დასავლეთ საქართველოს სოფლებს მტაცებელი ცხოველები შეესივნენ

ბოლო რამდენიმე წელია, დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ მოსახლეობას გარეული ცხოველები აწუხებენ. მაღალმთიან სოფლებში სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, დანარჩენი სახლები მიტოვებულია. ზაფხულშიც კი არ შეინიშნება სოფლებში ხალხმრავლობა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მგლებმა ასზე მეტი პირუტყვი დაგლიჯეს. ხშირ შემთხვევაში ცხოველები ხალხს დღის განმავლობაშიც არ ერიდებიან.

აყველაზე ხშირად ეს პრობლემა გურიაში შეინიშნება. ადგილობრივების განცხადებით, მგლები სოფლებს თავს უკვე მესამე წელია, ესხმიან, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ ხდება. მოსახლეობა მონადირეების სპეციალური ჯგუფის შექმნასა და დასახლებულ პუნქტებში მგლებზე ნადირობის აკრძალვის გაუქმებას ითხოვს.

სოფელ კონჭკათისა და ბაილეთის მოსახლეობის თქმით, მსხვილფეხა პირუტყვი მგლებმა გაუნადგურეს. აღარ იციან, რა გზას მიმართონ, სოფელში რამდენიმე ოჯახიღაა დარჩენილი.

“45 წელია, ამ სოფელში ვცხოვრობ და ასეთი მდგომარეობა არასდროს მინახავს, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ხდება. 6 ათასი ლარი ბანკიდან გამოვიტანე, რომ მსხვილფეხა პირუტყვი შემეძინა, ვიყიდე 4 ძროხა. ეს და კიდევ რაც მყავდა, ჯამში 6 სული შემიჭამა. ვუთხარით გამგებელს, გადაუღეს სურათები, მითხრა რა ვქნათ, დაზღვეული თუ არ გყავთ, ვერაფრით დაგეხმარებითო”, – ამბობს სოფელ კონჭკათის მკვიდრი ნატო ცერცვაძე.

იგივე სიტუაციაა სოფელ ბაილეთშიც. როგორც ადგილობრივებმა გაზეთ “რეზონანსთან” განაცხადეს, მსხვილფეხა პირუტყვი 12-მდე ოჯახმა დაკარგა. ზამთარში მტაცებელი საკარმიდამო ნაკვეთებში შედის, რის გამოც შებინდების შემდეგ ეზოში გამოსვლის ეშინიათ.

“ხალხმა ოჯახები მიატოვა და ქალაქში გადასახლდა. ჩვენზე ეს ძალიან ცუდად მოქმედებს, რადგან ყველაფერი ტყედ იქცა. ამ ტყეში დაბუდდა მგელი, ტურა და სხვა ნადირი. მტაცებლებმა 10-12 ოჯახს საქონელი შეუჭამა. ზამთარში ეზოშიც კი შემოდიან მგლები”, – აღნიშნა ემზარ ცერცვაძემ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფელში მტაცებელი ცხოველები სისტემატურად ჩნდებიან და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. სასწრაფოდ რეაგირებაა საჭირო მანამდე, ვიდრე მტაცებელს ადამიანი არ დაუგლეჯია. ამბობენ იმასაც, რომ საცხოვრებელი ზონიდან მგელზე ნადირობის აკრძალვა უნდა მოიხსნას და მოსახლეობას ცხოველის ლიკვიდაციის უფლება უნდა მიეცეს.

“ხალხი ითხოვს მონადირეების დაქირავებას ან დაურიგდეს ტყვიაწამალი, რომ მგლების შემოსევისგან თავი დაიცვან. სოფელში თუ საქონელი და ფრინველი ვერ შეინარჩუნე, რა გამოვა. ღორია და ჭირმა გაწყვიტა, საქონელია და მგელი ანადგურებს, ფრინველი ტურამ შეჭამა. გაუსაძლისი სიტუაციაა. საცხოვრებელი ზონიდან უნდა მოიხსნას მგელზე ნადირობის აკრძალვა, როცა დასახლებულ პუნქტებში ასეთი შემთხვევებია, უნდა მოგვეცეს უფლება მოსახლეობას, რომ მოვახდინოთ ცხოველის ლიკვიდაცია”, – თქვა შოთა ზოიძემ.

ასევე მძიმე მდგომარეობაა გურიის სოფელ საჭამიასერში. იქ მხოლოდ ხუთი ოჯახი ცხოვრობს. მიტოვებულ სახლებში ცხოველებმა დაიწყეს ბუნაგების მოწყობა.

“ახლა კიდევ არა უშავს, ზაფხულში გვიან ღამდება. ზამთარში შეუძლებელია აქ ყოფნა. ყველაფერი ტყედ იქცა, თითქმის ვერსად ნახავ ადამიანს. რამდენიმე ოჯახი დარჩა და იქაც მოხუცები ცხოვრობენ. მგელი ისეთი ცხოველია, მალევე შეუძლია, შემოვიდეს სოფელში. 6 წელია, ასეთ დღეში ვართ. 100 სული საქონელი მაინც შეჭამა ამ წლების განმავლობაში. ერთი და ორი მგელი ამას ვერ იზამდა, 5 სული საქონელი დაგლიჯა. ვითხოვთ, რომ გამოგვიყონ მონადირეები, რომ დააშინონ ან დაგვეხმარონ.

50 წლის წინ 50 ოჯახი ცხოვრობდა ტყესთან ახლოს და დღეს ერთი ოჯახიც აღარ ცხოვრობს, ჰოდა, დაბუდდა მგელი. შეშას მგლების შიშით ვერ ვჭრით. საქონელს ვინღა ჩივის, ტყეში შესვლის გვეშინია, რომ ჩვენც არ შეგვჭამოს”, – თქვა ოლეგ კვინტრაძემ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა გელა აროშიძემ “რეზონანსს” დაუდასტურა, რომ სოფელში ზარალი დიდია. მათ უკვე მიმართეს გარემოს დაცვის სამინისტროს ცხოველებზე ლიკვიდაციის უფლების მისაღებად.

“სოფელში ზარალი დიდია, სამწუხაროდ, გახშირებულია მსხვილფეხა პირუტყვზე თავდასხმა. მივმართავთ გარემოს დაცვის სამინისტროს, რომ ლიკვიდირებულ იქნას ცხოველები, რომლებიც ზარალს აყენებენ მოსახლეობას და ამას დაჩქარებული წესით მოვითხოვთ”, – ამბობს აროშიძე.

მსოფლიოს ბუნების დაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა წლიური ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ გარეული ცხოველების რიცხვმა, ბოლო 40 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად იკლო. სიაში ძუძუმწოვარ ცხოველებთან ერთად, მოხსენიებული არიან რეპტილიები და ფრინველები. სწორედ ამ კვლევების საფუძველზე საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოში გაზეთ “რეზონანსს” განუცხადეს, რომ არ შეიძლება გარეული ცხოველების დახოცვა.

“გარეული ცხოველები საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას, მაგრამ ეს პრობლემები ისე უნდა მოგვარდეს, რომ ამას ცხოველის სიცოცხლე არ შეეწიროს. ადრეც ცხოვრობდნენ ადამიანები, მაგრამ გარეული ცხოველები არ აწუხებდნენ მათ. ახლა სოფლები დაიცალა და აქედან გამომდინარე ხდება ასე. სწორედ ეს უნდა გაითვალისწინონ, შეეცადონ, რომ მოუფრთხილდნენ საკუთარ სოფლებს. იქ ვინც დარჩა, ისინიც არ უფრთხილდებიან, უნდა გაიწმინდოს ტყის ტერიტორიები, რომ ცხოველებმა იქ არ დაიწყონ ბუნაგის გაკეთება. ჩვენ ყოველთვის საქმის კურსში ვართ, მაგრამ საგანგაშოს ვერაფერს ვხედავთ”, – აღნიშნა “რეზონასთან” საუბრისას კახა ნატროშვილმა.

საინტერესოა, როგორ უნდა მოიყვანოს ეს გეგმა სისრულეში იმ სოფლის მოსახლეობამ, სადაც მხოლოდ ხანდაზმული ადამიანები არიან დარჩენილი? ასეთი კი საქართველოში ასეულობით დასახლებული პუნქტია. განსაკუთრებით პრობლემაა მთიან სოფლებში, თუმცა უკვე არც ბარშია უკეთესი მდგომარეობა. მაგალითად, მგლები შენიშნეს წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკშიც. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მტაცებლებს ისინი წინა პერიოდშიც ამჩნევდნენ, თუმცა ბოლო დღეებია, გარეული ცხოველები მათ ეზოებში სისტემატურად დადიან და შინაურ ცხოველებს ხოცავენ. ადგილობრივების თქმით, სოფლებში რამდენიმე ათეული ცხოველი მგლებმა უკვე დაგლიჯეს.

“ცხვრებს, მსხვილფეხა საქონელსა და სხვა შინაურ ცხოველებს მგლები გვიხოცავენ. რამდენიმე დღის წინ სოფელ მაღლაკში მოსახლეობამ მგელი პირდაპირ გზის პირას ნახა. დახმარებას ვითხოვთ, რადგან ძალიან გვეშინია. ბავშვების გარეთ გაშვებას ვეღარ ვბედავთ”, – აცხადებს სოფელ მაღლაკის მოსახლეობა.

წყალტუბოს გამგეობაში აცხადებენ, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულები არიან. “მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა სოფელში შექმნილია სპეციალური ჯგუფები. მგლის შემჩნევის შემდეგ მოსახლეობა სოფლის რწმუნებულს მიმართავს, რწმუნებული კი სპეციალურ ჯგუფებს დავალებას მისცემს და მგლის ლიკვიდაციისთვის სოფელში მონიტორინგს ახორციელებენ”, – აღნიშნავენ გამგეობაში.

რას ფიქრობს ხალხი

თინიკო თევზაძე, 35 წლის: “17 წელია, თბილისში ვცხოვრობ. კარგა ხანია, სოფელში არ ვყოფილვარ. წელს ვიყავი რამდენიმე დღით. დაუჯერებელია, იქ რაც ხდება. სოფელ ზემოხეთში საგანგაშო მდგომარეობაა. ბავშვები გვიან ღამით საკუთარ ეზოში რომ თამაშობდნენ, იმისიც კი მეშინოდა. პირდაპირ ეზოს ღობესთან ჩამოდიოდნენ მგლები და ტურები. არავინ არის პატრონი, რომ ვინმემ ყურადღება მიაქციოს ამ პრობლემას. რაიონის გამგეობაშიც ვიყავი, იქნებ რამე მოაგვაროთ, საგანგებო ჯგუფი გამოიძახოთ-მეთქი, მაგრამ რეაგირება ამასაც არ მოჰყოლია”.

ომარ ახობაძე, 55 წლის: “მარტო ვცხოვრობ, თოფი ყოველთვის თან მაქვს. ხშირად მივდივარ თხილის საკრეფად ან ყანის მისახედად. დღეც კი საშიშია ტყეში ასვლა. ნადირი ყველგან მოდებულია, ლამის სახლებში შემოიჭრნენ. საშინელებაა, შინაური ცხოველები, თუ რამე გვყავდა, წაიყვანეს. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ სახლები დაცარიელებულია”.

სოფო ჩხიკვაძე,

წყარო: resonancedaily.com