ღვინის ხარისხის კონტროლი და ბაზრის დივერსიფიკაცია

საქართველოს მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, მეღვინეებთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის ახალი ფორმატი შეიქმნება — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ბაზრების დივერსიფიკაცია და ხარისხზე მუშაობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

„ახალი ენერგია გვჭირდება ეკონომიკაში არა მხოლოდ იმიტომ, რომ დამატებითი სამუშაო ადგილები შევქმნათ, არამედ ქართული ბიზნესი უნდა იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე არის დღეს. თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც არა მხოლოდ სოფლის მეურნეობას განავითარებს, ასევე დიდი გადაცემის ეფექტი გაქვთ. ამიტომ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის პრობლემები, რომლებიც გაქვთ და ხარვეზები, რომლის გამოსწორებაც სწრაფად შეგვიძლია, ასევე სისტემურ თემებზეც შეგვიძლია ვისაუბროთ და ამ თემების მოგვარება ნელ-ნელა დავიწყოთ. მეღვინეობა არ არის მხოლოდ ეკონომიკა, ეს ჩვენი კულტურული იდენტობის ნაწილია და მინდა, ყოველგვარი შებოჭვის გარეშე მითხრათ, სად გჭირდებათ დახმარება“— განაცხადა გახარიამ.

კონკრეტულად რა პრობლემები დაასახელეს მეღვინეებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე და რა პერსპექტივები აქვს ქართულ ღვინოს საერთაშორისო ბაზრებზე? „კომერსანტის“ მიერ გამოკითხული ბიზნესმენები ზოგადი კომენტარებით შემოიფარგლნენ, რადგან განაცხადეს, რომ შეხვედრა მოთელვითი ხასიათის იყო, თუმცა, დროული და სასარგებლო. მეღვინეებს იმედი აქვთ, რომ ასეთი ფორმატის შეხვედრები სამოამვლოდაც გაგრძელდება, რაც დარგს გააჯანსაღებს.

კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობის“ (KTW ჯგუფი) დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანს საშუალება ეძლევა დასვას შეკითხვა და ავტომატურად, პასუხი მიიღოს.

ჩხაიძის თქმით, პრემიერთან მეღვინეებმა შიდა ბაზრის რეგულაციაზე და მის პერსპექტივაზე, ასევე გარე ფაქტორებზე და მის რისკებზე ისაუბრეს.

„დარგი ნახევარზე მეტი პროცენტულობით დამოკიდებულია რუსეთის ბაზარზე, ეს კი რისკია. განვიხილეთ ამასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები. დაიგეგმა სხვადასხვა ბაზრებზე მარკეტინგული აქტივობები. მათ შორის, აქცენტი კეთდება ევროპის და ამერიკის ბაზრებზე. საუბარი იყო იმაზე, რომ მეღვინეობის დარგი უფრო მეტად გაჯანსაღდეს, მოძლიერდეს, უფრო მეტად წარმოაჩინოს სხვადასხვა ქვეყნებში ქართული მაღალხარისხოვანი პროდუქცია. ასევე გაჟღერდა ახალი ლაბორატორიის შეძენის შესახებ, რომელიც დიდად წაადგება დარგს. მომავალ წელს ეს ლაბორატორია ფუნქციონირებას დაიწყებს, შეამოწმებს ღვინის ხარისხს და საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატს გასცემს,“— აცხადებს ჩხაიძე.

ბიზნესმენის განცხადებით, პრემიერის მიერ დაისვა საკითხი, რომ ღვინის კლასიფიცირება უნდა მოხდეს მაღალ სეგმენტში და უნდა ვეძებოდთ გზები იმისთვის, რომ ამერიკასა და ევროპაში სახელი დავიმკვიდროთ. კითხვაზე, კონკრეტულად რაში და როგორ დაეხმარება ხელისუფლება მეღვინეებს ბაზრის დივერსიფიკაციაში, ჩხაიძე განმარტავს, რომ 2020 წლის ბიუჯეტში 9 მილიონ ლარზე მეტია მარკეტინგული კამპანიისთვის გამოყოფილი და განსასაზღვრულია ამ თანხის ხარჯვის მიზნობრიობა.

„ევროპის ბაზარზე ჩვენ გვაქვს პოტენციალი იმისა, რომ ჩვენთვის პრემიალურ და ევროპისთვის საშუალო კლასის ღვინოებში მცირეოდენი წილი დავიკავოთ. ევროპული ბაზარი საკამოდ სტაბილურია,“— აცხადებს ჩხაიძე.

„თელავის ღვინის მარანის“ სამეთვალყურეო საბჭოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ რამაზაშვილი აცხადებს, რომ მეღვინეებს ასეთი დონის შეხვედრა 2006 წლის შემდეგ არ ჰქონიათ, შესაბამისად, იდეა ძალიან კარგია. მისი განმარტებით, მას შემდეგ სექტორი გაიზარდა და ახალი გამოწვევების წინაშეც დადგა.

„მას შემდეგ რეალობაც შეიცვალა, ამიტომ ასეთი შეხვედრები დროულია. ეს იყო ფაქტობრივად მოთელვითი შეხვედრა, ჩანიშვნები გაკეთდა და იმედი მაქვს, რომ ამას შემდგომი რეაქციაც ექნება. მეორე შეხვედრაზე ალბათ ახალი შეთავაზებებით შევხდებით ერთმანეთს,“— აცხადებს რამაზაშვილი.

რამიშვილის  განცხადებით, პრობლემებს შორის დასახელდა ღვინის ხარისხის კონტროლი და ბაზრის დივერსიფიკაცია. როგორც რამაზაშვილი აღნიშნავს, პრემიუმ სეგმენტის მიღწევა ასე მარტივად არ ხდება. ამას სჭირდება გრძელვადიანი შრომა, გეგმის შედგენა. მთავრობის მხრიდან ფალსიფიკაციის აღმოსაფხვრელად და ხარისხის ასამაღლებლად იქნება ერთ-ერთი ნაბჯი ის, რომ შეიქმნება საერთაშორისო სტანდარტების მქონე ლაბორატორია.

სოფო ქსოვრელი 

წყარო: Commersant