ხილსა და ბოსტნეულში ნიტრატების შესახებ კვლევის შედეგები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნიტრატების შემცველობის კვლევის მიზნით, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ხილისა და ბოსტნეულის 60 ნიმუში აიღო. აღებულ ნიმუშებს კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიებში ჩაუტარდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამ ეტაპზე ცნობილია 40 ნიმუშის შედეგი. ლაბორატორიული კვლევის თანახმად, ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა ნესვის ორ ნიმუშში, რომლებიც ბათუმსა და ქუთაისშია აღებული. ერთ შემთხვევაში ნიტრატების რაოდენობა 480 მგ/კგ, ხოლო მეორე შემთხვევაში – 212 მგ/კგ (ნორმა – 90 მგ/კგ) იყო.

უწყების ცნობით, ამ შედეგის შესახებ ეცნობათ ბიზნესოპერატორებს და მათვე დაევალათ სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.

ნიტრატების შემცველობაზე ხილ-ბოსტნეულის კვლევა გრძელდება. უკვე აღებული 20 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობაზე ბაზრის მონიტორინგი 15 ივლისს მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკოლოგმა, გაეროს ექსპერტმა ხათუნა ახალიამ სეზონური პროდუქტების დაბინძურების თემაზე ბრიფინგი გამართა. ექსპერტმა ის სეზონური პროდუქტები დაასახელა, რომლებშიც ნიტრატები დაშვებული ნორმის მაქსიმუმს სამჯერ აღემატება. ეს პროდუქტებია საზამთრო და ნესვი.

წყარო:https://imedinews.ge/ge/ekonomika/70445/sazamtroshi-nitratebis-shemtsvelobis-kvlevis-shedegebi-tsnobilia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.