ხონთქრის ქათამი საქართველოში ვოლიერში პირველად გამრავლდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნულ საშენ მეურნეობაში „წითელი წიგნში“ შეტანილი ფრინველის, ხონთქრის ქათმის, იგივე პორფირიონის წიწილები გამოიჩეკა.
პორფირიონი, ხონთქრის ქათამი (ლათ. Porphyrio porphyrio) — ლაინასებრთა ოჯახის ფრინველი. გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, სამხრეთ აზიაში, აფრიკაში, ავსტრალიასა და დასავლეთ პოლინეზიაში, აღმოსავლეთ დაღესტანსა და აზერბაიჯანში, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქმენეთში. წინათ საქართველოში გვხვდებოდა ჯანდარისა და კუმისის ტბებზე.
პორფირიონი ბინადრობს ზღვებისა და მტკნარი წყალსატევების პირას, ხშირ ლერწამ-ლელქაშში, ბუდეს იკეთებს მიწაზე. მისი სხეულის სიგრძე 45 სმ აღწევს. ცხოვრობენ წყვილებად, აპრილში დედალი დებს 5-7 (ჩვეულებრივ 3-5) კვერცხს, კრუხობს ორივე მშობელი 22-25 დღე-ღამეს. იკვებება მცენარეული საკვებით, უმნიშვნელო რაოდენობით მწერებით. მეტად იშვიათად ჭამს ბაყაყს, ფრინველის მართვეს. შეტანილია „წითელ წიგნში“.
2016 წლიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნულ საშენ მეურნეობაში ენდემური ველური ფაუნის ადგილობრივი სახეობების მოშენება ხდება.
გარეულ ფრინველთა ორნიტოფაუნა 2017 წელს აშენდა, მოეწყო ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები და საინკუბატორო საწიწილე ნაგებობები.
ღეისათვის, მეურნეობაში 700 ფრთა კაკაბი, 100 ფრთა კოლხური ხოხობი და 20 ფრთა ე.წ. „ლურჯი ფრინველი“ ანუ ხონთქრის ქათამი ბინადრობს.
ეროვნულ საშენ მეურნეობაში „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ფრინველის, „ლურჯი ფრინველის“ანუ ხონთქრის ქათმის წიწილები გამოიჩეკა
Posted by ეროვნული საშენი მეურნეობა / National Nursery on ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2019