ღვინის ფალსიფიცრება – ჯერ კიდევ დაუძლეველი პრობლემა

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ უხარისხო ღვინო დაგვაძალეს?

 ბოთლის ღვინის ბოლოდროინდელი პოპულარიზაციის ზრდის მიუხედავად, თბილისში   და არა მარტო  დედაქალაქში  მცხოვრები ადამიანისთვისძალიან რთულია ნორმალური .ჩამოსასხმელი  ღვინის შოვნა.

არ ვამბობთ იმას, რომ კარგი ჩამოსასხმელი ღვინო საერთოდ არ იშოვება, მაგრამ ქვეყანას, რომელსა ცღვინის სამშობლოს წოდებაზე საკმაოდ საფუძვლიანი პრეტენზია აქვს, უბრალოდ უცნაურია, რომ კარგი ღვინის შესაძენად   მთელი  სანაცნობო-საახლობლოს ჩარევაა  საჭირო.  ე.წ.  ჩამოსასხმელი  ღვინის   ყიდვა კი  იმდენად „საშარო” საქმეა,  რომ,  მათი დალევის შემდეგ, კაცმა არ იცის, რა დაემართება.

12 წლის წინათ დაწესებულმა რუსულმა ემბარგომ ქართული მეღვინეობა მართლაც ძალიან დააზარალა, ამაზე  უკიდურესი ოპტიმისტებიც კი არ დავობენ, მაგრამ მოდით გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ, რომ არც ჩვენ ვიყავით  ამ საქმეში მთლად უმწიკვლონი. როდესაც საქართველოს დედაქალაქშიც კი ძნელი საშოვნელია კარგი ღვინო,  რთული მისახვედრი  არ უნდა იყოს, როგორ “ქართულ ღვინოებსაც”  ყიდდნენ რუსეთის სხვადასხვა პროვინციაში  ჩასული ქართველი და  არა მხოლოდ ქართველი ფსევდობიზნესმენები. უმეტეს შემთხვევაში ასეთ ღვინოში  ყურძენი  საერთოდ არ ფიგურირებდა   და   იაფფასიანი ქიმიური ხსნარით გაკეთებულ გაურკევეველ სითხეს „საფერავსა”  თუ „ხვანჭკარას” აწერდნენ.

ქართველი მეღვინეების აზრით, მასობრივმა ფალსიფიკაციამ არა მხოლოდ ის გამოიწვია, რომ ქართულ ღვინოს ყოფილ  საბჭოთა ქვეყნებშიც კი გაუტყდა სახელი, არამედ რუსეთის მთავრობასაც მიეცა საკმაოდ ლოგიკური მიზეზი იმის    სათქმელად, რომ ასეთი ქართული ღვინოების დალევას  ისევ ჩვენი მშობლიური „სპირტ-წყალი” გვირჩევნიაო.   საბოლოოდ კი დაზარალდა არა  მხოლოდ გლეხობა, რომელიც კაპიკებში ყიდდა თავისი  ვენახის მოსავალს,  არამედ ძალიან  ცუდ დღეში აღმოჩნდნენ პატიოსანი ქართველი ბიზნესმენებიც.

არსებობენ ღვინის სპეციალისტები, რომლებიც ჩვენი მეღვინეობის უბედურებების ერთადერთ მიზეზად რუსეთს ასახელებენ. იმაზე კი არაფერს ამბობენ, რომ დღეს ჭკუა მაინც ვერ ვისწავლეთ. თუ თბილისში რთულად ვყიდულობთ წესიერ  ჩამოსასხმელ ღვინოს, როგორ გინდა დაარწმუნო უცხოელი ადამიანი, რომ ჩვენი ღვინო მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი  ხარისხიანი ღვინოა მსოფლიოში?!

„ხვანჭკარა” (მუჯურეთულისა და ალექსანდროულის კუპაჟი)  რაჭის მიკროზონაში სულ რამდენიმე ათასი ბოთლი  მოდის, მაშინ  როდესაც თავის დროზე მხოლოდ ერთი   ქართული  ღვინის ქარხანა რუსეთში  რამდენიმე  მილიონ ბოთლ „ხვანჭკარას” ყიდდა.

სანამ ჩამოსასხმელი ღვინის ფალსიფიკაცია საქართველოში ამ სიდიდისა და მასშტაბების იქნება, მცირეოდენი  იმედიც  კი არ უნდა გვქონდეს, კვლავ ვინმე მოტყუვდება. ეს დრო წარსულს ჩაბარდა, როდესაც ,ერთი კაცის თქმისა არ იყოს, „ფეკალური მასებიც კი იყიდებოდა“.  ახლა ჭკუა ყველამ ისწავლა.

აქვე სახალისო რჩევებიც…

ხარისხოვანი ღვინის მოყვარული ადამიანებისათვის ძალზედ რთული სიტუაციაა, როდესაც დიდ თუ პატარა სუფრაზე მყოფს, ანდა რომელიმე ოჯახში ვახშამზე სტუმრად მისულს უხარისხო, გაფუჭებულ ანდა შაქარგარეულ ღვინოს სთავაზობენ.

ასეთ რთულ სიტუაციაში ღვინის დალევა საკუთარი ჯანმრთელობის შერყევას და პრინციპების ღალატს ნიშნავს – არდალევა  კი მასპინძლის განაწყენებას.

სად არის გამოსავალი?

ასეთ შემთხვევაში ბევრი ადამიანი სუფრებზე საკუთარი ღვინით დადის და ცდილობს თანამესუფრეებს აუხსნას,  რომ  ხარისხოვანი ღვინის სმა საჭირო და აუცილებელია. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ვერ ავუვლით გვერდს მასპინძლის  განაწყენებას.

საქართველოში ხომ ბევრ ადამიანს თავისი (თუნდაც უხარისხო და დაავადებული) ღვინის შესახებ გადაჭარბებული   წარმოდგენა აქვს და როდესაც სტუმარი ყოველგვარი შეთანხმების გარეშე საკუთარი ღვინით ესტუმრება – ეს ბევრი ჩვენი  თანამოქალაქის  თავმოყვარეობაზე მძიმედ მოქმედებს.

როგორც უკვე ვთქვით, ღვინის დალევაზე უარის თქმა (თუკი რაიმე აშკარად ხილული დაავადება არ „გვიცავს“  საშინელი ღვინის სმისგან) მრავალი  თანამესუფრისა და პირველყოვლისა  მასპინძლის განაწყენებას იწვევს  გარდა  ერთი  ფრიად მნიშვნელოვანი არგუმენტისა.

ეს არგუმენტი ცხადია საჭესთან ყოფნაა. რამდენიმე ათეული წლის წინ,  საბჭოთა კავშირის  ეპოქაში საჭესთან ყოფნაც ვერ იყო შესაბამისი არგუმენტი, რადგან  სიმთვრალეზე მძღოლებისადმი  გატარებული სანქციები მეტად ლიბერალური იყო.

ამას ემატებოდა ცნობილი ქართული ნაცნობობა-ახლობლობაც.  ახლა სიმთვრალეზე  სანქციებიც მძიმეა და ქართული  მასპინძლის   სურვილიცაა,  რომ სტუმარს მის სუფრაზე  დათრობის გამო პრობლემა არ შეექმნას. ამიტომ, მძღოლობა  ცუდი  ღვინის  სმისგან თავის  დასაღწევად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

ავადმყოფობის მომიზეზება უმეტეს შემთხვევაში კრახით მთავრდება და აზარტში შესული თამადა მაინც   გვაძალებს  ღვინის სახელით მოწოდებული  უცნაური სითხით  გალიპლიპებულ ყანწს თუ ფიალას.

  უხარისხო ღვინის სმისგან თავის  არიდების კიდევ ერთი მიზეზია  ავადმყოფობის მოშველიება ოღონდ  არაიმის  სათქმელად, რომ ზოგადად სასმელს არ სვამთ,  არამედ  საჭიროა თქმა იმისა,  რომ ექიმმა მხოლოდ ღვინის სმა აგიკრძალათ,  თორემ ხარისხივან ვისკიზე, ჭაჭაზე ან კონიაკზე არ იტყოდით უარს.

ასეთ დროს მასპინძელს   ბუნებრივია აწუხებთ, მაგრამ   საკუთარ თავს უქმნით იმის ალბათობას, რომ საშინელი ღვინის  ნაცვლად, თუნდაც  საშუალო ხარისხის კონიაკი, ან სხვა სასმელი დალიოთ და არ უღალატოთ საკუთარ პრინციპებს, რაც ე.წ. გაკეთებული ღვინის სრულ უარყოფას გულისხმობს.

დაბოლოს, თუკი უკიდურესად გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდით და აღარ არსებობს გზა ბოლომდე აარიდოთ თავი   უხარისხო ღვინის სმას, მაშინ მხოლოდ  იმის გაკეთება  შეგვიძლია, რომ  მსმელი  გაითამაშოთ და ღვინო  უბრალოდ  არ დალიოთ.  ხშირად მოიმიზეზოთ  ტელეფონზე ზარი,  საპირფარეშოში გასვლა.

მასობაში თანამეინახეებიც შეთვრებიან და თქვენს დამუნათებასაც დაივიწყებენ. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ თუნდაც  ერთი ჭიქა ე.წ. გაკეთებული  ან დაავადებული ღვინის სმას ჭეშმარიტი  ღვინის მოყვარულისათვის დიდი ძალისხმევა  და საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა სჭირდება.

ლევან სებისკვერაძე,

წყარო: publika.ge