქციის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების მართვაზე ისე, რომ შემცირდეს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება.

 

როგორც ცნობილია სპეციფიკურ ნარჩენებს მიეკუთვნება: ნარჩენი შესაფუთი მასალა (პლასტმასი, ქაღალდი/მუყაო, ხე, ლითონი, მინა), ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ხმარებიდან ამოღებული საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, გამოყენებული ზეთები, ბატარეები და აკუმულატორები.