ხორბლის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა საქართველოში არნახულად დაბალია

 საქსტატის“ მონაცემებით 1913 წელს საქართველოში ხორბალი 168 200 ჰექტარზე დაითესა, საიდანაც 118 200 ტონა მარცვალი აუღიათ, ანუ ჰექტარზე საშუალოდ _ 7 ცენტნერი. მეორე მსოფლიო ომის წინ, 1940 წელს ხორბალი 232 800 ჰექტარზე დაუთესიათ და მთლიანად 102 700 ტონა მარცვალი, ანუ ჰექტარზე 4,3 ცენტნერი აუღიათ.

მეორე მსოფლიო ომისშემდგომ პერიოდში საქართველოში ხორბალი 231 800 ჰექტარზე ყოფილა დათესილი, საიდანაც 176 700 ტონა მარცვალი — ანუ ჰექტარზე 7,6 ცენტნერი გაულეწიათ, რაც უკიდურესად დაბალი მაჩვენებელია, თუმცა ეს შეიძლება ობიექტური მიზეზებით აიხსნას. საქართველოში მაშინ ჯერ კიდევ არ იყენებდნენ მინერალურ სასუქებს, არ იყო შესაბამისი პირობები, აგროტექნიკა… გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან ქვეყანაში ხორბლის მოვლა-მოყვანის აგროტექნიკა თანდათან დაიხვეწა, სელექციის შედეგად შეიქმნა და დარაიონდა უხვმოსავლიანი ჯიშები. 1985 წელს ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობა უკვე 23 ცენტნერს აჭარბებდა, ხოლო 1990 წელს საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 29,3 ცენტნერამდე გაიზარდა, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

2001 წლის შემდეგ ხორბლის შედარებით უხვი მოსავალი 2003 წელს მოვიწიეთ. მას შემდეგ დარგის შეუქცევადი დეგრადაცია დაიწყო, რაც დღემდე გრძელდება. კერძოდ, 2003 წელს ხორბალი 117 ათას ჰექტარზე დაითესა, მივიღეთ 225 ათასი ტონა მოსავალი. მაშინ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელმა 24% შეადგინა. 2007 წელს ხორბალი 45 ათას ჰექტარზე დაითესა, მოსავალმა კი 75 ათას ტონას მიაღწია. ამ დროს ხორბლით ქვეყნის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 18,9%-მდე შემცირდა. 2008 წელს ხორბალი 48,6 ათას ჰექტარზე დაითესა, საიდანაც ფერმერებმა 80 ათასი ტონა მარცვალი აიღეს. თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი დაახლოებით 12% იყო, 2010 წელს კი თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 9%-მდე შემცირდა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ქვეყანაში საშუალო საჰექტრო მოსავლიანობა ჰექტარზე13 ცენტნერის ფარგლებში მერყეობდა, წლეულს კი ეს მაჩვენებელი უკიდურეს ზღვარს ჩამოსცდა, რაც ანომალურმა სიცხეებმა და არა კონდიციური`არასერტიფიცირებული სათესლე მასალის თესვამ გამოიწვია (იმედია წელს მიღებული კანონი, სათესლე მასალის სავალდებულო სერთიფიცირების შესახებ, თანდათანობით გამოასწორებს ამ პრობლემას).

ბუნებაში არაფერი იკარგება, თუ ხორბლის სახეობა არის გამძლე, ამტანი და ხასიათდება დაავადების მიმართ იმუნიტეტის თვისებებით, მაშინ მისი მირთმევის შემთხვევაში ეს თვისება ადამიანებშიც გადადის, სწორედ ამ თვისებებს აქცევდნენ ყურადღებას ჩვენი წინაპრები.

სოფლის მეურნეობის  წარმოების საფუძველია მწვანე მცენარე. მხოლოდ მას აქვს უნარი გამოიყენოს მზის სხივური ენერგია, მოახდინოს მისი აკუმლირება ნაყოფში, ნიადაგსა და ჰაერში არსებული არაორგანული ნივთიერებიდან შექმნას ორგანული ნივთიერება , ადამიანისთვის შესათვისებელ ფორმაში, რომელიც სიცოცხლის ენერგიის წყაროა.

ბოლო წლებში ხორბლის ნათესები თითქმის სამჯერ შემცირდა, გაუარესდა მოსავლიანობა. აშკარაა, რომ ქვეყანაში ამ კულტურის როლი და მნიშვნელობა ჯეროვნად არ არის შეფასებული და გაცნობიერებული. ხორბალი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მთავარი განმსაზღვრელი კულტურაა, მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა ის არის, რომ კრიტიკულ მომენტებშიც კი მარცვლეულს მოსახლეობის ფიზიკური არსებობის შენარჩუნება შეუძლია. მარცვალი ადვილად შესანახია, რაც მისი დიდი უპირატესობაა. იოლია სტრატეგიული რეზერვების შექმნაც. ამასთან, იგი პირდაპირ უკავშირდება მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებასა და შიდა მატერიალური დოვლათის შექმნას.

დღეს ქვეყანა მთლიანად იმპორტირებულ ხორბალზეა დამოკიდებული, არადა გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოში არახელსაყრელი კლიმატური (გლობალური დათბობა) თუ სხვა ფორსმაჟორული პირობების გამო შეიძლება ხორბლის რესურსი იმდენად შემცირდეს, რომ ხორბლის შეძენა გაჭირდეს და ჩვენ მარცვლის გარეშე დავრჩეთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხორბლის გენეტიკური პოტენციალი შენარჩუნდა, მოსახლეობის მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილება ძალიან გართულდება, რადგან კლიმატის ცვლილება მომდევნო ათწლეულების მანძილზე მოსავლიანობას დიდი სირთულეების წინაშე დააყენებს.

ცხადია, გამოსავალი ხორბლის ადგილზე წარმოებაა, მაგრამ, როგორც წესი, ჩვენთან წარმოებული პროდუქცია იმპორტირებულზე ძვირია.

ხორბალი ერთწლიანი კულტურაა და დათესვის პირველსავე წელს იძლევა მოსავალსაც და ფინანსურ შედეგსაც, მაგრამ იმისთვის, რომ მარცვლეულის წარმოება ხელსაყრელი გახდეს, ქვეყანაში მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს ხორბლის ნათესი ფართობების მოცულობა და საჰექტრო მოსავლიანობა,  რათა იმპორტი უახლოეს პერიოდში 50 %-ით შემცირდეს და შემდგომშიც მოხდეს მზარდი დინამიკის შენარჩუნება. საამისოდ რეალური სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაა საჭირო, რაც მეხორბლე ფერმერებთან ერთად უნდა გაკეთდეს. საქართველომ მარცვლეულზე საკუთარი მოთხოვნილება თავადვე უნდა დაიკმაყოფილოს. ქვეყანაში ამის რესურსი არსებობს, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ!

კახა ლაშხი, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი,

აგრო-სამეცნიერო ჯგუფი ლომთაგორა“,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“

 

.