გორში თაფლის  გადამმუშავებელი საწარმო შენდება

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედი კოოპერატივების წარმომადგენლებსა და მეფუტკრეებს გააცნო.

გიორგი მიშელაძის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გორში  თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება, რომელიც თაფლის მწარმოებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცემა მის მიერ პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში.

საწარმო აღიჭურვება თაფლის წარმოების სრული ციკლისათვის საჭირო  თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით, სადაც შესაძლებელი იქნება დღეში არანაკლებ ორი ტონა თაფლის გადამუშავება და  ერთგვაროვანი თაფლის მიღება , მოეწყობა სასაწყობე ინფრასტრუქტურა.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობით,  შესაძლებლობა აქვთ, თაფლის კოოოპერაციულ საწარმოში გადაამუშაონ წარმოებული თაფლი და მისცენ მას საბოლოო სასაქონლო სახე.  

სახელმწიფო პროგრამით დადგენილი კრიტერიუმებით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივში  გაერთიანებული კოოპერატივების რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 35 კოოპერატივს, რომელთაც  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ აღრიცხულ  7000 სკაზე ნაკლები არ უნდა ჰქონდეთ.

წარმოებული თაფლის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივს დაეკისრება ვალდებულება დაიცვას „თაფლის ტექნიკური რეგლამენტი“, დანერგოს მიკვლევადობა და  HACCP-ის სისტემები. პროგრამის ფარგლებში მონაწილისათვის HACCP-ის სისტემის დანერგვისათვის საჭირო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო.

სახელმწიფო პროგრამის მიზანია მეფუტკრეობის, როგორც სოფლის მეურნეობის ეკონომიკურად ეფექტური და მზარდი საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგის განვითარება, დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოების ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება, სოფლად მოსახლეობის დასაქმების და სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისა და გაძლიერების გზით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.