გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების წესეში ცვლილება განხორციელდება

დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღეს მესამედ განიხილა და ამჯერად მხარი დაუჭირა კანონპროექტს „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გამოიტანა.

აღნიშნული კანონპროექტის მიღების შედეგად, მუნიციპალიტეტებზე კანონით მოხდება გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების დელეგირება. ეს ჩაანაცვლებს დღეს არსებულ გართულებულ პრაქტიკას – ხელშეკრულებით დელეგირებას.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ, მუნიციპალიტეტები დამოუკიდებლად შეძლებენ გადაწყვიტონ მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში მოსახლეობასა და ქონებაზე გარეული ცხოველების თავდასხმისას ან/და მათთვის ზიანის მიყენებისას, ოპერატიულად მიიღონ გადაწყვეტილებები და განახორციელონ გარეული ცხოველების ბუნებრივი გარემოდან ამოღება.

შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა „საქართველოს ტყის კოდექსის“ პროექტს.

სხდომის დასასრულს კომიტეტის წევრებმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2020 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

კომიტეტის სამოქმედო გეგმა მოიცავს როგორც კანონშემოქმედებით, ასევე საზედამხედველო საქმიანობას, გამჭვირვალობისა და კომუნიკაციის მიმართულებით აქტივობას. ნინო წილოსანმა ყურადღება გაამახვილა სამოქმედო გეგმის რამდენიმე აქტუალურ საკითხზე, მათ შორის, იმ მნიშვნელოვან კანონპროექტებზე, რომელთა ინიცირება და განხილვა იგეგმება საგაზაფხულო სესიის განმავლობაში. ეს არის – აკვა კულტურის შესახებ კანონპროექტი, რომლის ინიცირება უკვე მოხდა; ტყის კოდექსი; წყლის რესურსების მართვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი; გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი; ნარჩენების ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის შესახებ კანონპროექტი; სხვადასხვა დაცული ტერიტორიების, მათ შორის, ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ კანონპროექტი.