„ხორბლის მარაგის შექმნასთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემა არ არის და შეფერხება არ იქნება“

„დღეს, მსოფლიოში სავაჭრო ნაკადები შეცვლილია, რაც უკავშირდება, ძირითადად, სავაჭრო შეზღუდვებს და არა იმას, რომ სურსათის მარაგები მცირეა. შეზღუდვები დააწესა ბევრმა ქვეყანამ. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ევრაზიულმა კავშირმაც; ეს შეზღუდვა უკავშირდება ბურღულეულს, ზოგიერთ ბოსტნეულს და ასევე, პირველადი მოხმარების ჰიგიენურ და დახმარე სამედიცინო საშუალებებს.

ჩვენ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ განვაცხადეთ, რომ კრიზისულ სიტუაციაში ველოდით ასეთ ვითარებას და მუშაობა დავიწყეთ ალტერნატიულ წყაროებზე, რათა მაქსიმალურად დივერსიფიცირებული იყოს პირველადი საჭიროების პროდუქტებით მომარაგება.

რაც შეეხება ხორბალს, რომელიც პირველადი მოხმარების ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, რუსეთმა შეზღუდვები შემოიღო, წესდება  ლიმიტები, თუმცა, რუსეთში კერძო კომპანიები, ძირითადი ექსპორტიორები და ექსპორტიორთა კავშირი აცხადებს, რომ დღეს რუსეთში არსებობს ხორბლის საკმარისზე მეტი მარაგი და ასევე ელოდებიან ახალ მოსავალს.

ზოგადად მსოფლიოში და განსაკუთრებით კი რეგიონში ხორბლის ჭარბი მოსავალი იყო. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ფასები არ გაიზრდება და, შესაძლოა, შემცირდეს კიდეც.

კვოტირების რეჟიმშიც კი, ჩვენ ვახერხებთ იმ კონტრაქტების შესრულებას, რომლებიც საქართველოში ხორბლის საკმარის მარაგს უზრუნველყოფას დროის მთელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მივიღებთ უფრო მკაცრ შეზღუდვებს ექსპორტთან დაკავშირებით, რომელსაც რაციონალური საფუძველი არ აქვს ჭარბი მოსავლიანობის გამო, ჩვენ გვაქვს ალტერნატიულ წყაროებთან კავშირი მარაგების შესავსებად.

პური, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი პირველადი მოხმარების პროდუქტია, უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის ფასად. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ხორბლის მარაგთან და შესყიდვასთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემა არ არის, შეფერხება არ იქნება“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.