განმარტება 73 ტონა რუსული თაფლის შეძენის შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შსს მიერ 1 მილიონ ლარად 73 ტონა რუსული თაფლის შეძენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას განმარტავს.
როგორც ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შესაძლოა, უწყებაში დასაქმებულთა კვებისთვის 2019 წელს 1 მილიონი ლარის ღირებულების რუსული თაფლი შეიძინოს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული შესყიდვით თაფლი სასაზღვრო პოლიციის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და სხვა უწყებებისთვის არის განკუთვინილი.
ტენდერში გამარჯვებული კომპანიას, რომელიც სახელმწიფოს ერთი კგ. თაფლს 14 ლარად სთავაზობს, გავრცელებული ინფორმაციით თაფლს რუსული კომპანია „Апидей” მიაწვდის.
კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა.
აღნიშნულთან დაკავშირებით შესყიდვების სააგენტო განმარტავს:
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისთვის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ნატურალური თაფლის შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერი გამოცხადებული იქნა შესაბამისი – კონკრეტულად ნატურალური თაფლის კლასიფიკატორის კოდით. შესაბამისად, ყველა სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო ტენდერში მონაწილეობა.
ამასთან, 597 სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს გაეგზავნა ინფორმაცია ტენდერის გამოცხადების შესახებ.
ტენდერი ამ დროისთვის არის შერჩევა/შეფასების ეტაპზე, მასში გამარჯვებული მიმწოდებელი კომპანია არ არის გამოვლენილი.
ამჟამად მიმდინარეობს ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის შერჩევა/შეფასება, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე საჯაროდ ატვირთული დოკუმენტაციის საფუძველზე.
მოვუწოდებთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს თავი შეიკავონ ტენდერის დასრულებამდე საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან და სატენდერო პროცესის არასწორი ინტერპეტაციისგან“.
წყარო:bm.ge