დეპუტატი მინისტრს _ ხომ არ სჯბს ქმედებები გასცდეს სამინისტროს ფარგლებს?

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია აზიური ფაროსანას მიერ შექმნილ უმწვავეს პრობლემას _ სამეგრელო-გურიის სოფლებში თხილის მოსავლის დიდი ნაწილის განადგურებას გამოეხმაურა.

„დავაგვიანეთ თუ არ დავაგვიანეთ, ფაქტი სახეზეა – თხილის კულტურის მოსპობაზეა ლაპარაკი. შემდეგ გადავიდა სიმინდზე და სხვა კულტურებზე და თქვენ მოსახლეობას აბრალებთ…მე მაინტერესებს და ამას არ ვამბობ შურით ან ეგოიზიმით, თუ შეიძლებოდა კახეთში პატარა სტიქიაზეც განგაშის ატეხვა და სუბსიდირება, რატომ არ შეიძლება სამეგრელოში ან გურიაში? ბროშურების დარიგება და სემინარები არაფერს ცვლის!”_ განაცხადა დეპუტატმა.

პასუხად ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანას დღეს არ აქვს „ექსტრა-რესურსი“, რომელიც ახლა შეიძლება კომპენსაციებისთვის ამ ეტაპზე გამოიყენონ _ „ჩვენ რა რესურსებიც გვაქვს და რასაც ვიპოვით, უნდა მივმართოთ პრობლემის მოგვარების კუთხით“, – აღნიშნა მინისტრმა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის მსგავსად, აგრარული კომიტეტის სხდომაზე აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით ისაუბრა ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ. როგორც მან აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პრობლემა, რომელიც თავისი შეიძლება სცდება კიდეც ბევრ პრობლემას.  აუცილებელია დაიგეგმოს ახალი ღონისძიებები საიმისოდ, მწერმა არ მოიცვას მთლიანად საქართველო და მან  სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს წინადადებით მიმართა _ ხომ არ იქნებოდა უმჯობესი, ეს ქმედებები გასცდეს სამინისტროს ფარგლებს და ადგილზე შეიქმნას საგანგებო შტაბი, რომელიც მწერთან საბრძოლველად მოკლე და გრძელვადიან გეგმას შეიმუშავებს.

„წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანას ებრძოდა მტერს ფარით, ხმლით, ზარბაზნით, ნებისმიერი სხვა საშუალებით შემოსულს და დღეს გვიწევს ბრძოლა მწერთან, რომელსაც ფარიც აქვს, ხმალიც და ასე ნელ-ნელა გვანადგურებს, შემოგვესია და უზარმაზარ ზიანს გვაყენებს. დღეს არის იმის რეალური დრო, რომ ამ სიტყვის სრული დატვირთვით, შემოვკრათ განგაშის ზარებს, დავგეგმოთ და მთავრობამ პირველ რიგში მიიღოს საგანგებო ზომა, რომ ზარალი, რაც უკვე მოგვაყენა მავნებებმა, არ გასცდეს ამ საზღვრებს“, – აღნიშნა მაჟორიტარმა.

მერაბ ქვარაიას განმარტებით, ის იმყოფებოდა რეგიონში და ნახა, თუ რა ღონისძიებები ხორციელდებოდა დღე-ღამის განმავლობაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ. მანვე გაიხსენა ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება აღნიშნულ საკითხზე და განმარტა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ძლიერ სახელმწიფოს ფაროსანამ ათ მილიარდ დოლარზე მეტი ზიანი მიაყენა.

ზუგდიდის სოფლების მოსახლეობა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით პერიოდულად საპროტესტო აქციებს მართავს.

 წყარო: www.livepress.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.