„ჯეო-ნათსის“ პროდუქცია მთლიანად ექსპორტისთვის არის განკუთვნილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თხილის გადამმუშავებელ საწარმოში „ჯეო-ნათსი“ თხილის მწარმოებელ ფერმერებს შეხვდა და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების და თხილის გადარჩენის პროგრამის შედეგები შეაჯამა.

როგორც შეხვედრაზე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში გავრცელებული აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების შედეგად, განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დადგა მეთხილეობის დარგი და მნიშვნელოვნად დაზარალდა რეგიონის მოსახლეობა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას საქართველოს მხარდაჭერისთვის.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობა. აშშ-ის მთავრობა დაეხმარა საქართველოს აზიურ ფაროსანასა და სხვა მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიან განხორციელებასა და თხილის მოსავლის გადარჩენაში. ბოლო ორი წლის განმავლობაში, მავნებლებთან ბრძოლის მიზნით, USAID-მა 6.5 მილიონი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს. ამ დახმარების ნაწილი იყო ამერიკული წარმოების 45 ავტომანქანა, რომელიც აქტიურად არის ჩართული ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მეთხილე ფერმერებთან შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ელიზაბეთ რუდი, სამეგრელოს მხარის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი და საკანონმდებლო ორგანოების და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა სტუმრებთან ერთად თხილის გადამმუშავებელი საწარმო „ჯეო-ნათსი“ დაათვალიერა.
საწარმო „ჯეო-ნათსი“ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში განხორციელებული ინვესტიცია ჯამურად, 2 780 000 ლარამდეა, მათ შორის 600 000 ლარი გრანტია, ხოლო 1 214 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოს, წლის განმავლობაში 7000-10000 ტონამდე თხილის გადამუშავება და სხვადასხვა სახის პროდუქციის (მოხალული, დაქუცმაცებული, დაფქული) წარმოება შეუძლია. პროდუქცია მთლიანად ექსპორტისთვის არის განკუთვნილი.
ადამმუშავებელ საწარმოში 100 ადამიანია დასაქმებული.
2018 წელს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, საწარმოში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 22:000 დაინერგა.