ღვინის ხარისხის კონტროლის იანვრის მონაცემები

ყურძნისგან მიღბული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლი ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

წლეულს, იანვრში ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ალკოჰოლიანი სასმელების კომპანიებში 18 საინსპექციო კონტროლი განახორციელა და ინსპექტირებისას აღებული 55 ნიმუში გადაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიებში.

ლაბორატორიული შემოწმებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში  ნიმუში არ შეესაბამებოდა სერტიფიცირებისთვის წარმოდგენილ ნორმას, რის გამოც კომპანიას უარი ეთქვა სერტიფიკატის მიღებაზე.

ამავე პერიოდის მონაცემებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ ყურძნისგან მიღებული ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით 19 დეგუსტაცია ჩაატარა. სულ წარმოდგენილი იყო 637 ნიმუში, მათგან 32 შეფასდა უარყოფითად, დანარჩენი 605 დადებითად.