ელექტრონული სოფლის მეურნეობა

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილება, რომლებსაც გააჩნიათ კარგად განვითარებული აგრარული სფერო, მოწმობს იმას, რომ მათ განვლეს თავისებური ტექნოლოგიური რევოლუცია. კლასიკური ექსტენსიური მიწათმოქმედება შეცვალეს ზუსტი მიწათმოქმედებით, ფართოდ იყენებენ გეოინფორმაციულ ტექნოლოგიებს, მრავალოპერაციულ ენერგოდამზოგ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, მიმართავენ სხვადასხვა ჯიშის უხვმოსავლიანი ერთწლოვანი და მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების სელექციას, გამოჰყავთ სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების მაღალპროდუქტიული ჯიშები და ა.შ.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულთან ერთად ამ ქვეყნებში უმაღლეს დონეზეა განვითარებული  საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები სოფლის მეურნეობაში ანუ ფართოდ არის გავრცელებული ელექტრონული სოფლის მეურნეობა, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობაში სამეცნიერო კვლევებით მიღებული შედეგების წარმატებით გავრცელებას.

სოფლის მეურნეობაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვა და გავრცელება სარგებლობის მომტანია არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლებისათვის, არამედ სოფლის ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც, რომლებიც არ არიან დასაქმებული აღნიშნულ დარგში. იგი ფერმერებისათვის აგვარებს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ცოდნის მიღება, წვდომა სხვასხვა ინფორმაციაზე, ელექტრონული სწავლება და საკონსულტაციო მომსახურება, ფერმერული მეურნეობის საქმიანობის დაგეგმვა, სპეციალური ყიდვა-გაყიდვის პორტალების შექმნა. გარდა ამისა, ელექტრონული სოფლის მეურნეობა ხელმისაწვდომს ხდის სოფლის მოსახლეობის წვდომას ჯანდაცვის, განათლებისა და ელექტრონული მმართველობის საბაზისო მომსახურებაზე. საბოლოო ჯამში, საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტენსიური ათვისება განაპირობებს სოფლად ცხოვრების დონის ამაღლებას, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ამაღლებს ცოდნის დონეს და უზრუნველყოფს საუკეთესო პირობებს სოფლის ეკონომიკის საერთო განვითარებისათვის.

ელექტრონული სოფლის მეურნეობის მიზანია სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირთათვის ინფორმაციის განუწყვეტლივი და შეუფერხებელი მიწოდება გარე წყაროებიდან ინტერნეტის  საშუალებით, დროის ნებისმიერ მონაკვეთში გარე სამყაროს ნებისმიერი წერტილიდან. მაგალითად სინოპტიკოსების მიერ ფერმერებისათვის განკუთვნილი მუდმივად განახლებადი საინფორმაციო მონაცემები შესაძლებელია ხელმისაწვდომი იყოს მთელი დღის განმავლობაში. ეს კი განაპირობებს ქიმიური საშუალებების გამოყენების ეფექტურობას და ამასთან ერთად ამცირებს გარემოს დაბინძურებას. ცნობილია გაფრთხილების ისეთი სისტემები, რომლებიც ფერმერებს ამცნობს მცენარეების მავნებლებისა და დაავადებების შესახებ. თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს მიეკუთვნება: საინფორმაციო ქსელები, მობილური ტელეფონებით მომსახურება და დანართი მობილური ტელეფონებისათვის, სტაციონარული ტელეფონები, ტელევიზორები, რადიომიმღებები, სენსორები, დრონები,  თანამგზავრი და კომპიუტერული ეპოქის სხვა ინოვაციური ტექნოლოგიები.

სწორედ აღნიშნულ საკითხებს მიეძღვნა მიმდინარე წლის 7-9 დეკემბერს ყირგიზეთის, ქალაქ ბიშკეკში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში FAO-ს რეგიონალური ბიუროს ეგიდით გამართული რეგიონალური საკონსულტაციო თათბირი. იგი გახსნა ყირგიზეთის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და მელიორაციის მინისტრმა ნურბეკ მურაშევმა. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა FAO-ს ოფიციალურმა წამომადგენელმა ყირგიზეთის რესპუბლიკაში ჯორჯ კინლეიმ.

საკონსულტაციო თათბირი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდ

თათბირზე აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში შეიქმნას ეროვნული ელქტრონული სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია, რომელიც უნდა მოიცავდეს სამ მნიშვნელოვან ნაწილის: ეროვნული ელექტრონული სოფლის მეურნეობის კონცეფცია; ეროვნული ელექტრონული სოფლის მეურნეობის მოქმედების გეგმა; ეროვნული ელექტრონული სოფლის მეურნეობის  მონიტორინგი და შეფასება.

მნიშვნელოვანია დაინტერესებული მხარეების ჩართულობა კონცეფციის შექმნაში. ამ მიმართულებით შეიძლება გამოიყოს ოთხი დაინტერესებული ჯგუფი და გამოიკვეთოს მათი როლი ამ პროცესში: პირველი – ხელმძღვანელი კომიტეტი, რომელიც ღებულობს ძირითად გადაწყვეტილებებს; მეორე – აკადემიკოსები, წამყვანი მეცნიერები და სასოფლო-სამეურნერო სექტორის სხვა წარმომადგენლები, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორის წარმომადგენლები, ფერმერული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელმძღვანელი კომიტეტის მრჩევლები – ყველა ისინი ახდენენ ზეგავლენას კონცეფციის შემუშავებაზე. მესამე – საზოგადოება, რომელიც ასევე ჩართულია ამ პროცესში. მას მიეკუთვნება ფერმერები, ფერმერთა კოოპერატივები და ასოციაციები, საზოგადოებრივი ჯგუფები. მეოთხე ეს არის დაინტერესებულთა ფართო სპექტრი, რომელშიც შედის სოფლის მეურნეობის განვითარების შესაბამისი სტრუქტურები (სააგენტოები და ა.შ.), აგრარული მიმართულების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, ფერმერთა კოოპერატივები და ასოციაციები, ელექტრონული სოფლის მეურნეობის მომსახურების და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმწოდებლები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, საინვესტიციო კომპანიები, სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სამსახურები.

დღეისათვის აზიისა და სამხრეთ კავკასიის ჻სხვადსხვა ქვეყანაში  შექმნილია  პორტალები, რომლებიც შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სხვასხვა მიმართულებით და წარმატებულს ხდის ელექტრონულ მმართველობას. ეს პორტალებია: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სახელმწიფო რეგისტრაციის; შემოტანილი სურსათის უვნებლობის; სასოფლო-სამეურნეო ცხოველების იდენტიფიკაციის; წყლის რესურსებისა და ბალანსის; მიწათმოქმედების, ფიტოსანიტარიული უსაფრთხოების და საკარანტინო ღონისძიებების მონიტორინგის; მეთევზეობის რესურსების აღრიცხვის; ტყითსარგებლობის, ტყის რესურსების, განსაკუთრებულად დაცული ბუნებრივი ტერიტორიების, ცხოველთა სამყაროს; მეცხოველეობა და ვეტერინარიული უსაფრთხოების; მარცვლოვნების ჩამონათვალის ელექტრონული სისტემის; საკრედიტო განაცხადების შეკრებისა და დამუშავების სისტემის და ა.შ. ასეთი პორტალების არსებობის ერთ-ერთი დადებითი მხარე ისიცაა, რომ ისინი საბოლოოდ მოაწესრიგებს სოფლის მეურნეობის სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც გახდება უფრო ზუსტი და სარწმუნო,  მნიშვნელოვნად გამორიცხავს ფალსიფიცირებას და აამაღლებს სურსათის უვნებლობას.

გაიმართა დისკუსია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტექნიკურ საკითხებზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საინფორმაციო-ტექნოლოგიური სამმართველოს უფროსმა გაიოზ მხეიძემ.

საკონსულტაციო თათბირის მუშაობა შეაჯამა CACAARI-ის  აღმასრულებელმა მდივანმა, დოქტორმა ალიშერ ტაშმატოვმა. მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები. გამოიკვეთა შემდგომი საკონსულტაციო თათბირის ჩატარების ადგილის სავარაუდო ვარიანტები (აზერბაიჯანი, საქართველო, უნგრეთი) და თემატიკა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, დოქტორი, ანატოლი გიორგაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.