Forbes-მა საქართველო ღვინის სამშობლოდ აღიარა
„ღვინის 8000-წლოვანი ისტორიის მარკეტინგი შავი ზღვის სანაპიროზე” – ამ სათაურით აქვეყნებს გავლენიანი ამერიკული ბიზნესგამოცემა „ფორბსი” ქართული ღვინის შესახებ სტატიას. სტატიის ავტორის, თომას პელეჩიას სიტყვებით, საქართველოში ღვინო ადამიანთა მოდგმის ცივილიზაციის დაბადებიდან მზადდება. ავტორის ცნობით, არქეოლოგებმა ქართული ღვინო ქრისტესშობამდე 6 ათასწლეულით წინ დაათარიღეს.
სტატიაში საუბარია ქვევრში ღვინის დაყენებს მეთოდზე და აღნიშნულია, რომ დღევანდელ საქართველოშიც მისდევენ ღვინის დაყენების ამ უძველეს მეთოდს. სტატიაში ხაზგასმულია, რომ ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია ღვინის მწარმოებელ ევროპულ ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ამერიკაში თანდათან პოპულარული ხდება. ლაპარაკია ასევე იმაზე, რომ ქვევრის თიხა ღვინოს სრულიად უნიკალურ ტონებს ანიჭებს.
ავტორი დიდ ყურადღებას უთმობს ასევე ქართული ვაზის ჯიშურ მრავალფეროვნებას და ამბობს, რომ ვაზის ზოგიერთი ქართული ჯიში 5000 წლისაც კი არის. ის განსაკუთრების გამოყოფს საფერავს და რქაწითელს, როგორც ორ უნიკალური თვისებების მატარებელ ჯიშს, რომლებსაც ყველაზე უკეთ იცნობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„ფორბსში” აღწერილია შვედი მეცნიერების ჯგუფის ნაშრომის შესახებ, რომლებმაც ამერიკის ღვინის ეკონომისტების ასოციაციას საკუთარი კვალიფიციური დასკვნა წარუდგინეს ქართული ღვინის შესახებ, ხოლო დასკვნის მომზადების პროცესში ქართულ მარნებს სტუმრობდნენ.
აქვე ავტორი წერს იმის შესახებაც, რომ შვედი მეცნიერები რჩევებს აძლევენ ქართველ მეღვინეებს, რათა ამ უკანასკნელებმა ის ფაქტი, რომ მეღვინეობის უძველესი ქართული ტრადიციები მე-18 და მე-19 საუკუნეებში ევროპული მეღვინეობის ტრადიციებს შეერწყა, მძლავრ მარკეტინგულ ინსტრუმენტად გამოიყენონ დასავლურ ბაზარზე. ისინი შეკითხვებს სვამენ იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურად იყენებს საქართველო ღვინის საკუთარ ისტორიას მარკეტინგული თვალსაზრისით.
ავტორი აღწერს შატო მუხრანს, როგორც ქართული და ევროპული მეღვინეობის ტრადიციების ერთგვარი წარმატებული სინთეზის მაგალითს და განუმარტავს მკითხველებს, რომ ღვინის ეს საწარმო 1878 წელს არის დაარსებული. რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო გვერდის ავლა ჭავჭავაძეების წინანდლისეული მამულისთვის (ალექსანდრე ჭავჭავაძე ერთ-ერთი პირველთაგანი იყო საქართველოში, ვინც საკუთარი მამული ევროპულ ყაიდაზე მოაწყო და ქართულ ტრადიციებს ევროპული წესები საუკეთესოდ შეუხამა) და ეს არც მომხდარა; შესაბამისად, წინანდლის მამულსაც ვრცელი ყურადღება ეთმობა სტატიაში.
“ფორბსი” წერს, რომ საქართველოს ღვინის მარკეტინგი დღეს მთლიანად იმ ფაქტს ემყარება, რომ აქ ღვინოს 8000-წლოვანი ისტორია აქვს და ქართული ღვინის ძირითადი ბაზარი ისევ რუსეთია. არადა, სტატიაში გამოთქმული პათოსის თანახმად შესაძლებელია, აქტიურად ყოფილიყო გამოყენებული მე-18 და მე-19 საუკუნეების წარსულიც, როცა ქართული ღვინის უძველესი ტრადიციები ევროპულს შეერწყა.
შვედი მეცნიერების დასკვნით, რასაც „ფორბსის” ავტორი აჟღერებს, საქართველომ მარკეტინგული თვალსაზრისით მკაფიოდ შეიძლება გააჟღეროს ასევე ისიც, რომ აქ 500-ზე მეტი ჯიშია გავრცელებული.
უნდა ითქვას, რომ მართლაც გასათვალისწინებელი რჩევებია. ჩვენს მიერ მე-18 და მე-19 საუკუნის ქართული მეღვინეობა მართლაც არ არის სათანადო დონეზე შესწავლილი და გამოყენებული მარკეტინგული თვალსაზრისით.
უდავოა, რომ ქართულ მეღვინეობას იმაზე გაცილებით უფრო დიადი ფესვები აქვს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და ამას უცხოელები ჩვენზე ბევრად უფრო უკეთ ამჩნევენ.
წყარო: allwine.ge