In vit­ro — უვირუსო კარტოფილის თესლის წარმოება

სტრატეგიული კულტურების სათესლე მასალის წარმოებას ქვეყნის განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირველადი გასამრავლებელი მასალის ხარისხზეა დამოკიდებული სამრეწველო დანიშნულების თესლის რაოდენობა და ხარისხი. თავისთავად, ჯანმრთელი თესლი, რომლის სრული დეფიციტია დღეს საქართველოში, სასურსათე კარტოფილის წარმოების მოცულობის და ხარისხის გარანტია.

დღეს ნათელი ხდება, რომ სოფლის მეურნეობის ტრადიციულ საწარმოო სტრუქტურაში პრინციპული ცვლილებების განხორციელების აუცილებელებლობა სულ უფრო აქტუალური ხდება, რაც ადეკვატური პროცესების გამოყენებაზე დაფუძნებული ბიოტექნოლოგიური მეთოდების განვითარებაში გამოიხატება. ბიოლოგიის, მედიცინისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროებში ქსოვილური კულტურის გამოყენება სულ უფრო ფართო მნიშვნელობას იძენს. მცენარეთა მიკროკლონური გამრავლების (ინ ვიტრო) პრაქტიკული მნიშვნელობა ის არის, რომ აღნიშნული ტექნოლოგია უწყვეტად, მთელი წლის განმავლობაში, გამრავლების მაღალი კოეფიციენტის, ვირუსებისა და პათოგენური მიკროორგანიზმებისაგან გაჯანსაღებული სარგავი და სათესლე მასალის წარმოებას უზრუნველყოფს.

თესლწარმოების სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კარტოფილის ინდრუსტიის ნაყოფიერებისა და ეფექტურობისათვის. თესლწარმოების სისტემა დაფუძნებულია ჯანმრთელ საწყის მასალაზე, რომელიც გადაგვარების მინიმალური კოეფიციენტითა და ხარჯებით მრავლდება.

თესლწარმოების სისტემის მიზანია:

  1. საუკეთესოდ ადაპტირებული ჯანსაღი სათესლე მასალით და მაღალპროდუქტიული ექსპლანტანტებით ძირითადი და კომერციული თესლის მწარმოებლების უწყვეტი მომარაგება (ლაბორატორია);
  2. ლოკალურ პირობებში სათესლე ბოლქვების ინტენსიური გამრავლების გზით ჯანმრთელი სათესლე მასალის წარმატებული აღმოცენების უზრუნველყოფა (ფერმერული მეურნეობა, ღია გრუნტი);

უვირუსო კარტოფილის წარმოება თანამედროვე ბიოტექნოლოგიის ისეთი დისციპლინაა, რომელიც სოფლის მეურნეობაში უზრუნველყოფს მოსავლიანობის ზრდას. აშშ და ევროგაერთიანების ქვეყნები დიდი ხანია მიმართავენ ინ ვიტრო უვირუსო სათესლე კარტოფილის მიღების ტექნოლოგიას და ამ ქვეყნებში მოსავლიანობა, იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ეს ტექნოლოგია დანერგილი არ არის, 2-3 ჯერ გაზრდილია. მათ რიგშია საქართველოც.

წლების განმავლობაში ბიოტექნოლოგიის ცენტრი მუშაობს ამ ახალი ტექნოლოგიის დანერგვაზე, რაც, რამდენიმე ამერიკულ ორგანიზაციასთან U„Care“, „Umcor“ თამანშრომლობის შედეგად, განახორციელა კიდეც. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩვენ უარი ვთქვით სათბურის გამოყენებაზე და მცენარეები პირდაპირ ღია გრუნტში გავიტანეთ. ერთი მცენარიდან ფერმერებმა მიიღეს 10-15 ცალი ბოლქვი (სუპერ-სუპერ ელიტა), როდესაც სათბურში ერთი მცენარე იძლევა 2-3 ბოლქვს. ამან თავისთავად ეკონომიური დანახარჯების შემცირება გამოიწვია.

ბოლო წლებია საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს ქვეყანაში კარტოფილის ელიტური თესლი შემოაქვთ, ზოგჯერ A და B კლასიც, რომელსაც  შემდგომი რეპროდუქციის მიზნით, მცირე რაოდენობით ურიგებენ ფერმერებს. საქართველოში შემოტანილი ერთი ტონა ასეთი თესლი 1100-1200 ევრო ჯდება. ასეთი თანხა საქართველოში მცხოვრები ფერმერების 85%-ისთვის მიუწვდომელია, ამიტომ თავს უფლებას ვერ აძლევენ, ისარგებლონ ელიტური სათესლე მასალით. ამის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ იმ ფერმერებს, რომლებსაც ზურგს არასამთავრობო ორგანიზაციები უმაგრებენ. ასეთები კი ცოტანი არიან. თუმცა სხვისი დახმარების იმედად დიდხანს გაჩერება არ შეიძლება, ამიტომ აუცილებელია საქართველოში შეიქმნას კარტოფილის ელიტური თესლის წარმოების კომპანია. რომელიც ლაბორატორიასთან ერთად ფერმერებს ელიტური სათესლე მასალით მოამარაგებს. ფერმერებს უნდა შეუქმნათ ისეთი პირობები, რომ ადგილზე წარმოებულ ელიტურ თესლში მათ გადაიხადონ იმდენივე, ან ნაკლები, რასაც იხდის ჰოლანდიელი თუ გერმანელი ფერმერი თავის ქვეყანაში.

აღსანიშნავია რომ, დღეისათვის საქართველოში წარმოებული კარტოფილის ელიტური თესლს ბაზრის 1%-საც ვერ უჭირავს. ამიტომ აუცილებელია საქართველოში დაიწყოს ადგილობრივად უვირუსო კარტოფილის ელიტური თესლის წარმოება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მეკარტოფილეობის განვითარებას, რაც პირველ რიგში ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობას, ქართველ ფერმერებს კარტოფილის მოსავლიანობისა და შემოსავლების გაზრდაში. ქვეყანა კი მიიღებს ადგილობრივი წარმოების შედარებით იაფ და ხარისხიან პროდუქტს.

მაია კუხალეიშვილი,

ნინო მურვანიძე, ეკა ბულაური

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.