„ჯერ ისევ ფხიანად ვარ“!
მონატრებული სალამი, მეგობრებო! მიხარია რომ სოციალურ ქსელში მეხმიანებით და ხშირად ინტერესდებით ფერმის ამბებით. გიპასუხებთ, რომ ყველაფერი კარგად არის „ჯერ ისევე ვარ ფხიანად“. ამხელა პაუზის შემდეგ, მოსაყოლიც დამიგროვდა, თუმცა არც კი ვიცი საიდან დავიწყო. თავდაპირველად მაინც თბილისში განვითარებულ მოვლენებს მინდა გამოვეხმაურო.

33 წლის ვარ და რაც თავი მახსოვს, ჩვენმა ქვეყანამ რამდენიმე ომი, რევოლუცია თუ მისი მცდელობა გადაიტანა. ვინმემ ცუდად არ იფიქროთ, მე არ ვამბობ, რომ “ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას,“ მაგრამ ხომ შეიძლება პროტესტსაც ცივილიზებული ფორმა მივცეთ და მთავრობაზე სამართლიანი გაღიზიანება პარლამენტში შეჭრის მცდელობით და მთავრობის გადაყენებით არ დავასრულოთ. პრინციპულად მოვითხოვოთ რაც გვეკუთვნის, რასაც არ გვიკეთებენ, ვაიძულოთ მთავრობა იზრუნოს ჩვენზე, კონკრეტული ამოცანები დავუყენოთ, ოღონდ არა ინსტიტუციაში შეჭრის ხარჯზე. ქუჩაში გამოვიდეთ, გავაპროტესტოთ, რაც ქვეყნისთვის საფრთხედ მიგვაჩნია, მაგრამ სხვა რამეც მოვითხოვოთ, მაგალითად, ახლა ამაზე მჭირდება პასუხი, ხორცი რატომაა ქვეყანაში დეფიციტში ან რატომ იყიდება ასე მაღალ ფასად, როცა ამდენი ინვესტიცია შემოვიდა უცხოეთიდან, რა დაიდო ხელშესახები ამ ფულისგან; ან ვიბრძოლოთ, გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ვაიძულოთ მთავრობა შექმნას ისეთი სისტემა თურქეთიდან, ირანიდან, სომხეთიდან ბოსტნეულის, ხილის და ა.შ. შემოტანა არ დაგვჭირდეს. მე ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვება, თუნდაც ბრძოლით, უფრო მგონია საკუთარი ქვეყანაზე ზრუნვა. როცა მოქალაქე თავისუფლია ეკნომიკურად, ადამიანის ღირსება დაცულია, მაშინ მას მონობა ნამდვილად აღარ მოუნდება, არ იკადრებს, უბრალოდ!
ეს ისე ჩანართის სახით, თავს ვერ მივცემდი უფლებას რომ არ მეთქვა სათქმელი.
ახლა ჩემი ფერმის ამბებს დავუბრუნდები. ოჯახში ერთობლივად გადავწყვიტეთ რომ მთავარი კურსი მესაქონლეობაზე ავიღოთ. აქამდე ღორის მეურნეობასაც მქონდა, პარალელურად, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, ამ სფეროს ბევრი პრობლემა აქვს მოუგვარებელი რაც ძალიან მძიმედ აწევს ფერმერს ბეჭებზე. წესიერი საკვები, დარგის კვალიფიკაციური სპეციალისტები… მოკლედ, განაჩენი მალევე მოვიყვანეთ სისრულეში – ღორების ფერმიდან 60 კვადრატული შენობაღა დამრჩა. ზამთრამდე ვაპირებთ გადავაკეთოთ და შესანიშნავი მოსასვენებელი გამოვა მოსაგები საქონლის და ნამატის დასაბინავებლად. იცით რა მიხარია რომ ვაკვირდები, ჰა, ჰა, კიდევ ერთი წელი მეყოს ჩემი შენობა-ნაგებობები და მერე აუცილებლად დიდი ფერმის მშენებლობას უნდა შევუდგე, სადაც სულ მცირე 50 სული მეწველი ძროხა უნდა დაეტიოს.
რაც შეეხება მიწათმოქმედებას, მოგეხსენებათ, მარტის შუა რიცხვების შემდეგ სოფელში ხვნა-თესვა იწყება. დაახლოებით ნახევარი ჰექტარი მიწის ნაკვეთი გამოვყავი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად. სიმართლე გითხრათ, ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ მაქვს, თუ არ ჩავთვლით ბავშვობაში ბებიას რომ მოვეხმარე რამდენჯერმე სიმინდის გათოხნაში. ახლაც მახალისებს ეს ამბავი რომ გამახსენდება. იმდენი სიმინდის ღერო მომეჭრა შემთხვევით, რომ დიდი კაკლის ჩრდილში ყოფნა „მომისაჯეს“. ამის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მართალია პრაქტიკული გამოცდილება თითქმის არ მაქვს, მაგრამ თეორიული ცოდნის საკმაოდ დავაგროვე. თავისუფალი დროის გარკვეულ ნაწილი ცოდნის მიღებისთვის მაქვს გამოყოფილი. ამ ცოდნის იმედად დავრგე-დავთესე ეზოში კარტოფილი, ბადრიჯანი, ლობიო, ხახვი ნიორი, კიტრი, პომიდორი, სიმინდი, ბულგარული, მწვანილების ნაირსახეობები. მკაცრად მაქვს გადაწყვეტილი მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მოვიყვანო და მხოლოდ ორგანული სასუქი გამოვიყენო! მეურნეობიდან გამომდინარე ნაკელი საკმაოდ დიდი რაოდენობით მაქვს. ნაკელში აზოტის, ფოსფორის და კალიუმის რაოდენობა (განსაკუთრებით აზოტის) საკმაოდ მაღალია. 1 ტონა ნაკელი საშუალოდ შეიცავს 5,0 კგ. აზოტს, 2 კგ. ფოსფორს და 6 კგ. კალიუმს. იგი შეუცვლელი და ყველაზე იაფი სასუქია.
…….
იმდენი ხანია ვერ მოვახერხე ამ სტატიის დამთავრება, მოსავლის დაგემოვნებაც მოვასწარი და პირველი შეცდომებიც აღმოვაჩინე ჩემს საქმიანობაში. პირველი შერკინება მიწასთან წაქცეულ შვიდიანზე ჩავაბარე (ახლა ამბობენ ასე, თორე ჩემი სკოლის მასწავლებელი ხათუნა ხვედელიძე იტყოდა, _ დაჯექი, წაქცეულ ოთხიანს გიწერო). თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მიუხედავად სიმცირისა, ნატურალურად სუფთა მოსავალი მივიღე, ნამდვილად ვიცი, რასაც ვჭამ და უფრო გულიანადაც შევექცევით მეც და მოსული სტუმარიც. პირველი ხვნა-თესვიდან მივხვდი, მომავალში სხვაგვარად რომ უნდა გავანაწილო სასოფლო-სამეურნეო კულტურები. ალბათ ყველა დამეთანხმებით რომ კარგი მოსავლის მიღების ერთ-ერთი მთავარი პირობა ნიადაგია. მისი შემოწმება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა ამ საკითხს პრიორიტეტულად არ მიიჩნევს. ამის გამო, მოსავლის აღების დროს, ხშირია ჩივილი მის სიმცირეზე. მეც ასე დამემართა, ამიტომ მყარად გადავწყვიტე უფრო გონივრულად მივუდგე ამ საკითხს. თავდაპირველად ალბათ საქმის გასამარტივებლად, ნიადაგის მჟავიანობისა და ტუტიანობის – PH საზომს შევიძენ.
ვიცი, რომ ზოგჯერ მიწის ანალიზი კარგ შედეგს აჩვენებს, მაგრამ მცენარე მაინც ვერ ვითარდება. ამის მიზეზი შეიძლება მიწაში მიმდინარე ქიმიური რეაქციებისას დაგროვილი წყალბადის ზედმეტი იონები იყოს, რაც მჟავიანობას ზრდის. ასეთ ნიადაგში ბოსტნეული არ ვითარდება, შიმშილობს. მცენარეთა უმრავლესობას სუსტად მჟავე და სუსტად ტუტე ნიადაგი მოსწონს.
PH საზომს 1 – დან 14 – მდე მაჩვენებლები აქვს და ამ მაჩვენებლების მიხედვით ნიადაგი ასე შეიძლება დავახარისხოთ: ძლიერმჟავე (pH = 3-4); მჟავე (pH = 4-5); სუსტადმჟავე (pH = 5-6); ნეიტრალური (pH = 7); სუსტი ტუტე (pH = 7-8); ტუტე (pH = 9); ძლიერ ტუტე (pH = 9-11).
ბოსტნეულ კულტურების შემთხვევაში მაჩვენებლი ასე უნდა განაწილდეს: სიმინდი – 5.5-7; კარტოფილი – 5-7; ბადრიჯანი 6,0-6,5; პომიდორი 5,5-6,5; ცხარე წიწაკა 5,5-7,0; სტაფილო 5,5-6,5; ხახვი 6,0-6,5; ნიორი 6,5-7,0; კიტრი 6,4-7,0; კომბოსტო 6,7-7,4; ყვავილოვანი კომბოსტო 6,5-7,0; სალათი 6,0-6,5 და სხვა.
მჟავიანობის შესამცირებლად სასურველია ნიადაგში შევიტანოთ კირქვა, ცარცი, თაბაშირი და კიდევ რაღაცეები. რაც შეეხება ტუტე ნიადაგს, სადაც PH >7, აქ გამოიყენება წვრილმარცვლოვანი გოგირდი, ის უნდა შეერიოს ნიადაგის ზედა 15 სმ. ფენაში დარგვამდე სულ მცირე რამდენიმე თვით ადრე, pH-ის მაჩვენებლის ოპტიმალურ ზღვრამდე შესამცირებლად. ნიადაგის ზედაპირზე მარცვლოვანი გოგირდის დამატებით შემცირდება მხოლოდ ზედა რამდენიმე სმ-ის pH-ის დონე. თუმცა, pH-ის დონე დროთა განმავლობაში ნიადაგის ღრმა ფენებშიც თანდათანობით შემცირდება.
ამჯერად სულ ეს მინდოდა მეთქვა, ალბათ ბევრმა იცით, მაგრამ ვინც ჩემსავით არ აქცევდა ყურადღებას ნიადაგს, იმათთვის დავწერე. დროებით გემშვიდობებით კეთილი სურვილებით.
ირაკლი სოხაძე,
ახალგაზრდა ფერმერი