ეკონომიკის მხსნელი დღეს სოფლის მეურნეობაა
აგროექსპერტთა ასოციაციის წარმომადგენელი მიხეილ ჭიჭაყუა ფერმერული მეურნეობების განვითარების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და ეპიდემიის გავრცელებას გამო ეკონომიკაში შექმნილი პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გამოსავალს აგრარული სექტორის ხელშეწყობაში ხედავს, რომ მისი აზრით სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯის გადადგმა კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად უნდა წარიმართოს.
,,ბოლო დღეების განმავლობაშიც დავინახეთ, რომ ბევრი ადამიანი დაბრუნდა სოფელში და ეს ტენდენცია შეუქცევადი უნდა გახდეს მშვიდობიანობის პერიოდშიც სოფლის ასაღორძინებლად. სოფლის მეურნეობის მოქნილობისთვის ყველაზე მთავარი საოჯახო ფერმერული მეურნეობების მხარდაჭერა და მათი განვითარებაა, რაც თავის თავში ბევრ რამეს მოიაზრებს. მეცხოველეობის სეგმენტში მდგომარეობის გამოსასწორებლად ბევრი შრომაა საჭირო. უპირატესად გასათვალისწინებელია, რომ ეს სექტორი დიდწილად საკვებ ბაზაზეა დამოკიდებული, ამისთვის კი მიწის რესურსია ასათვისებელი.
მიწის გონივრული გამოყენება გულისხმობს კულტურული სათიბ-საძოვრების განვითარებას.საძოვრები უნდა გავხადოთ ნაყოფიერი, თუკი დღეს მათი პროდუქტიულობა 1 ჰა-ზე 1200 საკვები ერთეულია, ის უნდა გაიზარდოს 5000-7 000 საკვებ ერთეულამდე, როგორც ეს მაგალითად ჰოლანდიაში ან დანიაშია“, _ ამბობს მიხეილ ჭიჭაყუა და დასძენს, რომ ქვეყანაში მთავარი აქცენტი სტრატეგიული პროდუქციის წარმოებაზე უნდა გაკეთდეს.
,,სასურსათო უსაფრთხოების დონეზე ისეთი მდგომარეობაა, რომ ფერმერმაც და სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს სტრატეგიულად საჭირო პროდუქციის წარმოებაზე, როგორიცაა მარცვლეული, შემდეგ უკვე – ხორცისა და რძის წარმოებაა მისახედი.
საქმე ზაფხულამდეც ვერ მოიცდის, პროცესები ძალიან სწრაფად უნდა დაიწყოს, პარალელურად უნდა ყველა სახელმწიფო ინსტიტუციამ, ახლა გაჩერების უფლება არ გვაქვს.
დღეს მსოფლიოში ყველა ქვეყანა თავისი პრობლემის მოგვარებაზეა ორიენტირებული. ამიტომ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია ფერმერული მეურნეობების განვითარება, რომელიც მთავარი ზრუნვის ობიექტი უნდა გახდეს. საჭიროა ისეთი პროდუქტის შექმნა, რომლის დეფიციტსაც განვიცდით.
ფერმეების როლი გასაძლიერებელია,სახელმწიფოს სურვილი და სწორი პოლიტიკა კი ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრებაში შეგვიწყობს ხელს. საგაზაფხულო სეზონი იწყება და ძალების გაასმაგება უნდა მოხდეს, რომ კრიზისს დროულად დავაღწიოთ თავი”, – აცხადებს მიხეილ ჭიჭაყუა.
აგროექსპერტთა ასოციაცია
წყარო: agroface.ge