ENPARD-ის პარტნიორმა ორგანიზაცია Evoluxer-მა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან დაკავშირებული ტრენინგის ინსტიტუციონალიზაციის შესახებ პრეზენტაცია გამართა

2017 წლის 9 ივნისს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ესპანურმა ორგანიზაციამ Evoluxer-მა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან დაკავშირებული ტრენინგის ინსტიტუციონალიზაციის შესახებ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს გაძლიერების“ ფარგლებში გაიმართა.

 Evoluxer-ის კონსულტანტმა კახაბერ ერაძემ, შეკრებილ საზოგადოებას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თემაზე აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემუშავებული მოდული წარუდგინა. დაგეგმილია მოდულისთვის ოფიციალური აკრედიტაციის მინიჭება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, რის შემდეგაც მოხდება მისი გამოყენება ფორმალური განათლების კუთხით, სამეწარმეო პროგრამის ფარგლებში, აგრარული მიმართულების სტუდენტებისთვის.

ბატონი ერაძის თქმით მოდული ეფუძნება Evoluxer-ის მიერ კოოპერატივების წევრებისა და მენეჯერებისთვის ჩატარებულ გადამზადების მოდულებს შემდეგი მიმართულებებით: „სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის საფუძვლები“, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სამართლებრივი რეგულირება და შიდასაწარმოო ურთიერთობების წესები“ და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ორგანიზაციული განვითარების ციკლი“.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს გაძლიერების“ პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა მანფრედ შუსელმა ხაზი გაუსვა საქართველოში კოოპერაციის განვითარების მნიშვნელობას და ყურადღება გაამახვილა წარმოდგენილი მოდულის პოტენციალზე ახალგაზრდების კოოპერაციის პორცესში ჩართვის კუთხით: „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოდულის ინსტიტუციონალიზაციის მეშვეობით საქართველოში ახალ თაობას შესაძლებლობა ექნება საფუძვლიანად გაეცნოს კოოპერაციის საკითხს, რაც მათ საშუალებას მისცემს აღნიშნული ერთობის სიკეთეებით ისარგებლოს; ამავდროულად, ისინი თავდ გახდებიან კოოპერაციის იდეის გამავრცელებლები საქართველოში.“

პრეზენტაციას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული სასწავლებლების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, ENPARD-ის კონსორციუმის წევრები და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები. შეხვედრაზე მოხდა მოდულის განხილვა და მხარეებმა გაახმოვანეს შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება მოდულის საბოლოო  ვარიანტში.

კოოპერატივების განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებები საქართველოში EVOLUXER-ის მიერ ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებშიტარდება. ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის მეშვეობით მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლად განვითარებას საქართველოში. პროგრამა დაიწყო 2013 წელს და მისი ბიუჯეტი 102 მილიონ ევროს შეადგენს (2013-2019). ENPARD-ის პროგრამის მთავარი მიზანია საქართველოში სოფლად სიღარიბისაღმოფხვრა. დამატებითი ინფორმაცია ENPARD-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: www.enpard.ge