იქმნება „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სააგენტო“

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო და ექსტენციისა და საკონსულტაციო ცენტრები – ეს ის სამი სსიპ-ია, რომლებიც ივნისის ბოლოდან ერთი ახალი სსიპ-ის ქვეშ გაერთიანდება. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ერთიანი სსიპ-ის სახელწოდება „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სააგენტო“ იქნება. 

როგორც BM.GE-ის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა განუცხადა, აღნიშნული სამი სააგენტო 1 ივნისიდან გაერთიანდა და სახელის ოფიციალურად შეცვლამდე პროექტების მართვის სააგენტოს სახელით იმუშავებს.

როგორც ხანიშვილი განმარტავს, ახალი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერებთან ურთიერთობას კიდევ უფრო მოქნილს გახდის. 

ფერმერებს პროექტების წარდგენა ონლაინ შეეძლებათ, შესაბამისად, მათ ნაკლებად ექნებათ ურთიერთობა სააგენტოს თანამშრომლებთან. 

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში FAO-ს ექსპერტებთან ერთად და სხვა დონორებთან კონსულტაციებით მუშაობა მიმდინარეობდა ფერმერებთან დაკავშირებული სააგენტოების რეფორმირებაზე; მიღებული რეკომენდაციების შემდეგ შეიქმნა ახალი სააგენტო, რომელიც არის სამართალმემკვიდრე სამი სტრუქტურული მიმართულების. ესენია: პროექტების მართვის სააგენტო, კოოპერატივების განვითარების სააგენტო და ექსტენციისა და საკონსულტაციო ცენტრების მიმართულება. ახალი სააგენტო უფრო გაძლიერებული იქნება ახალი ფუნქციებით; გარდა ამ სამ სტრუქტურაში არსებული ფუნქციებისა ახალმა სააგენტომ დაიმატა სხვა ფუნქციებიც – ისს იმუშავებს არა მარტო სოფლის მეურნეობისთვის, არამედ სოფლის განვითარების სტრატეგიაზე და ასე ერქმევა სააგენტოს – „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სააგენტო“. მოდელის გარდაქმნას საფუძვლად დაედო ქვეყანაში შექმნილიყო ისეთი სტრუქტურა, რომელიც იქნებოდა ევროპული ტიპის სტრუქტურა, რომელიც გაივლიდა ევროპულ სერტიფიცირებას და ამით გაიზრდებოდა ხელმისაწვდომობა ევროპულ რესურსებზე. ჩვენ შევინარჩუნეთ ყველა ის პროექტი და მიმართულება, რომელიც ცალ-ცალკე კეთდებოდა ამ სააგენტოებში და უფრო მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვით პროექტების უკეთესად განვითარების საშუალება შევქმენით“, – ამბობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი. 

ამასთან მინისტრის პირველი მოადგილე იმასაც აღნიშნავს, რომ რეორგანიზაცია ხარჯების ოპტიმიზაციას არ უკავშირდება . 

მისი თქმით, მთავარი მიზანი ეფექტიანობის გაზრდა იყო, რომ იგი ხარჯების ზრდას გამორიცხავს. 

“ირიბი ეფექტი ექნება, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშნელოვანი იყო მომსახურების და ხელმისაწვდომობის გაზრდა. აქ ეფექტი არავის დაუთვლია იმისთვის, რომ რაიმე ეკონომია მიეღოთ ხარჯებში. მთელი ამ მოდელის აგების საფუძველი არის უკეთესი და მრავალფეროვანი მომსახურების და პროექტების შეთავაზება. ერთიანი ქოლგის ქვეშ ფერმერისთვის მომსახურების არეალის გაუმჯობესება. ეს არ არის საკითხი, რომელზეც შეიძლება რაიმე დაზოგილ თანხებზე აპელირება კეთდებოდეს; ეს შეიძლება იყო ირიბი და თანმდევი ეფექტი, შეიძლება არც იყოს, იმიტომ რომ რაიონების განვითარებამ და ზრდამ შეიძლება პირიქით ხარჯები გაზარდოს, ვიდრე დღეს სამ სსიპ-ს ჰქონდა“, – აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

ავტორი: ანუკა ჯოხაძე