ღვინის ნაკვალევი

დღევანდელ ჩვენ მოკლე წერილში შევეხებით იმ რთულ და ვიწრო გზის ნაწილს, რაზედაც ჩვენი ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობის დარგებს მოუწია გავლა. ერთთავად მოღერებული ხმლის ქვეშ მყოფ ქართველობას ვაზისა და ღვინის გარეშე არასოდეს უცხოვრია. ამ საგანს ძველთაგანვე მიხვდა ჩვენი მეზობელი თუ გადამთიელი მტერი და ისინი ქრისტიანობასთან ერთად ქართულ ვაზსაც ებრძოდნენ და ჩეხავდნენ. ერთი კია, რომ ზემოხსენებული მეზობელი, თუ გადამთიელი მტერი ქართველ კაცს, ჩვენს მართალ სარწმუნოებასა და ქართული ვაზის ჯიშებს ერთ მთლიან სხეულად აღიქვამდა და უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში ისინი ცამდე მართლებიც იყვნენ. როგორც სარწმუნოების, ისე ღვინის ქართულად დაყენების აკრძალვით ქართველ კაცში ამ ორი სიწმინდისადმი ლტოლვა და რწმენა უფრო ძლიერდებოდა და მტკიცდებოდა. ამგვარ მაგალითებს უპირატესად იქ ვხვდებით, სადაც ყველაზე მეტად იკრძალებოდა ვაზი და ვაზის ჯვარი…

ჩვენი ქვეყნის სხვა კურთხეებთან ერთად ამგვარი ადგილი აჭარაა და უპირატესად ზემო აჭარა, რომელ კუთხესაც თურქული იატაგანის წყლულები დღემდე არ შეჰხორცებია. ამ ულამაზესი კუთხის მცხოვრებმა ურთულეს პირობებში შეინარჩუნა ქართველობა. ურთულეს პირობებში ინარჩუნებდნენ სჯულს, ურთულეს პირობებში წურავდნენ ყურძენს, მაგრამ ამ წმინდა საქმეს ერთ მისხალსაც კი არ აკლებდნენ არასდროს. ეს ყოველივე იმ სრულყოფით აღესრულებოდა, რასაც ითხოვდა სჯულიცა და ღვინის ქართულად დაყენებაც. აქაური მევენახე ისევე ცდილობდა გამოეყვანა და შეექმნა ადგილობრივი ვაზის ჯიშები, როგორც ამას საქართველოს სხვა კუთხის მვიდრნი აკეთებდნენ. ამიტომაც ამ ერთ მუჭა კოპწია მხარეში 45-მდე ადგილობრივი ვაზის აჭარული ჯიში მოგვეპოვება, რომლებიც ხასიათდებიან სიმწიფის სხვადასხვა პერიოდით, სხვადასხვა დანიშნულებით, ღვინის განსხვავებული ხარისხითა და სხვ.

აჭარაში უპირატესად გურული ქვევრები გვხვდება. თუმცა შევხვდებით იმერელი მექვევრეების ნახელავსაც. საინტერესოა, რომ ამ მხარეში იშვიათად, მაგრამ მაინც შევხვდებით „პითოსებსაც“, რომელი ჭურჭელიც ძველ დროში შემოჰქონდათ ანატოლიის მხრიდან. ამ ტიპის ჭურჭელს ვხვდებით როგორც ქვემო, ისე ზემო აჭარაშიც. როგორც აღინიშნა, მიუხედავად მტრების მიერ ღვინის დაყენების აკრძალვისა, აჭარლები განსაკუთრებული მონდომებით აღასრულებდნენ ამ წმინდა საქმეს მაშინაც კი, როდესაც აჭარის ნაწილი დედა სამშობლოს დროებით ჩამოცილებული იყო. თუმცა კი უნდა ითქვას, რომ ღვინის დაყენების საქმეს ზოგჯერ აჭარლები არ ამჟღავნებდნენ და ფარული ქრისტიანობის მსგავსად, რიგ შემთხვევებში მეღვინეობასაც ფარულად ეწეოდნენ. უნდა ითქვას, რომ ღვინის ქართულად დაყენების აკრძალვის გამო ხშირად მარნები და საწნახლებიც მოსახლეობას ფარულად ჰქონდა გამართული ტყეებში. ამგვარი ადგილები მრავლად გვხვდება აჭარაში.

ამჯერად მოკლედ შევეხოთ მაჭახელას ხეობის ერთ ლამაზ სოფელში – ჩხუტუნეთში მდებარე საწნახელს, რომელიც ადგილობრივებში „ჭონჭყოს საწნახელის“ სახელითაცაა ცნობილი. საწნახელი მიუვალ ადგილას, სოფლიდან 200-300 მეტრზე მდებარეობს. ის დგას მთის ძლიერ დაქანებულ ფერდზე, რომლამდეც რთული და ციცაბო ბილიკი მიდის. ზოგადად დასავლეთ საქართველოს მეღვინეობისათვის დამახასიათებელია ხის საწნახლები, ხოლო ამ შემთხვევაში კი ჩვენ სახეზე გვაქვს მკვიდრად ნაშენი ქვითკირის საწნახელი. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ამავე საწნახელთან 300-400 მეტრის სიახლოვეს გვხვდება კიდევ ორი ქვითკირის საწნახელი, რომლებიც ასევე ციცაბო ფერდებზე, მიუვალ ადგილებზეა აშენებული. „ჭონჭყოს საწნახელთან“ მისასვლელი ბილიკი საკმაოდ რთულია, ხოლოდ წვიმიან ამინდში კი მასთან მისვლა თითქმის შეუძლებელია. საწნახელი აშენებულია ნახევრად გამოქვაბულ კლდეში, რამაც ის დღევანდელ დღემდე შესანიშნავად შემოინახა. მისი შიდა კედლები დაფარულია კირის თხელი ნალესით. საწნახელი იმითაცაა უნიკალური, რომ მასში ჩამონტაჟებულ იყო წნეხი, იგივე „საქაჯავი“. (საწნახლის ზურგის კედელში შემორჩენილია წნეხის დირეს ბუდე). წნეხისა და საწნახლის ამგვარი კომბინაცია მთელს საქართველოში ძალზე დიდ იშვიათობას წარმოადგენს.

როგორც მაჭახელას ხეობაში, ისე მთალიანად ზემო აჭარაში მეღვინეობის კულტურა საკმაოდ მაღალ დონეზე მდგარა. ამაზე მეტყველებს დღემდე შემორჩენილი ის ნაშთები, რაც მეორე მხრივ ბრწყინვალე მაგალითებია საქართველოს ტრადიციული მევენახეობა-მეღვინეობისა. ერთი მხრივ ამ კულტურული ძეგლების დროული მოძიება და აღწერა, ხოლო მეორე მხრივ რეგიონში ადგილობრივი ვაზის ჯიშების გავრცელება მეტად საშურ საქმედ მიგვაჩნია. იმედი ვიქონიოთ, რომ აჭარის ადგილობრივი მმართველობა უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ამ ყოველივეს, რაც ჩვენი აზრით ტურისტული თვალსაზრისითაც დიდად საინტერესოა.

ვიზიტი მაჭახელას ხეობაში განხორციელდა საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ფარგლებში.

გიორგი ბარისაშვილი

მცხეთა, 2017 წ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.