ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

საქართველოს მიწის კოდექსი აუცილებლად და სასწრაფოდაა მისაღები

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

მოგეხსენებათ, სახელმწიფოს შექმნის უპირველესი პირობაა ტერიტორიული იდენტობა, ხოლო სახელმწიფოს ტიპზე, მის სიძლიერეზე მეტყველებს, თუ ეს ტერიტორია როგორ იმართება და რამდენად დაცულია კანონის მიერ. ეს მდგომარეობა ავალდებულებს სახელმწიფოს დააარსოს ქვეყნის მიწების მართვასა და გამოყენებაზე განსაკუთრებული წესებისა და შეზღუდვების მთელი სისტემა. ამ სისტემის შესაქმნელად: სახელმწიფოს მოვალეობაა – მიწასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და სამართლებრივი ჩარჩოების ფორმულირება; უფლებაა – ჩაერიოს საქმიანობაში რომელიც აუარესებს მიწის მდგომარეობას, მიიღოს სხვადასხვა სამართლებრივი სანქციები მიწათმესაკუთრეების, მიწათმფლობელების და მიწათმოსარგებლეების მიმართ; პრეროგატივაა – განსაზღვროს მიწის რესურსებით სარგებლობის ძირითადი მიმართულებები, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭოს მიწების დანიშნულებით გამოყენების სწორ გადაწყვეტას, მიწების ნაყოფიერების გაუმჯობესებას და ნიადაგის დაცვას.

ღია წერილში საკითხის დეტალურად განხილვის შესაძლებლობის არქონის გამო, პრობლემის აუცილებლობაზე და ქვეყნისთვის მის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე განმარტებების მოყვანის გარეშე, პირდაპირ მოგახსენებთ, რომ საკითხი ეხება საქართველოს მიწის კოდექსს – მიწის უზენაეს კანონს.

მიწის ფონდში მომხდარ ნებისმიერ ცვლილებას სახელმწიფო უნდა განაგებდეს ერთიანი, უზენაესი კანონით – მიწის კოდექსით და ამ კოდექსის საფუძველზე შემუშავებული წესებისა და რეკომენდაციებით: მონიტორინგს უწევდეს და აანალიზებდეს მიწის ყოველწლიური ბალანსის მდგომარეობას; აწესრიგებდეს მიწის რესურსების გამოყენების, სარგებლობის ძირითად მიმართულებებს; შეიმუშავებდეს ლანდშაფტურ – ეკოლოგიური მართვის განსაკუთრებულ წესებსა და შეზღუდვებს; მათ შორის, ინტენსიური და არაინტენსიური სავარგულების მატება – კლების დინამიკას, ქალაქთმშენებლობის, გზების და სხვა საჭიროებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის ბრუნვიდან ამოღებას, სამაგიერო მიწის ჩანაცვლებას და ა.შ.

მოქმედმა მიწის კანონმდებლობამ, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გარდა, მოიცავს რამდენიმე სპეციალურ კანონს, მთლიანობაში, ვერ მოაწესრიგა მრავალი პრობლემა , რომელიც მტკივნეულად დგას სახელმწიფოს წინაშე .

მიწის კოდექსის უქონლობა მიწის ეფექტურ მართვას, რაც ქვაკუთხედს წარმოადგენს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, დღეისათვის გააჩნია გამოწვევები, რომლებიც პირობითად შესაძლებელია დაიყოს ორ ნაწილად: პირველი – მიწის რესურსების განვითარებისა და დაცვის ხედვის, სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამის არარსებობა; მეორე – მიწათსარგებლობის შესახებ მონაცემების არ არსებობა; რომელიც თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის / სტრატეგიის შემუშავებასა და მის მართვას.

სახელმწიფო, რომელიც ვალდებულია შეიმუშაოს ქვეყნის ოპტიმალური და პერსპექტივაზე გათვლილი პოლიტიკა, აუცილებელია მის მიერ შექმნილი ერთიანი , უზენაესი კანონით (კოდექსით) იცავდეს მიწის მართვასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან, მრავალმხრივ და ხშირად წინააღმდეგობრივ პრობლემებს.

თანამედროვე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს მიწის კოდექსი, რომელიც განსაზღვრავს და მოიცავს კანონით დადგენილ ყველა ფორმას რაც შეიძლება არსებობდეს მიწასთან დაკავშირებით.

საქართველოს მიწის კოდექსი აუცილებლად და სასწრაფოდაა მისაღები. მხოლოდ მის საფუძველზეა შესაძლებელი მიწის ბაზრის ისეთი სისტემის ჩამოყალიბება ქვეყანაში, რომელიც თავისუფალი იქნება დღეს ამ სფეროში არსებული მოუწესრიგებლობისა და საზოგადოებრივი დაძაბულობისაგან.

საქართველოს მიწის კოდექსის შესაქმნელად დიდი დრო არ არის საჭირო, ვინაიდან მეცნიერ-პრაქტიკოსათა ჯგუფის მიერ ბოლო ორ ათწლეულში დამუშავებულია  მიწის კოდექსის ძირითადი ნაწილები, რომლის შეკვრა, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, კოდექსის პროექტის სამუშაო ვარიანტად,  შესაძლებელია  ოპტიმალურად მცირე ვადაში.

პატივისცემით, პროფესორები

პაატა კოღუაშვილი,
ჯუმბერ ფანჩულიძე,
ანზორ  მესხიშვილი,
მიხეილ ჯიბუტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.