ხორბალი – საქართველოს სტრატეგიული სასოფლო-სამერნეო კულტურა (საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში)

2019 წლის 2-4 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “ხორბალი ევროპის ქვეყნებში და საქართველო, როგორც ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი კერა”.

აღნიშნული კონფერენცია  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებდა საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საზღვარგარეთიდან მოწვეული მეცნიერების მისალმებებს, პლენარულ სხდომას და სამეცნიერო მოხსენებებს.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ პროფ. ანტონიო მიშელე სტანსა (იტალია) – ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის პრეზიდენტი, მოდენას და რეჯიო ემილიას უნივერსიტეტი; პროფ. მიშელ ტიბიერი (საფრანგეთი) – საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია; პროფ. ალექსეი მორგუნოვი (თურქეთი) – ჩIMMYთ – ხორბლისა და სიმინდის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრი, თურქეთის ოფისის ხელმძღვანელი; პროფ. ჟოზე ლუის არაუს ორტეგა (ესპანეთი) – ბარსელონას უნივერსიტეტი; აკად. იგორ გრინუკი – უკრაინის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია; პროფ. ტოფიკ ალახვერდიევი – აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია.

საქართველოდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს ტექნიკური, სამედიცინო, აგრარული, ბათუმის შოთა რუსთაველის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტები, სამეცნიერო ცენტრები, კერძო ასოციაციები, კომპანიები, ფირმები, საზოგადოებრივი კავშირები, თბილისის პურის ქარხნები და კომპანიები და ა. შ.

კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ. აღინიშნა, რომ აუცილებელია მსოფლიო მეცნიერებმა უფრო დეტალურად შეისწავლონ საქართველოში გავრცელებული კულტურული და ველური სახეობები თანამედროვეობის კვლევის მეთოდების გამოყენებით, რომელიც უნდა გახდეს ახლო მომავალში ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა, რაც სრულად შეესაბამება აღნიშნული კონფერენციის ძირითად თემას.

კონფერენციას მიესალმნენ და წარმატებული მუშაობა უსურვეს სტუმრებმა საზღვარგარეთიდან, შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მეცნიერების სამმართველოს უფროსმა ზ. მარგველაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსებმა ე. ზვიადაძემ და ნ. ხოხაშვილმა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ მ. თურმანიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა პროფ. გ. ქვარცხავამ, ა(ა)იპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პროფ. ლ. უჯმაჯურიძემ, საქართველოს ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების თავმჯდომარემ ლალი მესხმა, პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ, პროფ. მ. დოლიძემ.

კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებულ მოხსენებებში მკაფიოდ აღინიშნა, რომ ხორბალი საქართველოში ენდემური და განსაკუთრებული, სტრატეგიული სასოფლო-სამერნეო კულტურაა, რასაც განაპირობებს მისი მდიდარი ისტორია, დიდი აგრონომიული და ეკონომიკური მნიშვნელობა.

სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულია, რომ მსოფლიოში ცნობილი ხორბლის 20 სახეობიდან 12 სახეობის სამშობლოა წინა აზია, ხოლო 8 სახეობა წარმოიშვა სამხრეთ კავკასიიდან. მათგან 5 საქართველოს ენდემია.

სულ საქართველოში აღწერილია ხორბლის 14 სახეობა, 150-ზე მეტი სახესხვაობა, ფორმა და აბორიგენული ჯიში.

ხორბლის ენდემური სახესხვაობებისა და ფორმების სიმრავლით საქართველოს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.

ქართველი მეცნიერების მოხსენებებში აღინიშნა, რომ ამჟამად, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთო სისტემაში გამოკვეთილი პოზიცია უკავია მემარცვლეობას, კერძოდ ხორბლის წარმოებას, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას.

თუ გავითვალისწინებთ სოფლის მეურნეობის განვითარების დღევანდელ და შორეული პერსპექტივის მოთხოვნებსა და მოტივაციებს, მარცვლეულის, უპირატესად კი ხორბლის წარმოების ტემპებისა და მასშტაბების ზრდას პრიორიტეტული და სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება. მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ ამ პირობებს განაპირობებს: ჯერ-ერთი დარგის განვითარების დონის შეუსაბამობა არსებულ რესურსულ პოტენციალთან; მეორე-ხორბლის წარმოების რეალური და მზარდი ტექნოლოგიური და ეკონომიკური შესაძლებლობები; მესამე-ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების შეუფერხებელი უზრუნველყოფის აუცილებლობა; მეოთხე-მემარცვლეობის განვითარების სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მრავალდარგოვანი სტრუქტურა, რაც ობიექტური ბუნებრივ-ეკონომიკური პირობების გავლენით არის ჩამოყალიბებული, საშუალებას არ იძლევა ძირითადი სასურსათო პროდუქტები, მათ შორის სასურსათო და საფურაჟე ხორბალი, ვაწარმოოთ იმ მოცულობით, რომ მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს, როგორც საქართველოს მოსახლეობის, ისე, მითუმეტეს, ტურისტებისა და საკურორტო და სამკურნალო კერებში მყოფ დამსვენებელთა მოთხოვნილება.

პერსპექტივაში კი, თუ გავითვალისწინებთ და მხედველობაში მივიღებთ ინტენსიურ ტექნოლოგიებს, და სელექციისა და გენეტიკის მიღწევებს ამ შემთხვევაში, საქართველო, საკუთარი წარმოებით შეძლებს დაიკმაყოფილოს ხორბალზე სასურსათო მოთხოვნილება, მაგრამ, ეს, ჯერ-ჯერობით თეორიულ და მეცნიერულ ჩარჩოებს არ სცილდება.

კონფერენციამ აღიარა, რომ საქართველომ ხორბლის კულტურის სახით მსოფლიოს უნიკალური მრავალფეროვნება შეუქმნა, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას თანამედროვე ინტენსიური ტიპის ხორბლის ჯიშები. სწორედ ამიტომ სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს შორის მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა, სამეცნიერო ფორუმების სისტემატური ჩატარება საშუალებას მოგვცემს განისაზღვროს ქვეყნების სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები.

კონფერენციის ფარგლებში აკადემიაში მოეწყო საქართველოში კულტივირებული ხორბლის ჯიშებისა და ქ. თბილისის პურის მწარმოებელთა პროდუქციის გამოფენა, რომელმაც კონფერენციის სტუმრებისა და მონაწილეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. აღნიშნული გამოფენის მოწყობაში აქტიურად მონაწილეობდნენ ფირმა „ლომთაგორა“, ა(ა)იპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, პურის მრეწველთა კავშირი და კომპანიები „მზეთამზე“, „მარგი“, „იფქლი დიღომი“, „იფქლი გლდანი“, „ქართული პურის სახლი“, „კევრი“, მეყველეთა ასოციაცია, თელავის ჩურჩხელების საწარმო და ა.შ.

ჩატარდა კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებებიც – ექსკურსიები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, სადაც ინახება 8 000 წლის წინანდელი ქართული ხორბლის უნიკალური ჯიშები და კახეთის რეგიონში (ბოდბე, სიღნაღი).

ელგუჯა შაფაქიძე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიის
აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, სსმმა აკადემიკოსი