ხეხილის საძირეების და მათი ტიპები
სასურველი ხეხილოვანი კულტურის ჯიშების კვირტით გამრავლებისას, საძირეს განსაკუთრებული დანიშნულება აქვს. მისი გამოყენების საშუალებით შესაძლებელია პროდუქტიულობის ამაღლება, მცენარის ზრდის სიძლიერის რეგულირება, ადაპტაცია არახელსაყრელი ნიადაგური და კლიმატური პირობებისადმი, გამძლეობის გაზრდა მავნებელ-დაავადებების მიმართ.
ხეხილის თითოეული კულტურისთვის საძირედ გამოიყენება მხოლოდ განსაზღვრული ტიპის თესლის თესვით ან ვეგეტატიურად გამრავლებული საძირეები.
ვაშლი
ზრდის სიძლიერის მიხედვით ვაშლის საძირეები იყოფა სამ ჯგუფად: სუსტ (ნაგალა), საშუალო და ძლიერი ზრდის საძირეებად.
ვაშლისთვის გამოყენებულია შემდეგი საძირეები:
კულტურული ჯიშების ნათესარები – წარმოადგენს თესლით ნამრავლ ძლიერ საძირეს. ამ ტიპის საძირეების თესლის მისაღებად საქართველოში რეკომენდებულია ვაშლის საშემოდგომო და საზამთრო ჯიშების (კეხურა, შამპანური რენეტი, ზამთრის ბანანი, ზამთრის ოქროს პარმენი და სხვა) გამოყენება. კულტურული ჯიშების ნათესარები ხასიათდება სანამყენოსთან კარგი შეთავსებით და პროდუქტიულობით, თუმცა ხეები იზრდება ძლიერი ზრდის და მსხმოირობაში შედიან შედარებით გვიან. მასზე დამყნილი მცენარე არ მოითხოვს საყრდენ სისტემას.
მაჟალო – (M. Orientalis) აღმოსავლეთის ვაშლი, საქართველოში გვხვდება თითქმის ყველა ფოთლოვან ტყეში, მეტად პოლიმორფული სახეობაა. ძალიან ძლიერი ზრდის საძირეა. საქართველოში გავრცელებული მაჟალოს საძირეები ხასიათდება სამყნობ ჯიშებთან კარგი შეგუებით, ძლიერი ზრდით და მსხმოიარობაში გვიან (8-12 წლის შემდეგ) შესვლით. მასზე დამყნილი მცენარეები ივითარებენ ძლიერ ფესვთა სისტემას, ხანგრძლივად ცოცხლობენ და არ ზიანდებიან მღრღნელებისგან.
A2 – (ალნარპ 2) შვედური, ძლიერი ზრდის კლონური საძირეა. სადედე ბუჩქი მაღალი და პირამიდული, გამრავლების კოეფიციენტი მაღალია. A2-ზე დამყნილი მცენარეები იზრდებიან ძლიერი ზრდის, მაგრამ მსხმოიარობაში შედიან სხვა ძლიერ საძირეებთან შედარებით ადრე (მე-5-6 წელს), იძლევიან უხვ და მაღალი ხარისხის მოსავალს. იგი ხასიათდება მაღალი ზამთარგამძლეობით და საშუალო გვალვაგამძლეობით.
M2 (დუსენი 2) – საშუალო ზრდის საძირეა, სადედე მცენარე წარმოადგენს კომპაქტურ ბუჩქს, საშუალო რაოდენობის სწორმდგომი ძლიერი ყლორტებით. გამრავლების კოეფიციენტი დაბალია, ნამყენის ზრდა და გამოსავალი მაღალია M2 -ზე დამყნილი მცენარე მსხმოიარობაში შედის მე-4-5 წელს. ადრე ფართოდ გავრცელებული, ამჟამად საქართველოში მისი სადედე პლანტაციები აღარ არსებობს.
M4 (დუსენი 4, გოლშრინსკის დუსენი) – საშუალო ზრდის საძირეა, სადედე ბუჩქი შეკრული, პირამიდული ფორმისაა. გამრავლების კოეფიციენტი მაღალია. M4-ზე დამყნილი მცენარეები მსხმოიარობაში შედიან ადრე (მე-4-5 წელს), იძლევიან უხვ და მაღალი ხარისხის მოსავალს.
MM 106 – (ნოზერნ სპაი X M1) საშუალოზე სუსტი ზრდის საძირეა, გამძლეა ბურტყლა ბუგრისადმი. სადედე ბუჩქი საშუალო სიდიდისაა, გადაშლილი. ახალგაზრდა ბუჩქების პროდუქტიულობა დაბალია, წლოვანებასთან ერთად გამოსავლიანობა მნიშვნელოვნად იზრდება.
MM 106-ზე დამყნილი მცენარე მსხმოიარობაში შედის მე-3-4 წელს, იძლევა უხვ და მაღალი ხარისხის მოსავალს, არ მოითხოვს საყრდენ სისტემას.
გასათვალისწინებელია, რომ ამ საძირეზე დამყნილი ნერგების დარგვისას ნამყენი ადგილი უნდა ამაღლდეს ნიადაგის ზედაპირიდან მხოლოდ 1-2 სმ-ით. უფრო ზევით მოთავსებისას საძირე ივითარებს კოჟრებს, რაც მცენარის დასუსტებას იწვევს.
M7– ნახევრადნაგალა საძირეა, ზრდა უფრო სუსტი აქვს, ვიდრე MM 106-ს. სადედე ბუჩქი საშუალო სიდიდისაა, პირამიდული, ბუჩქების გამოსავლიანობა კარგია. M 7-ზე დამყნილი მცენარე მსხმოიარობაში შედის ადრე და იძლევა მაღალ მოსავალს. ამ საძირეზე დამყნილი მცენარე ახალგაზრდა ასაკში ხასიათდება მოჭიდების სუსტი უნარით და მოითხოვს სარების შედგმას. იგი ძირითადად არ მოითხოვს საყრდენ სისტემას, თუმცა რეკომენდებულია ვარჯის ფორმირება ნიადაგის ზედაპირთან უფრო ახლოს. M7 შედარებით გვალვაგამძლე საძირეა.
M26 (M16 X M9) – ნახევრადნაგალა საძირეა, ზრდის სიძლიერის მიხედვით უკავია შუალედური მდგომარეობა MM 106 -სა და M9-ს შორის. სადედე ბუჩქი საშუალო სიდიდისაა, გამოსავლიანობა შედარებით დაბალია, ამიტომ ხშირად ამრავლებენ გამერქნებული კალმების ან მიკროკლონალური გამრავლების მეშვეობით.
მM მოჭიდების კარგი უნარით, თუმცა სამრეწველო ნარგაობაში მაინც უკეთებენ საყრდენ სისტემას. ძირითადად რეკომენდებულია სუსტი ზრდისა და სპურული ჯიშების (აიდარედი, რედ დელიშესის სპურები და სხვა) საძირეებად გამოყენებისათვის.
M9 (პარადისი) ამჟამად ერთ-ერთი მთავარი საძირეა მსოფლიოში. გამოიყენება თანამედროვე ინტენსიური ბაღების გასაშენებლად, სადედე ბუჩქი დაბალია, განიერ-გადაშლილი, შედგება საშუალო რაოდენობის, მსხვილი ტოტებისაგან. ამონაყრები სანერგეში კარგად იზრდება და ფესვიანდება. საძირე მიმღებიანია ბურტყლა ბუგრისადმი. მისი ფესვთა სისტემა ზედაპირულია, ამიტომ მოითხოვს საყრდენი სისტემის მოწყობას. ეს საძირე ამჟამად წარმოდგენილია მრავალი ახალი სუბკლონის სახით, რომლებიც გამოირჩევიან ვირუსებისგან სიწმინდით, ზრდის განსხვავებული სიძლიერითა და უკეთესი გამრავლებისუნარიანობით.
• M9 EMLA – ინგლისური უვირუსო სუბკლონია, რომელიც მიღებულია კლასიკური M 9-ის ვირუსებისგან გასუფთავების შედეგად. ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში;
• M9 Pajam 1 – ფრანგული სუბკლონია. მიიჩნევა, რომ 5-10%-ით უფრო სუსტი ზრდისაა, ვიდრე M9 EMLA;
• M9 Pajam 2 – ფრანგული სუბკლონია, ხასიათდება კარგი დაფესვიანების უნარით;
• M9 T337 (NAKB 337) – ჰოლანდიური სუბკლონია, მიიჩნევა, რომ 10%-ით უფრო სუსტი ზრდისაა, ვიდრე M9 EMLA და ხასიათდება უკეთესი დაფესვიანების უნარით.
M27 – (M13 X M9) ყველაზე ნაგალა საძირეა. სადედე ბუჩქი დაბალი და გადაშლილია, პროდუქტიულობა დაბალია. M 27 საძირეზე დამყნილი მცენარე იზრდება მცირე ზომის და მსხმოიარობაში შედის ძალიან ადრე, ნაკლებად ადაპტურია გარემო პირობებისადმი და ამიტომ სამრეწველოდ არ გამოიყენება. გამოიყენება მხოლოდ ლანდშაფტურ მეხილეობაში კონტეინერის მცენარეების გამოსაყვანად და როგორც ინტერკალარი ჩართული მყნობისას.
მსხალი
საქართველოში მსხლის ძლიერი ზრდის საძირეებიდან რეკომენდებულია კულტურული ჯიშების ნათესარები და პანტა, ხოლო სუსტი ზრდის საძირეებად კომშის საძირეები:
პანტა (კავკასიური მსხალი) Pyrus Caucasica. დიდი რაოდენობით გვხვდება საქართველოს ტყეებში. იგი წარმოადგენს მეტად პოლიმორფულ სახეობას. კარგად უთავსდება მსხლის თითქმის ყველა ჯიშს. მასზე დამყნობილი მცენარე იზრდება დიდი ტანის და გვიან შედის მსხმოიარობაში. ეს საძირე კარგად უძლებს გამდინარე წყლით დატბორვას.
კულტურული ჯიშების ნათესარები – ზრდის სიძლიერით ოდნავ ჩამორჩებიან პანტას. ხასიათდებიან კარგი შეთავსებულობით მსხლის ყველა ჯიშთან. გამოიყენება როგორც ადგილობრივი, ასევე ინტროდუცირებული ჯიშების ნათესარები. საქართველოში ძირითადად იყენებენ ჯიშების: ვილიამსის და ბერებოსკის ნათესარებს.
კომში A (ანჟერის კომში) წარმოადგენს მსხლის ნახევრადძლიერ კლონურ საძირეს. ამჟამად მსოფლიოში გავრცელებულია ისტ-მოლინგის სადგურში (დიდი ბრიტანეთი) გამოყოფილი კლონი – MA. სადედე ბუჩქი მაღალი და გადაშლილია, გამოსავლიანობა _ 9-10 საძირე ბუჩქიდან, კარგად ფესვიანდება მიწის შემოყრით და გამერქნებული კალმებით. შეუთავსებელია მთელ რიგ მსხლის ჯიშებთან: ბერებოსკი, აბატი ფეტელი, კიფერი, ვილიამსი, კლაპის ფავორიტი და სხვა. კარგად უთავსდება შემდეგ ჯიშებს; ბერე-არდანპონი, ბერე გარდი, კიურე, კიურე, სენჟერმენი და სხვა. შეუთავსებლობის გადალახვის მიზნით უნდა ჩატარდეს შუალედური (ინტერკალარული) მყნობა – მასზე ჯერ ამყნობენ თავსებად ჯიშს (მაგ, კიურე), ხილო შემდეგ საჭირო ჯიშს (ბერე-ბოსკი და სხვა). იგი მოითხოვს საყრდენ სისტემას, მაღალკარბონატულ ნიადაგებზე ხშირად აღინიშნება ქლოროზის ნიშნები.
კომში BA-29 (პროვანსის კომში) წარმოადგენს პროვანსის კომშის კლონს, ხასიათდება უფრო ძლიერი ზრდით, ვიდრე კომში B. საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიოში, კარგად უთავსდება კომშის საძირეებთან შეუთავსებელ ზოგიერთ ჯიშს. სადედე ბუჩქი მაღალია, ტოტები ვერტიკალურად არის მიმართული. გამოსავლიანობა 6-8 საძირე ბუჩქიდან, კარგად ფესვიანდება მიწის შემოყრით. ზოგიერთ შემთხვევაში მოითხოვს საყრდენ სისტემას. ნაკლებად ზიანდება ქლოროზით. საქართველოში შემოტანილია XX საუკუნის დასასრულისთვის მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტის მიერ.
კომში MC წარმოადგენს მსხლის ნაგალა საძირეს. ამჟამად მსოფლიოში გავრცელებულია ისტ-მოლინგის სადგურში (დიდი ბრიტანეთი) გამოყოფილი კლონი – MC. სადედე ბუჩქი დაბალი და ჩახშირებულია, კარგად ფესვიანდება მიწის შემოყრით და გამერქნებული კალმებით. შეუთავსებელია მსხლის მთელ რიგ სამრეწველო ჯიშებთან: ბერე-ბოსკი, აბატი ფეტელი, კიფერი, ვილიამსი, კლაპის ფავორიტი და სხვა. მოითხოვს საყრდენ სისტემას. ნაკლებად არის გავრცელებული მსოფლიოში.
ადამსის კომში ანჟერის კომშის კლონია, რომელიც შერჩეულია ბელგიაში. ნაგალა საძირეა, ოდნავ ძლიერი ზრდისაა, ვიდრე MC მოითხოვს საყრდენ სისტემას. ნაკლებად ზიანდება ქლოროზით.
უკანასკნელ ხანებში მიმდინარეობს ექსპერიმენტები მსხლის ახალი საძირეების: SYDO, FAROLD 40, FAROLD 69, FOX 11, PyroDwarf და სხვა წარმოებაში ფართო გამოყენების პერსპექტიულობის შეფასების მიმართულებით.
ატამი
ატმის ძირითად საძირეებს წარმოადგენს: ატამი, ტყემალი, ნუში და ჭერამი. ატამი შესაძლებელია ასევე დავამყნოთ ღოღნოშოზე, ქეჩისებრ ალუბალზე და ატამ-ნუშის ჰიბრიდებზე.
ატმის ნათესარები – უნივერსალური, თესლით ნამრავლი საძირეა. ამ მიზნით გამოიყენება საშუალო და საგვიანო სიმწიფის დარაიონებული და ადგილობრივი (ქართული ვენახის ატმები) ჯიშები. ხასიათდებიან კარგი შეთავსებულობით ატმის ყველა ჯიშთან და იძლევიან სარგავი მასალის მაღალ მოსავალს. ეს საძირეები ნაკლებად არის ადაპტირებული ძალიან ტენიან და მაღალი კარბონატულობის (PH > 8.0) ნიადაგებთან.
ტყემალი ატმის საძირედ რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოში, მძიმე თიხნარ და ტენიან ნიადაგებზე გაშენებისათვის. ნუშის საძირე ატმის საძირესთან შედარებით დაბალპროდუქტიულია, თუმცა ხასიათდება ნიადაგის მარილიანობისა და გვალვის მიმართ გამძლეობით, ასევე კარგად იტანს კარბონატის მაღალ შემცველობას. ამ საძირისათვის უვარგისია მძიმე და ზედმეტად ტენიანი ნიადაგები.
GF 677 – წარმოადგენს ატმისა და ნუშის ბუნებრივ ჰიბრიდს. შერჩეულია INRA-ს გრანდ-ფერადეს (საფრანგეთი) მებაღეობის საცდელ სადგურში. ძლიერი ზრდის საძირეა ატმისა და ნუშისათვის. მრავლდება მწვანე, ნახევრადგამერქნებული და გამერქნებული კალმებით. საქართველოში შემოტანილია XXI საუკუნის დასაწყისში მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტის მიერ.
ქლიავი
ქლიავის მთავარ საძირეებს წარმოადგენს ქლიავის კულტურული ჯიშების ნათესარები და ტყემალი. დადგენილია, რომ ქლიავი ასევე წარმატებით შეიძლება დაიმყნოს ატამზე, ნუშზე და ჭერამზე.
კულტურული ჯიშების ნათესარები – ხასიათდება კარგი შეთავსებულობით ქლიავის ყველა ჯიშთან. გამოიყენება როგორც ადგილობრივი, ასევე ინტროდუცირებული ჯიშების ნათესარები.
ტყემალი – საქართველოში გავრცელებულია ტყემლის მრავალი სახეობა, რომლებიც სხვადასხვა შეთავსებულობას ამჟღავნებენ ქლიავის და ტყემლის კულტურულ ჯიშებთან. ეს საძირე კარგად ეგუება ჭარბტენიან, მძიმე ნიადაგებს, კარგად უძლებს მაღალ კარბონატობას, თუმცა ნაკლებად გამოსადეგია გვალვიანი და მშრალი, ხირხატიანი ნიადაგებისთვის. ტყემალზე დამყნილი მცენარეები ბაღში ხასიათდებიან ამონაყრების ძლიერი წარმოქმნით, რის გამოც აუცილებელია დამატებითი ღონისძიებების ჩატარება მათი მოცილების მიზნით.
გარგარი
გარგრის ძირითად საძირეს ჭერამი წარმოადგენს. თუმცა მისი დამყნობა შესაძლებელია ტყემალზე და ატამზეც. ნუშთან შეთავსება კი შედარებით ნაკლებად აქვს.
ჭერამი კარგად უთავსდება საქართველოში რეკომენდებულ გარგრის ყველა ჯიშს. ჭერმის ფესვთა სისტემა მომთხოვნია ნიადაგის აერაციის მიმართ და ვერ იტანს ზედმეტ ტენსა და მძიმე ნიადაგებს. სამაგიეროდ, კარგად ეგუება მშრალ, ხირხატიან, ალუვიურ ნიადაგებს.
ჭერამი შედარებით კარგად იტანს ნიადაგის დამლაშებას.
ტყემალს გარგრის საძირედ იყენებენ იმ შემთხვევაში, თუ ბაღი უნდა გაშენდეს მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე.
ბალი
ბლის საძირეებად შესაძლებელია გამოვიყენოთ კულტურული ჯიშების ნათესარები, ალუბალი, ბალღოჯი. უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში ბლის ინტენისური ბაღების გაშენების მიზნით ფართოდ გამოიყენება კლონური საძირეები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებენ ნამყენი ნერგის ზრდის სიძლიერეს.
კულტურული ჯიშების ნათესარები. იყენებენ საქართველოში გავრცელებული ჯიშების – დროგანა ყვითელის და ხარისგულას ნათესარებს.
ბალამწარა – ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში, ხასიათდება დიდი პოლიმორფიზმით. მასზე დამყნილი ჯიშები ძლიერად იზრდება და გვიან შედის მსხმოიარობაში. იგი ცუდად ეგუება გამკვრივებულ, თიხიან, მწირ, დამლაშებულ ნიადაგებს. რეკომენდებულია სუსტი ზრდის ბლის ჯიშების დასამყნობად.
ბალღოჯი – (მაჰალები) გამოირჩევა ყინვა და გვალვაგამძლეობით, თუმცა მისი ფესვთა სისტემა დიდ მოთხოვნებს უყენებს ნიადაგის აერაციას. ამიტომ ჭარბი ტენის პირობებში მასზე დამყნილი ნერგი სწრაფად იღუპება, შედარებით გამძლეა კარბონატობის მიმართ, მაგრამ ვერ იტანს უმნიშვნელო დამლაშებასაც კი. ბალღოჯი წარმოადგენს საშუალოზე ძლიერი ზრდის საძირეს. მისი გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ ქართლსა და კახეთში.
კოლტი ნახევრადძლიერი საძირეა, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში, ისტ-მოლინგის სადგურზე, მ. ტაიდემანის მიერ ბალის და ფსევდოცერასუსის შეჯვარებით. როგორც საძირე, რეგისტრირებულია 1977 წელს. საქართველოში შემოტანილია XX საუკუნის დასასრულს მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტის მიერ.
სადედე პლანტაციას აშენებენ ნახევრადბუჩქიანი ტიპის სახით. სექტემბრისთვის, ერთწლიანი ტოტები ქვედა ნაწილზე ივითარებს მოწითალო ფერის ამობურცულ ადგილებს, რომლებიც ვეგეტაციის დასასრულისთვის საჰაერო ფესვებად გარდაიქმნება. საჰაეროფესვებიან კალმებს პირდაპირ გადარგავენ პირველ მინდორში დასამყნობად, ხოლო უფესვო გამერქნებულ კალმებს ამუშავებენ ზრდის სტიმულატორებში და რგავენ დასაფესვიანებლად, გახარების კოეფიციენტი 50-60%-ია. პერსპექტიული საძირეა ბლის ნახევრადძლიერი ნარგაობის გასაშენებლად.
F12/1 – ბლის ძლიერი ზრდის საძირეა. შერჩეულია დიდ ბრიტანეთში ისტმოლინგის სადგურზე, გარეული ბლის ნათესარებიდან. ხასიათდება დაფესვიანების შედარებით მაღალი უნარით, ამიტომ ამრავლებენ ჰორიზონტალური და ვერტიკალური ამონაყრებით. სადედე ბუჩქის მიწის შემოყრის გზით იღებენ 4-7 დაფესვიანებულ საძირეს. ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში ძლიერი ზრდის ბლის ნერგების წარმოებისთვის.
გიზელა 5 (Gisela – „გიესენის სელექციურ მიღწევა“) – ახალი პერსპექტიული გერმანული ნაგალა საძირეა, მიღებულია გერმანიაში გიესენის უნივერსიტეტის სასელექციო პროგრამის განხორციელების შედეგად 1981 წელს. წარმოადგენს სახეობათაშორის ჰიბრიდს – (P. cerasus X P. canescens). საქართველოში შემოტანილია XXI საუკუნის დასაწყისში მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტის მიერ. გიზელა 5 წარმოადგენს ბლის პირველ, წარმატებულ ნაგალა საძირეს მსოფლიოში, რომელიც ამცირებს ხის ზომას 50 %-ით კულტურული ჯიშების ნათესარებთან შედარებით. ხის სიმაღლე აღწევს მხოლოდ 2.5-3.0 მეტრ სიმაღლეს. გიზელა 5 ხასიათდება კარგი თავსებადობით ბლის თითქმის ყველა სამრეწველო ჯიშთან და ნიადაგთან კარგი მოჭიდების უნარით, თუმცა ზოგ შემთხვევაში მაინც მოითხოვს საყრდენი სისტემის მოწყობას. მასზე დამყნილი ხე ივითარებს ფართო ვარჯს, რომლის ფორმირებაც შპინდელის წესით მარტივია.
გიზელა 5-ზე დამყნილი მცენარეები მოსავლიანობაში შედის ადრე – დარგვიდან მეორე წელს და ხასიათდება რეგულარული მოსავლიანობით. მცენარეების მსხმოიარობის ხასიათი განსხვავებულია ტრადიციულ საძირეებთან შედარებით – ნაყოფს ისხამს ძირითად ტოტებთან უფრო ახლოს და ამიტომ კრეფა გამარტივებულია. თუმცა ამ საძირეზე დამყნობილი მცენარეები მიდრეკილია მოსავლით გადატვირთვისა და სიწვრილისკენ.
გიზელა 5-ის გამრავლება ძირითადად ხდება მიკროკლონური გამრავლების მეთოდით, ან მწვანე კალმების დაკალმებით.
გარდა ამისა, უკანასკნელ წლებში მიმდინარეობს კვლევები ბლის ახალი პერსპექტიული ჯიშების დანერგვის მიზნით. როგორიცაა:
გიზელა 6, ვიქტორი, ინმილი, კამილი, CAB-6P, Ma X Ma 14, Ma X Ma 97, P -HL-A, SL 64 და სხვა.
ბლის სხვადასხვა საძირეების ზრდის სიძლიერე საძირეები სხვა კულტურებისთვის ალუბლისთვის გამოიყენება იგივე საძირეები, როგორც ბლისა და სხვა დანარჩენი კულტურებისთვის, რომლებიც მყნობით მრავლდება. გამოიყენება შემდეგი საძირეები:
კომში – კულტურული ჯიშების ნათესარები,
კომში MA, კომში MC, კომში BA29 და სხვა;
ზღმარტლი – ზღმარტლის ნათესარები და კომში;
შინდი – შინდის ნათესარები;
ნუში – მწარე და ტკბილი ნუში;
კაკალი – ჩვეულებრივი კაკალი, შავი კაკალი;
აღმოსავლური ხურმა – კავკასიური ხურმა.