კომპანია შირაქს ხარისხის ნიშანი გადაეცა

ხარისხის ნიშნის  პრეზენტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთაწმინდის პარკში გამართა.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაცია ჩაისა და თაფლის ფესტივალის ფარგლებში მოეწყო. ფესტივალის ფარგლებში წრმოდგენილი იყო ათობით კომპანია, რომლებსაც გადაეცათ ხარისხის აღმნიშვნელი სხვადასხვა ნიშნები. უწყების ახალი რეგულაციით – „ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების წესით“, განსაზღვრულია 11 კლასიფიკაციის ხარისხი და ხარისხის აღმნიშვნელი ნიშანი, მათ შორის – „დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა“, „დაცული ადგილწარმოშობის დასახელება“, „ტრადიციული პროდუქტი“, „ქართული ხარისხი“, „ბალახით ნაკვები“,  „ხელით დამზადებული“, „მთის პროდუქტი“,  „ტყეში ნასუქი“, „პირდაპირი დაწურვის წვენი“, „ბიოპროდუქტი“, „ბიოწარმოებაზე გარდამავალი“. სასურსათო პროდუქტზე ხარისხის ნიშნის მინიჭება ნებაყოფლობითი პროცედურაა და მინიჭება საქართველოს კანონმდებლობით და აღნიშნული წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება.

პრეზენტაციაზე კომპანიის წრმომადგენლებს ხარისხის ნიშნები პრემიერმინისტრმა  მამუკა ბახტაძემ გადასცა.

მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში განსაკუთრებით გაიზარდა მცირე საწარმოების რიცხვი, რომლებიც აწარმოებენ ნატურალურ თაფლს, ასევე იწყებენ ჩაის წარმოებას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ისინი, ვინც ხარისხის ნიშნის მიღებით უპირველეს ყოვლისა მოგებული დარჩებიან, იქნებიან თაფლისა და ჩაის, ღვინის, ყველისა  და სხვადასხვა რძის პროდუქტის მწარმოებლები. ჩვენ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გადავიყვანოთ მთელი სოფლის მეურნეობის წარმოება ბიოლოგიურად სუფთა, ხარისხიან წარმოებაზე. ეს ჩვენი ქვეყნისთვის უნიკალური შანსია “, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

ხარისხის ნიშანი მიიღო კომპანია “შირაქმა”, რომელიც რძის პროდუქციით იყო წარმოდგენილი ფესტივალზე . მისმა დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ აღნიშნა: “ახლახანს დაიწყო ხარისხის ნიშნის დატანა პროდუქციაზე, რომელიც ითვალისწინებს ამა თუ იმ პროდუქციის ხარისხის მაჩვენებელს, რაც განპირობებული იქნება სპციალური ეტიკეტით. ეს რა თქმა უნდა შემდგომში საკმაოდ გაზრდის სანდოობის ხარისხს და დაიცავს მეწარმეს, ბაზარს და მომხმარებელს არაჯანსაღი საკვებისგან. ხარისხის ნიშნის მეშვეობთ მათ ეცოდინებათ, რომ ყიდულობენ ჯანსაღ პროდუქტს, რომელიც საქართველოში არცთუ ისე ბევრია, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქვეყანას საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია მათ საწარმოებლად. ხარისხის ნიშნის ქვეშ არსებული პროდუქტები აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ამან უკუშედეგიც გამოიღოს. “

წყარო: brandnews.ge