დამწყები ფერმერის წარმატება
ოთო ლაშქარაშვილმა 5 წლის წინათ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა დმანისში ფუტკრის 3 სკა შეიძინა და ფერმერობას მოუსინჯა კბილი.
ახალგაზრდა ფერმერის წამოწყებას ოჯახი სკეპტიკურად შეხვდა, თუმცა, ოთომ რახან დასახული მიზნის მიღწევა განიზრახა, უკან არ დაიხია და წარმატებასაც მიაღწია.
როგორ შეძლო ეს?
ახალბედა ფერმერმა აქცენტი თავიდანვე ხარისხიან პორდუქციაზე გადაიტანა, ცდილობდა ცოტა, მაგრამ კარგი თაფლი ეწარმოებინა და მალე გარშემომყოფთა დაინტერესებაც გამოიწვია.
ოთოს ამჟამად 16 სკა აქვს და თაფლს ადგილზევე ყიდის. სამომავლოდ გაფართოებას გეგმავს.
„ინტერნეტში ფუტკრის პროდუქტების შესახებ საინტერესო მასალებს გავეცანი და გადავწყვიტე ამ მიმართულებით საქმიანობა წამომეწყო. მისაღები გამოცდებისთვის ვემზადებოდი, დრო ცოტა მქონდა, თუმცა როგორც კი საშუალება მეძლეოდა, მეფუტკრეობის თემებზე ლიტერატურას ვკითხულობდი. ვიცოდი, თუ თეორიული ცოდნა არ მექნებოდა, პირდაპირ პრაქტიკული საქმიანობის დაწყება დიდ ზარალს მომაყენებდა. შევიტყვე, რომ არსებობდა ასოციაცია „მომავლის ფერმერი“, სადაც შემეძლო საფუძვლიანი კონსულტაციები გამევლო მეფუტკრეობის დარგში და მართლაც, მათი რჩევები სასარგებლო აღმოჩნდა ჩემთვის. მათივე დახმარებით დავესწარი რამდენიმე ლექციას, რომელსაც მოწვეული უცხოელი სპეციალისტი ატარებდა. აქ მიღებული ცოდნა მნიშვნელოვნად დამეხმარა პრაქტიკული საქმიანობისას. ევროკავშირის მოთხოვნების მიხედვით ქვეყანა ახალ სტანდარტებზე გადადის და მინდა მეც შესატყვისი თანამედროვე ტექნოლოგიები დავნერგო ჩემს საფუტკრეში. დიდი სურვილი მაქვს ჩემს საფუტკრეში წარმოებული თაფლი ევროკავშირში გავიდეს. ამისთვის დროს და ენერგიას არ დავზოგავ, თუმცა, ეს გარკვეულ ფინანსებთანაცაა დაკავშირებული. იმედი მაქვს სხვადასხვა პროექტებში ჩართვის საშუალებაც მომეცემა“, _ ამბობს ახალგაზრდა ფერმერი.
ოთო ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტია. ფიქრობს, რომ აქ მიღებული ცოდნა ფერმერული საქმიანობის სწორად წარმართვაში გამოიყენოს და წარმატებული ფერმერი, მეწარმე გახდეს.
თეონა ნოზაძე,
ასოციაცია „მომავლის ფერმერი“